"ხახულში რომ მივდივართ, მოლა გასაღებს გვაძლევს და შევდივართ..." - კვირის პალიტრა

"ხახულში რომ მივდივართ, მოლა გასაღებს გვაძლევს და შევდივართ..."

"დამასკოდან 53 კილომეტრში ვიპოვე მალულას მთიანი დასახლება, რომლის მოსახლეობაც არამეულად, ქრისტეს ენაზე საუბრობს... იქვე იყო ღვთისმშობლის მონასტერიც და წმინდა მოწამე თეკლას საფლავიც. იმ ადგილას სამკურნალო წყაროც გადმოდის"

მთელი აზია შემოიარა - ხან მარტომ, ხანაც ტურისტებთან ერთად. რამდენიმე ენაზე საუბრობს. ინგლისური, გერმანული, რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, არაბული, შუმერული, აქადური, ხეთური, ურარტუული იმიტომ ისწავლა, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დანატოვარი დედანში წაეკითხა. ახლა აფხაზურით არის გატაცებული, რათა თურქეთში მცხოვრებ აფხაზ მუჰაჯირებთან ურთიერთობა არ გაუჭირდეს. 250-ჯერ იყო ტაო-კლარჯეთში. 11 წელია ექსკურსიამძღოლია და ამ დროის განმავლობაში ნანახმა გადააწყვეტინა ენათმეცნიერებაშიც ემუშავა. ჩვენი სტუმარია ისტორიკოსი მთვარისა თარხნიშვილი.

ტაო-კლარჯეთი

- ახალციხეში, სოფელ ვარგავში გავიზარდე, ახლა ის თითქმის დაცლილია, ორი-სამი ოჯახიღა დარჩა. სომხების გარემოცვაში ვიყავი. ქართველ კაცებს გარშემო სოფლებიდან სომეხი გოგონები მოჰყავდათ ცოლად, მერე ისინი შვილებს სომხურად ელაპარაკებოდნენ, მე კი მათთან ვერ ვითამაშებდი, ენა რომ არ მცოდნოდა...

გიდობა ჩემი მთავარი პროფესიაა, რომელმაც მომცა საშუალება, დამატებით რამდენიმე პროფესიაც ამეთვისებინა. 250-ჯერ ვიყავი ტაოში. ახლა დისერტაციას ვწერ თემაზე, რამდენად შეიცვალა ტაოს ტოპონიმიკა გურჯისტანის ვილაიეთიდან დღემდე. ძველი ტოპონიმი ნამდვილად ქართულია, შემდეგ თარგმანებში ბევრი რამ დაამახინჯეს, ისე დაწერეს, როგორც ესმოდათ. მაგალითად, ტაოში ქაჯის ციხე არავინ იცის, მაგრამ შაითან-ქალე იციან; არტანუჯის ნაცვლად არდანუჯი წერია. ამ მხრივ რუსებმაც კარგად "იმუშავეს" - ყარსის ნაცვლად "კარსია" და სხვა...

- ტაოში პირველად როდის ჩახვედით? - 2007 წელს. ადგილობრივებს ეგონათ, ოქროს ვეძებდით და თვალს არ გვაცილებდნენ, პოლიციაც გამოიძახეს. ვიხუმრეთ კიდეც, ეს ჩვენი პაპაი ოქროა, რომლის წაღება არ შეგვიძლია-მეთქი.

პირველად ხახულში გახსნილ მეჩეთში ფეხზე გახდამ რომ მომიწია, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, თუმცა გუმბათის ყელს რომ ავხედე, რამხელა ჯვარი იყო გამოსახული, თითქოს დავმშვიდდი. მერე იმასაც მივხვდი, იქ მეჩეთი რომ არ ყოფილიყო, დაანგრევდნენ...

ტაო-კლარჯეთი რომ დავტოვე, რამდენიმე თვეში მეუფე თევდორემ დამირეკა, ხანძთაში ბოლოს რომ იყავი, გუმბათის ყელი იყოო? თურმე დიდთოვლობის გამო ჩამონგრეულა. რომ ჩავედი და ჩემი თვალით ვნახე, ისე განვიცადე, როგორც მშობლების გარდაცვალება. იმ ძეგლმა ჩვენამდე მოაღწია, მაგრამ ვერ ვუპატრონეთ.

- რესტავრაცია შეუძლებელი იყო? - ამაზე წლებია ლაპარაკობენ, მაგრამ თავი ვერ მოაბეს... იშხანს ჩაუტარდა რესტავრაცია და კარგი იქნებოდა, ქართველი სპეციალისტებიც ყოფილიყვნენ ჩართული. შედარებით კარგი ვითარებაა პარხალში, რომლის აღდგენაშიც ქართველი ბიჭი მონაწილეობდა. როგორ ვიცი, ახლა ოშკის რესტავრაციაში ქართველი ხუროთმოძღვრები მონაწილეობენ.…წლების განმავლობაში ადგილობრივების დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა, დათბნენ და კეთილად გვიღებენ. ხახულში რომ მივდივართ, მოლა გასაღებს გვაძლევს და შევდივართ.

- იქაურ ქართველებთანაც გექნებათ ურთიერთობა. - დიახ, და სიამაყით უნდა ვთქვა, რომ იქაურებისგან ქართველობას ვსწავლობ. პარხლისხეობელ ერთ ბიჭს ვიცნობ, ონური ჰქვია, სტამბოლში სწავლობს და ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს მღერის. საქართველოშიც ხშირად ჩამოდის, სხვებზე ნაკლებად არ უყვარს თავისი სამშობლო.

წლების წინ ტურისტები წავიყვანე და ერთი ცუდად გახდა. იუსუფელში ვიყავით და იქაურ ქართველებს ვკითხე, საავადმყოფო სად არის-მეთქი? მანქანაზე საქართველოს სახელმწიფოს სანომრე ნიშნები რომ დაინახა, ჩვენებურები ყოფილხართო, მითხრა და საავადმყოფოში წამოგვყვა. მაშინ სამოგზაურო დაზღვევა არ იყო და ვფიქრობდი, მეყოფოდა თუ არა თანხა ამ ხარჯის დასაფარავად. საავადმყოფოში ის კაცი მოულოდნელად დაგვემშვიდობა, თურმე ხარჯი გადაუხდია და იმიტომ წავიდა, რომ ჩვენ არ შევწუხებულიყავით.

- აფხაზ მუჰაჯირებს თუ შეხვედრიხართ? - კი. არის სოფლები, სადაც ქართველები და აფხაზები კომპაქტურად ცხოვრობენ და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ... ვიცი, ბოლო წლებში აფხაზ მუჰაჯირებს აფხაზეთის მოსახლეობასთან აქტიური კავშირი აქვთ. ახლა აფხაზურს ვსწავლობ, რათა მათთან ურთიერთობა შევძლო. დედით ქართველმა აფხაზმა მითხრა, ქართველთან გასაყოფი რა მაქვსო. ერთნაირი ტრადიციები აქვთ, სამზარეულოც....

ქალაქ ინეგოლში ქართული დასახელების მაღაზიებსა და სხვა ობიექტებს შეხვდებით. ერთხელ სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად წავედით. უცებ ჩხუბი ატყდა, აღმოჩნდა, რომ ინეგოლის მერი, მისი დაცვა, პოლიციის უფროსი და კიდევ სხვები ქართველები ყოფილან და გავიგონე, თურქებმა რომ თქვეს, არ შეგვჭამეს ამ ქართველებმაო...

სირია

- როგორც ვიცი, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სირიაშიც იმოგზაურეთ.

- მთელი აზია შემოვლილი მაქვს. პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე ვარ. მინდოდა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შუმერული "გილგამეში" დედანში წამეკითხა. ერაყშიც წავედი, რათა შუმერების სამფლობელო მენახა, მაგრამ ყველაფერი დანგრეულია...

თურქეთი, ეგვიპტე, ერაყი, ირანი... ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სირიამ მოახდინა. იქ 2011 წლის მარტში ჩავედი. ბევრ ტურისტს აინტერესებდა ამ ქვეყნის ნახვა, ამისთვის ჯერ მე უნდა მემოგზაურა, რომ ყველაფერში გავრკვეულიყავი. არაბულ ენაში რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ ჩავედი, 3 კვირა დავრჩი და მთელი სირია შემოვიარე. პალმირის სილამაზის გადმოცემა ძნელია, ახლა ეს ქალაქი მიწასთან არის გასწორებული.

მიუხედავად იმისა, რომ მულტიკულტურული ქვეყანაა და სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ხალხი ცხოვრობს, ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. რომ წამოვედი, ორ დღეში ომი დაიწყო. როდესაც ამ საშინელ კადრებს ვუყურებდი, გაოგნებული ვიყავი... სირია მშვიდი და სტაბილური ქვეყანა იყო, ძალიან დაბალი ფასებით. 100 დოლარი რომ სირიულ გირვანქაზე გადავახურდავე, დამასკოში სასტუმროც ვიქირავე, ტრანსპორტის ფულიც მქონდა და რამდენიმე დღის სამყოფი თანხაც.

VII საუკუნეში სირიის მმართველი ომაიანების დინასტიის აშენებული მეჩეთიც დავათვალიერე, ის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ქრისტიანები რომ ვამბობთ, თუ იერუსალიმში არა ხარ ნამყოფი, კონსტანტინოპოლი მაინც უნდა მოილოცოო, მათ აქვთ ასეთი გამოთქმა: თუ მექაში არა ხარ ნამყოფი, ომაიან=ების მეჩეთი მაინც უნდა ნახოო. იქაური ლეგენდის თანახმად, ოდესღაც აქ იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი იყო დაბრძანებული, მუსლიმანებიც დიდ პატივს სცემდნენ, ყოველდღე ცვლიდნენ ხალიჩებს... როდესაც ვიკითხე, ომაიანების მეჩეთთან როგორ მივიდე-მეთქი, სირიელმა გოგონამ მითხრა, ალბათ, ეკლესიას ეძებ და სიტყვა ხომ არ შეგეშალაო - ჩემი ჩაცმულობით მიხვდა, რომ მუსლიმანი არ ვიყავი. განსხვავებით ირანისგან, სადაც თავსაფრისა და დახურული ტანსაცმლის გარეშე ქუჩაში ვერ გახვალ, იქ თავისუფლად მეცვა. ის გოგონა გამომყვა მეჩეთამდე და ყველაფერი ამიხსნა.

ქუჩაში გამვლელი თუ გამომელაპარაკებოდა, მეკითხებოდა, რომელ აღმსარებლობას მივეკუთვნებოდი. რომ ვეტყოდი, ქრისტიანი ვარ-მეთქი, ქრისტიანები ჯვარს მაჩვენებდნენ.

დამასკოდან 53 კილომეტრის დაშორებით ვიპოვე მალულას მთიანი დასახლება, რომლის მოსახლეობაც არამეულად, ანუ ქრისტეს ენაზე საუბრობს. იქვე იყო ღვთისმშობლის მონასტერიც და წმინდა მოწამე თეკლას საფლავიც. გადმოცემის თანახმად, როდესაც კონიის მმართველის შვილმა თეკლამ გადაწყვიტა ქრისტიანობის მიღება, მამას კი შვილის გათხოვება სურდა, გოგონა გაიპარა, მამამ კი მდევარი დაადევნა. იმ ადგილას, სადაც თეკლა სალოცავად გაჩერდა, მდევარსა და მას შორის კლდე ჩამოიშალა და გოგონა ჩაიმარხა. ახლა იქ სამკურნალო წყარო გადმოდის...

მონასტერს სასტუმროც ჰქონდა და ეს მიწიერი სამოთხე ისე მომეწონა, ერთი კვირა დავრჩი. ყველა საეკლესიო რიტუალს ვესწრებოდი. იქაურმა იღუმენიამ ეს შენიშნა და გამომელაპარაკა. რომ ვუთხარი, საქართველოდან ვარ-მეთქი, გაიღიმა, თქვენს პატრიარქს შევხვედრივარ, დამასკოს პატრიარქთან ერთად ვიყავიო. არაბულად ვსაუბრობდით, იმდენად კარგად გავუგეთ ერთმანეთს, მთხოვა, დარჩიო. აღდგომის მარხვა იყო და იღუმენია ძალიან ზრუნავდა ჩემზე. ვფიქრობდი, კიდევ ჩამოვალ, აქ ვიცხოვრებ და თან არამეულს ვისწავლი-მეთქი, მაგრამ ჩემი წამოსვლიდან ორ დღეში ომი დაიწყო... მათი ამბები რომ გამეგო, ძალიან ბევრი ვიწვალე. მალულას მონასტრის მონაზვნები ორი კვირა ტყვედ ჰყავდათ, მაგრამ ზედმეტი არაფერი უკადრებიათ, შემდეგ გაუშვეს. მონასტერიც გადარჩა, ალბათ, მეჩეთად გადააკეთებდნენ.