წითელი ისტორია - კვირის პალიტრა

წითელი ისტორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის დიდ დარბაზში "წითელი ისტორია" გამოიფინა. გამოფენის ორგანიზატორმა, სამინისტროს საარქივო სამმართველომ ყოფილი უშიშროების არქივში დაცული საიდუმლო ფოტოების ნაწილის გამოფენა მოაწყო. ამიერიდან  ნებისმიერი მოქალაქისათვის ხელმისაწვდომია გასული საუკუნის დასაწყისიდან 1990 წლამდე არსებული ყველა საარქივო მასალა.

საგამოფენოდ შეირჩა მხოლოდ 20-30-იანი წლების ამსახველი მასალა, რაც მეცნიერებს, ისტორიკოსებს, კულტუროლოგებსა და ექსპერტებს შესაძლებლობას მისცემს, ზუსტად აღადგინონ "წითელი ისტორია". ფოტოებს შორის შთამბეჭდავია "ბოლშევიკი", "მებრძოლი ცოლ-ქმრის ფოტო"; ასევე ბოლშევიკების მიერ დახოცილ, დასახიჩრებულ და გაშიშვლებულ ადამიანთა ფოტოები.

ჯემალ გახოკიძე, უშიშროების ყოფილი მინისტრი: - 1998 წელს ძალიან აქტუალური იყო ლუსტრაციის საკითხი. ამასთან დაკავშირებით შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომლის თავმჯდომარე და ამავე დროს, სახელმწიფო უშიშროების მინისტრი მე გახლდით. ორთვიანი მუშაობის შემდეგ დავასკვენით, რომ ლუსტრაციის კანონი ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ საქართველოს ისტორიის, მეოცე საუკუნის 20-50-იანი წლების  არქივების გახსნა მიზანშეწონილად მივიჩნიეთ.

თუმცა ამის განხორციელება მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი. ეს არის ჩვენი  ისტორია, რომელიც არ უნდა განმეორდეს, მაგრამ  უნდა ითქვას, რა ხდებოდა იმ დროს.

KvirisPalitra.Ge-  დოკუმენტები გრიფით - "საიდუმლო" ნამდვილად აღარ იარსებებს?

- შესაძლოა გრიფი  ზოგიერთ დოკუმენტს მოეხსნას, ვინაიდან იგი საიდუმლო აღარ არის, მაგრამ საიდუმლო დოკუმენტაცია ყველა სახელმწიფოში არსებობს. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო; ამ მასალების გამოქვეყნებამ ადამიანთა უფლებები არ უნდა შელახოს.

- რა მოხდება, თუ ერთ დღეს ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილ არქივებსაც გავხსნით?

- არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება, მხოლოდ ისტორიული მასალები უნდა გამოვამზეუროთ. ინფორმაცია ქვეყნის სპეცსამსახურის მუშაობის შესახებ  სრულიად საიდუმლო უნდა იყოს, ასე ხდება ნებისმიერ ქვეყანაში. თანამედროვე პერიოდის ლუსტრაცია ყველგან აკრძალულია.

ხშირად, როდესაც ლუსტრაციაზე საუბრობენ, ამბობენ, რომ არქივების გახსნა, შესაძლოა, საზოგადოებაში დაპირისპირების მიზეზი გახდეს. ამ საფრთხეს არ გამორიცხავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი ივანე ჯახუაც:

- ეს საფრთხე ყველამ უნდა გაითვალისწინოს. შესაძლოა, არქივში რომელიმე კონკრეტულ საქმეზე  მოწმეთა ჩვენებები იყოს დართული, მაგრამ მათი ვინაობის გამოქვეყნება მიზანშეწონილი არ არის, რათა უსიამოვნება ავიცილოთ თავიდან. თუმცა ვფიქრობ, საზოგადოება მზად არის, გაათვითცნობიეროს, რომ რეპრესიების წლებში ადამიანთა უმრავლესობა ძალდატანებით აძლევდა ჩვენებას.

აქედან გამომდინარე, ვეჭვობ, ვინმეს შურისძიების სურვილი გაუჩნდეს. ან ვისზე უნდა იძიონ შური? ნებისმიერმა ადამიანმა გონიერება უნდა გამოიჩინოს. მკვლევარი, რომელიც საარქივო დოკუმენტს აქვეყნებს, უნდა დაფიქრდეს, ხომ არ იქნება ეს  საზიანო პიროვნების ან სახელმწიფოსათვის. არსებობს დოკუმენტები, რომელთა დღეს გამოქვეყნებამ, შესაძლოა, სახელმწიფოს სერიოზული  ზიანი მიაყენოს.

თამარ ბელქანია, შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილე: - ვეჭვობ, სტალინის კარტოთეკა ვინმეს ორიგინალში ენახა   ან ვინმე იცნობდეს ფოტოს, რომელიც აფხაზეთის გასაბჭოების მეორე დღეს უზარმაზარ საპროტესტო აქციას ასახავს.  ისტორიკოსები წერენ, თითქოს აფხაზები ზარ-ზეიმით შეხვდნენ გასაბჭოებას, არადა, ფოტო სხვას ამბობს. ვფიქრობ, საინტერესოა ფოტოსესია ტუსაღების შესახებ.

KvirisPalitra.Geგაუგებარია, რატომ იღებდნენ ბოლშევიკები გისოსებს მიღმა გამომწყვდეულ პატიმრებს. აქ წარმოდგენილია ცნობილი ფოტოგრაფის, ვიტკინის ხელოვნებაც, ის სპეციალურად ყიდულობდა მკვდრებს, რომ ფოტოკოლაჟები გაეკეთებინა. დასახიჩრებული გვამები უამრავ კითხვას აჩენს და სასურველია, ამ კითხვებს მეცნიერებმა გასცენ პასუხი. უცნაურია, რატომ აშიშვლებდნენ გვამებს ფოტოების გადასაღებად?

ამ მასალების  შესწავლას მეცნიერები ახლა  იწყებენ, ამიტომ გადასახედი გახდება იმ ისტორიკოსთა ნაშრომები, რომლებსაც არქივის მასალებზე ხელი არ მიუწვდებოდათ. არქივის კარი ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის. თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია  წინაპრების შესახებაც. გვქონდა შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ადამიანმა პირველად იხილა ბაბუების ფოტოები. რეპრესიების დროს ოჯახებიდან იღებდნენ პირად არქივს, ფოტოალბომებს, ამიტომ რეპრესირებულთა მომდევნო თაობებს წინაპრების ფოტოები არ რჩებოდათ.

ია ბაგრატიონ-მუხრანელი: - დღეს მე ვნახე ჩემი ოჯახის ტრაგედიის ამსახველი ოქმები. ვიცოდი, ვის რა განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ არ ვიცოდი, ვინ იყო ამ განაჩენის შემოქმედი, ვინ აწერდა ხელს. კიდევ კარგი, ყველა ხელისმომწერი არაქართველია. ბოლშევიკები ქართველთმოძულე ჯალათებს იყენებდნენ ამ საქმისთვის. ამიტომაც სამეულები, ძირითადად, არაქართველები იყვნენ. მათ საოცრად სძულდათ ყველა ღირსეული პიროვნება.

მაგალითად, გიორგი ხიმშიაშვილს, რომელიც 1923 წელს დახვრიტეს, ერთ-ერთმა ჯალათმა, შულცმა, საკნის ცხაურიდან ამოღებული ლურსმნით თვალი ამოუგდო. მისთვის  მხოლოდ დახვრეტა საკმარისი არ იყო, სურდა დაემახინჯებინა, წაებილწა მიცვალებულები. სამწუხაროდ, ქართველობასთან ბრძოლა გრძელდება, მხოლოდ მეთოდები იცვლება, თორემ პროცესი თითქმის არ შეწყვეტილა.