რატომ დაეცა საქონელი - კვირის პალიტრა

რატომ დაეცა საქონელი

"ეგ სამინისტრო კიდევ არსებობს?"

"ქართლისა და იმერეთის სოფლებში საქონლის დაავადება "თურქული" ყოფილა გავრცელებული. მიუხედავად ამისა, ბაზრებსა და მაღაზიებში ისევ იყიდება იმერეთიდან ჩამოტანილი ყველი. არც ხორცის ნაკლებობა შეიმჩნევა. ამბობენ, რომ მოსახლეობა ავადმყოფ პირუტყვს კლავს და ყიდის. ასევე ყიდიან დაავადებული საქონლის რძის პროდუქტსაცო. ნუთუ ეს საშიში არ არის?"

ნანა გულედანი

ასეთი წერილები განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც ქართლსა და იმერეთის ზემო ზონაში საქონლის დაცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ გლეხები წუხდნენ დაცემული პირუტყვის გამო.

"კვირის პალიტრა" საქონლის დაავადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ მათთვის პირუტყვის დაცემის შესახებ არავის უცნობებია, ამიტომ ვერაფერს გეტყვითო.

- როგორ, საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით მაინც არ დაინტერესებულხართ? - გავიოცეთ ჩვენ, მაგრამ კითხვის ადრესატმა დამარცვლით გაგვიმეორა, რომ არ იციან, რა ხდება სოფლებში, რადგან მათთვის არავის მიუმართავს.

ისღა დაგვრჩენოდა, სოფლებში თავად გაგვერკვია სიმართლე და თუ საჭირო გახდებოდა, ისევ დავკავშირებოდით სამინისტროს.

გეზი მშობლიური ზემო იმერეთისაკენ ავიღე და გასაოცარ სურათს წავაწყდი. მაგალითად, ხარაგაულის რაიონის სამ სოფელში - ხუნევში, ხევსა და ვერტყვიჭალაში უკვე თვეზე მეტია, ახალმოწველილ რძეს პირდაპირ საკანალიზაციო ჭებში ღვრიან. დაავადებით შეშინებული გლეხები ამბობენ, ჩვენ თუ არ ვიყენებთ რძეს, სხვას რატომ შევაპაროთ დაავადებული ძროხის ყველი და მაწონიო (თუმცა, სამწუხაროდ, ასე მხოლოდ ნაწილი ფიქრობს).

ნუნუ ნოზაძე უკვე ერთი თვეა, რეზინის ხელთათმანებით წველის ძროხებს. მიუხედავად იმისა, რომ ძროხები უკვე გამოჯანმრთელდნენ, მაინც ძველებურად იცავს ყველა სანიტარიულ ნორმას და ამბობს, რომ სანამ რძეს ექსპერტს არ გაასინჯებს, ყველს არ ამოიყვანს. დავით მაჭარაშვილის ოჯახშიც მას შემდეგ, რაც საქონელს დაავადების პირველი სიმპტომები აღმოაჩნდა, რძის გამოყენებაზე უარი თქვეს.

ზოგან ერთი თვის წინ, ზოგანაც უფრო ადრე ძროხებს ჯერ უცნაური ქაფი მოადგათ პირზე, ენაზე თეთრი, წყლულოვანი ნადები გაუჩნდათ, რაც ნერწყვის გადაყლაპვაში უშლიდათ ხელს; მერე უკანა ფეხების გადადგმაც გაუჭირდათ. ვინც თავიდანვე მიაქცია ყურადღება, პირუტყვი მალე გამოაჯანმრთელა, დაგვიანებული მკურნალობის გამო კი ზოგიერთმა ძროხამ ერთ კვირაზე მეტხანს აიკრძალა ჭამა და დაწვა. ვისაც პირუტყვის სიკვდილის შეეშინდა, საქონელი დაწოლისთანავე დაკლეს და გაყიდესო, - ამბობენ სოფლებში.

წინათ ყველა სოფელში ორ-ორი ვეტერინარი მაინც ჰყავდათ, ახლა ხუთ სოფელში ერთ ვეტექიმია და ის დარბის ყველასთან.

ნუნუ ნოზაძე: - რაიონულ ცენტრში რომ გადავიდეთ და იქიდან წამოვიყვანოთ ვეტერინარი, ფულია საჭირო, ჩვენ კი ხელმოკლეობის გამო ხარჯებს ვერიდებით. ამიტომაც. ისევ სოფლებში გაფანტულ ვეტექიმებს ვნახულობთ, ან ვურეკავთ, საქონლის დაავადების სიმპტომებს ვუხსნით და მათი მითითების მიხედვით ვიქცევით.  როდესაც დავურეკე, ვეტერინარმა მირჩია, ვეტაფთიაქში მივსულიყავი და საქონლის დაავადების ნიშნები ამეხსნა. აფთიაქში დაასკვნეს, რომ დაავადება ე.წ.

"თურქულია," მედიკამენტები მომცეს, ინიექციის გაკეთება და საქონლის პირის ღრუსა და ფეხების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება მირჩიეს. გამოვაჯანსაღეთ ძროხები, მაგრამ გამორიცხული არ არის, ისევ შეხვდეთ ეს დაავადება. ამიტომ ვაქცინას ვითხოვთ.

- სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართეთ?

- ეგ სამინისტრო კიდევ არსებობს? სოფლებში არავინ მოდის,  არ აინტერესებთ, რა გვიჭირს, რა გვილხინს და  ვეტერინარებმაც გვითხრეს, რომ კომერციული ორგანიზაციები თუ არ შემოიტანენ ვაქცინას, სახელმწიფოს იმედი ნუ გექნებათო. ჯანდაბას, შემოიტანოს ვიღაცამ, როგორმე ვიყიდით, თუმცა, უკვე თვეზე მეტია ველოდებით.

- რძეს ვეტერინარების მითითებით ღვრით?

- გვითხრეს, რომ ეს დაავადება ადამიანზე არ გადადის, მაგრამ მაინც გვირჩიეს, გამოჯანმრთელებიდან სამი კვირის გასვლამდე რძის პროდუქტის გამოყენებას მოერიდეთ და ყველს  თუ მაინც ამოიყვანთ, 40 დღემდე გააჩერეთ მარილწყალშიო.

მოგვიანებით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და  მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს დავუკავშირდით. გაირკვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურმა მხოლოდ სოფლებში არსებული მდგომარეობა კი არა, ისიც არ იცის, სამინისტროს რომელ დეპარტამენტში რა ინფორმაციას ფლობენ. ვეტერინარული ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა კობა ძამაშვილმა მოსახლეობის დამშვიდება გვთხოვა:

- დაავადება "თურქული" ადამიანზე არ გადადის, მასზე არ მოქმედებს. თუმცა,  შესაძლოა ძროხებს სჭირდეთ არა "თურქული", არამედ სტომატიტი, ნეკრობაქტერიოზი ან სხვა დაავადება, რომელთაც ანალოგიური კლინიკური ნიშნები აქვთ, ამიტომ ხშირად ერთი შეხედვით მათი გარჩევა ჭირს.

თუ დაავადებულ საქონელს თავიდანვე უმკურნალებენ, ავადობა სამი-ოთხი დღე გაგრძელდება, მკურნალობა კი ძალიან მარტივად და უბრალო პრეპარატებით ხდება.  "თურქულით" საქონელი არ კვდება. შესაძლოა, დაეცეს, დავარდეს, ფეხების ტკივილის გამო მოძრაობა ვერ შეძლოს, მაგრამ არ კვდება.

მოსახლეობას ვურჩევ, რძეს ნუ გადაღვრიან, მისი გამოყენება შეიძლება, რძისგან დაავადება ადამიანზე არ გადადის.

ჩვენს სამსახურს რაიონებში ჰყავს წარმომადგენლები. ისინი მოსახლეობას ურჩევენ, როგორ მოიქცნენ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საკუთარი სამკურნალო პრეპარატები; ისინი იყიდება კერძო სტრუქტურებში, აფთიაქებში. კომერციულ ვაქცინას, ალბათ, უახლოეს დღეებში შემოიტანენ კერძო სტრუქტურები და კომერციულ დაწესებულებებში გაიყიდება.