"ბილაინი" დაფარვის ზონას აფართოებს - კვირის პალიტრა

"ბილაინი" დაფარვის ზონას აფართოებს

აქტიური საინფორმაციო კამპანია მომხმარებლებისთვის

კომპანია "ბილაინმა" საქართველოში დაფარვის ზონის აქტიური გაფართოების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ამიერიდან "ბილაინის" ქსელით სარგებლობა დუშეთის რაიონშიც არის შესაძლებელი, სადაც კომპანიამ ახალი საბაზო სადგური აამუშავა. "ბილაინის" მოწვევით ახალი სადგურის ჩართვას მედიის წარმომადგენლების გარდა წამყვანი ბლოგერები ესწრებოდნენ, რომლებიც საინფორმაციო კამპანიას სოციალურ მედიაში ახორციელებენ.

ახალი საბაზო სადგურის ამოქმედების შემდეგ "ბილაინის" კავშირით სარგებლობა დუშეთის მიმდებარე დასახლებებსა და ბაზალეთში გახდება შესაძლებელი. გარდა დუშეთის რაიონისა, ცოტა ხნის წინ "ბილაინის" დაფარვის ზონა გავრცელდა იმერეთის სოფლებში, მაგალითად, გუბსა და მაღალაკში, ტყაჩირში, პატრიანში, გეგუთში და უგანტში.

უკვე რამდენიმე თვეა "ბილაინი" აქტიურად აფართოებს დაფარვის არეალს და მომავალი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს იმ რეგიონების დაფარვაც იგეგმება, სადაც აქამდე "ბილაინის" მობილური კავშირი შედარებით სუსტი იყო, მათ შორის არის სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგონები. ყველაზე მზარდი მობილური ოპერატორი განსაკუთრებულ აქცენტს რაჭაზეც აკეთებს, სადაც აქამდე მისი ქსელი ყველაზე სუსტად იყო წარმოდგენილი.

ანდრეი პიატახინი (კომპანია "ბილაინის" გენერალური დირექტორი): "ბილაინის" ამოცანაა, რომ 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში ჩვენი დაფარვის ზონა მაქსიმალურად გაფართოვდეს. კომპანია მზად არის, დამატებით რამდენიმე მილიონის მოცულობის ინვესტიცია განახორციელოს, რათა არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენს ქსელზე გადმორთვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტირება საქართველოში, რადგან ჩვენ, როგორც ოპერატორმა, რომელიც ბაზარზე, კონკურენტების შემდეგ მესამე შემოვიდა, უნდა უზრუნველვყოთ აბონენტებისთვის ხარისხიანი კავშირი და მაღალი დონის მომსახურება. ახალი საბაზო სადგური დუშეთში ერთ-ერთია იმ 90 საბაზო სადგურიდან, რომელიც მიმდინარე წელს ავაშენეთ.

ჩვენ უკვე მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ჩვენი მაჩვენებლები და მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს, ვიდრე თუნდაც ამ წლის დასაწყისში გვქონდა. უფრო მეტიც, ამ წლის ბოლომდე ჩვენ ავაშენებთ კიდევ ამდენივე საბაზო სადგურს არა მხოლოდ თბილისში, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ან თუნდაც ბათუმში, ქუთაისში, არამედ ყველა პატარა ქალაქში, სოფელსა და დასახლებაში, სადაც ჩვენი აბონენტები იმყოფებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი აბონენტი, ამიტომ ჩვენ ვაშენებდით, ვაშენებთ და გავაგრძელებთ შენებას მომავალშიც."

თეონა ბაღდავაძე (კომპანია "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი): "ჩვენ დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია "ბილაინის" დაფარვის ზონასთან დაკავშირებით, რადგან რეალურად მომხმარებლის დიდ ნაწილს არა აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბილაინი" დინამიკურად იზრდება დაფარვის ზონის თვალსაზრისით. ჩვენც გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი ქსელი, ჩვენი ბრენდი, რომ ძალიან მოწინავე ვართ მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებებით და იქვე გულისტკენით აღნიშნავენ, რომ ჩვენი დაფარვის ქსელი არ აკმაყოფილებთ.

ხშირად ისეც ხდება, რომ წლების წინ აბონენტმა საქართველოს რომელიმე რეგიონში ვერ მიიღო ჩვენი მომსახურება და ის წარმოდგენა შემდეგ მიჰყვება. ამიტომ გვსურს, რომ იმ ადამიანებს, ვინც ადრე იყვნენ "ბილაინის" აბონენტები და არ აკმაყოფილებდათ ჩვენი დაფარვის ზონა, ან ახლა სურთ ჩვენს ქსელზე გადმოსვლა, ჰქონდეთ მაქსიმალური ინფორმაცია თუ სად შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი კავშირით.

90 საბაზო სადგური უკვე აშენდა და ამდენივე კიდევ აშენდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ავითვისოთ მთიანი რეგიონები და მცირე დასახლებები, სადაც განსაკუთრებით არსებობს პრობლემები "ბილაინის" დაფარვის ზონასთან დაკავშირებით. ავითვისებთ რაჭასაც, რადგან რაჭაში აქამდე ჩვენი სიგნალი ცუდად იყო წარმოდგენილი, ასევე სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთს, იმერეთის საავტომობილო ტრასას. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, დაფარვის ზონის გაფართოება და მომხმარებლების დროულად ინფორმირება ამის შესახებ."

დოდი ხარხელი (ბლოგერი): "ბილაინი" აქტიურად თანამშრომლობს სოციალურ მედიასთან. ახალი საბაზო სადგურის ჩართვაზე ჟურნალისტებთან ერთად ბლოგერებიც დაგვპატიჟეს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ "ბილაინს" სურვილი აქვს სოციალურ მედიაში აქტიურად იყოს წარდგენილი, რაც მისასალმებელია. სოციალურ მედიას საქართველოში ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ეს ახალი ტენდენციაა და "ბილაინი" ერთ-ერთი მოწინავეა ამ თვალსაზრისით.

"ბილაინი" პირველია საქართველოში წარმოდგენილ მობილურ ოპერატორებს შორის, ვინც ბლოგერები ჟურნალისტებთან მოიწვია მსგავს ღონისძიებაზე. პიარის თვალსაზრისით ეს მართებული გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენ ვახდენთ მილიონობით ინტერნეტმომხმარებლის ინფორმირებას და ისინი სწორედ ჩვენგან შეიტყობენ კომპანია "ბილაინის" დაფარვის ზონის გაფართოების შესახებ."

R