"მეზობელ აფხაზს მოუპარავს ჩემი შვილის ცხედარი და დაუმარხავს... დაახლოებით 10 წლის შემდეგ გავიგე მწარე სიმართლე..." - კვირის პალიტრა

"მეზობელ აფხაზს მოუპარავს ჩემი შვილის ცხედარი და დაუმარხავს... დაახლოებით 10 წლის შემდეგ გავიგე მწარე სიმართლე..."

აფხაზი ბიჭისა და ქართველი შვილმკვდარი დედის მეგობრობის ამბავი

ქალბატონ თინას რთული ცხოვრების გზა აქვს გავლილი. თუმცა, ყველა სირთულე ალბათ, სასწორის ცალ მხარეს დევს და მეორე მხარეს შვილის სიკვდილით გამოწვეული ტკივილია... მას ვაჟი აფხაზეთში მოუკლეს. 10 წელზე მეტხანს უმალავდნენ შვილმკვდარ დედას, რომ საფიცარი ვაჟი აღარ ჰყავდა... მერე როგორღაც გაიგო სიმართლე და... ალბათ, ყველას ეგონა, რომ აფხაზებს თუ არაფერს დაუშავებდა, დაწყევლიდა მაინც ტკივილით სავსე შავოსანი ქალი, რომელიც წლების მანძილზე არა მარტო ქართველი, არამედ აფხაზი ბავშვების სწორ გზაზე დაყენებას ემსახურებოდა, მაგრამ ქალბატონ თინას არათუ წყევლა, საყვედურიც კი არ დასცდენია...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"100 წელი დავამთავრე, დედიკო, 20 მარტს. ასეული წელი ვაჩუქე ისტორიას და დავიწყე მეორე ასეული... ზედმეტია ეს ყველაფერი... 100 წელს რომ გაძლებ, შენზე იმას კი აღარ იტყვიან, როგორ არისო? პირველად ყველას ეს კითხვა უჩნდება: კიდევ ცოცხალია? არ მომკვდარაო? (იღიმის)..."

"სოხუმში ვცხოვრობდით... არეულობა რომ დაიწყო, ჩემმა ვაჟმა ცოლ-შვილი სამშვიდობოს გამოუშვა და აფხაზეთი არ მიატოვა, სოხუმში დარჩა ჩემთან ერთად... ჩვენს სახლში დიდი სარდაფი იყო და მთელი სამეზობლო იმ "პადვალში" იყო, ღამითაც არ გამოდიოდნენ... ერთ დღესაც ჰკითხეს თურმე ჩემს ვაჟს: რატომ გიყვარს სამშობლოო? მეზობლებს რატომ ეხმარებიო? და როცა პასუხი მოისმინეს, დამიხვრიტეს ბიჭი... მერე, მეზობელ აფხაზს მოუპარავს მისი ცხედარი და დაუმარხავს... დაახლოებით 10 წლის შემდეგ გავიგე მწარე სიმართლე..."

"მიუხედავად იმისა, რომ მე მომიკლეს შვილი, აფხაზებმა დამიხვრიტეს ვაჟი, არ ვარ შურისძიების გრძნობით განმსჭვალული. რატომ? რას მიშველის მე, რომ მოვკლა აფხაზი და შური ვიძიო? ამით ჩემი შვილი გაცოცხლდება? არა, მე არ ვმტრობ მათ. დაე, ყველამ იცოცხლოს და შურისძიების გრძნობის გულიდან ამოღება შეძლოს - ეს იქნება ყველაზე კარგი რამ, რასაც ზოგადად ადამიანი შეძლებს იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანია!.."

"ომის შემდეგ ჩვენს მეზობლად აფხაზი დასახლდა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. ისე დავუახლოვდით ერთმანეთს, რომ ორივე ბიჭი მე მოვუმზადე სასკოლოდ. მათ უპირველესად, რიცხვების წერა ვასწავლე. ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი დღემდე მკითხულობს, წერილებს მწერს. ჩვენ მეგობრები ვართ...

აფხაზსა და ქართველს ასეთი მეგობრობა რომ გვაკავშირებს, ეს ყველას უკვირს. არადა, ჩემნაირად კიდევ ბევრი რომ მოიქცეს, შესაძლოა, შევრიგდეთ აფხაზები და ქართველები..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 16 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ლიკა ქაჯაია