"იმ დღეს ქვეყანა დაიქცა ჩემთვის, იმ დღეს მოვკვდი..." - კვირის პალიტრა

"იმ დღეს ქვეყანა დაიქცა ჩემთვის, იმ დღეს მოვკვდი..."

სუსტი სქესის წარმომადგენლები აზარტულ თამაშებში სამჯერ უფრო სწრაფადაც ებმებიან და ფსიქოთერაპიასაც გაცილებით ძნელად ემორჩილებიან. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ზრდასრულ ასაკში ხდებიან ლუდომანები, რასაც თან ახლავს დეპრესიული აშლილობა. აზარტომანიას ხშირად ნარკომანიასაც ადარებენ და სპეციალისტების აზრით, ნარკომანია უფრო მარტივად იკურნება, ვიდრე ლუდომანია. ამაში თვითონაც დავრწმუნდი, როდესაც ჩემი რესპონდენტების, ორი ახალგაზრდა ქალის, ელენესა და შორენას ამბავი მოვისმინე...

გთავაზობთ ამონარიდებს ამ ქალბატონების ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ქორწინების პირველ თვეებშივე გავიგე, რომ ჩემი ქმარი თამაშობდა. ისტერიკა დამემართა, ძალიან ვიჩხუბეთ და ვიდრე საბოლოოდ დავშორდებოდით, ამით გულგატეხილმა და გაბრაზებულმა შურისძიება გადავწყვიტე - მეც დავიწყე თამაში. ქმრისგან მუდმივად უყურადღებობას ვგრძნობდი, მან ცოლსა და ოჯახს თამაში არჩია, თავშესაფარს სხვაგან ეძებს და ვნახოთ ერთი, ჩემს საქციელზე რა რეაქცია ექნება-მეთქი..."

"რამდენიმე ბანკიდან ერთდროულად რომ გამოვიტანე თანხა, ეს სულ არ მადარდებდა. ვიხდიდი, ერთი დღეც კი არ მქონდა ვადაგადაცილება, რადგან ერთ ვალს ვიღებდი, მეორე რომ გადამეფარა. მაგრამ ასე როდემდე გაგრძელდებოდა და ერთ დღესაც ძალიან "გავიჭედე" ფინანსურად. მხოლოდ ჩემმა ქმარმა იცოდა ეს ამბავი და მთხოვდა, გაჩერდიო. ბოლოს, ვერაფერი რომ ვერ გააწყო, ჩემებს დაურეკა, ამის შემდეგ დავშორდით. იმ დღეს ქვეყანა დაიქცა ჩემთვის, იმ დღეს მოვკვდი..."

"არ მაქვს დაბალი ხელფასი - 2.400 ლარს ვიღებ, მაგრამ სწრაფი სესხების გამო საკრედიტო ქულა დაბალი მაქვს და არავინ მაძლევს დიდ თანხას, ყველა ვალი რომ გავისტუმრო. განა არ ვიცოდი, ადრე თუ გვიან ეს დღე რომ დადგებოდა. იმ ხალხსაც ვუფუჭებ საქმეს, ვინც მენდო და თავდებად დამიდგა..."

"ეგოისტია ადამიანი, საკუთარი თავი ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს და ამიტომაც ვიქცევი ასე, მხოლოდ ჩემს სიამოვნებაზე რომ ვფიქრობ. ჩემი ახლობლების 99% ალბათ ვერც ხვდება, რას ვაკეთებ; ვერ იეჭვებენ, მე ასე თუ დამემართა. ზოგჯერ თვითონაც არ მჯერა, რომ რაც ხდება, რეალურია..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 16 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი