ტრეფიკინგის მსხვერპლნი - კვირის პალიტრა

ტრეფიკინგის მსხვერპლნი

თემის გაგრძელება

ბედუინის მკვლელი თბილისელია?!

უკვე ერთი თვეა, ეგვიპტეში 31 წლის ბედუინის, მაჰმუდ სალიმის მკვლელობის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.

მაჰმუდ სალიმი ეგვიპტეში მოლდავეთისა და საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარ ჯგუფს გაურიგდა, რომ ისრაელის საზღვარზე გადაიყვანდა და გასამრჯელოდ თითოეულისგან 1.000 დოლარი მოითხოვა. თუმცა უკვე უდაბნოში თანხა ეცოტავა და გარიგებაზე უარი თქვა; მეტიც, ბედუინებმა ჯგუფი დაატყვევეს და თვეების განმავლობაში მონებად, უღირს პირობებში ჰყავდათ. ერთ საღამოს, როდესაც მაჰმუდ სალიმმა ერთ-ერთი მოლდაველი ქალის გაუპატიურება მოინდომა, ტყვე მამაკაცებმა ვეღარ მოითმინეს და... ჩხუბში ბედუინი შემოაკვდათ. მათ სასწრაფოდ დატოვეს შემთხვევის ადგილი.

მდევრების შიშით გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, ქალაქში ჩამოვიდნენ და 11 სექტემბერს პოლიციას ჩაჰბარდნენ. დაკითხვების დროს გაირკვა, რომ ბედუინის მკვლელი ქართველი იყო (მისი ვინაობა რატომღაც გასაიდუმლოებულია). პოლიციამ ჯგუფის დანარჩენი წევრები გაათავისუფლა - ისინი 5 ოქტომბერს სამშობლოში დაბრუნდნენ.

მაჰმუდ სალიმის მკვლელობის მიზეზებზე რამდენიმე ვერსია არსებობდა. სიმართლე მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სამშობლოში დაბრუნებულმა ერთ-ერთმა მოლდაველმა ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა (ამ ინტერვიუს შესახებ "კვირის პალიტრა" წერდა. - რედ.). არ დადასტურდა ეჭვი მკვლელის სავარაუდო ვინაობის შესახებაც. თავიდან ეჭვმიტანილად 30 წლის აჩიკო ვარდოშვილი სახელდებოდა.

ქალბატონი იზა, აჩიკოს დედა: "შვილები დიდი გაჭირვებით გავზარდე. მეუღლე რამდენიმე წლის წინ ავარიით დამეღუპა. აჩიკომ უმაღლესი დაამთავრა, მაგრამ პროფესიით სამსახური ვერ იშოვა და თბილისში დაცვაში მუშაობდა. 300-ლარიანი ხელფასი კი ახალგაზრდა კაცის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, თანაც ქალაქში... თურქეთში წასვლა რომ გადაწყვიტა, არ ვურჩიე. მითხრა, შეიძლება იქიდან ისრაელში წავიდეო. წავიდა. სამი თვე არაფერი ვიცოდი მის შესახებ. ჩემი შვილი ბედუინებთან რომ იყო, ჟურნალისტებისგან გავიგე. მითხრეს, გატაცებული ჰყავთო.

მუხლები მომეკვეთა, ღამეები არ მძინებია, არ ვიცოდი, სად უნდა მომეძებნა, ვისთვის მიმემართა. მერე ხმა გავრცელდა, - აჩიკო ყოფილა იმ ბედუინის მკვლელიო. დარდი გამიათმაგდა, თუმცა ის მაინც ვიცოდი, რომ ცოცხალი იყო და პოლიციას ჰყავდა. მერე, როგორც გავიგე, დაკითხვაზე მოლდაველებს უთქვამთ, - ეს არ იყოო და აჩიკოც გაათავისუფლეს.

რომ გავიგე შინ ბრუნდებოდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მკვლელი რომ ყოფილიყო, ხომ არ გამოუშვებდნენ? როცა დავინახე, გულს შემომეყარა, ისეთი გამხდარი და დათრგუნვილი იყო - აშკარაა, რომ იქ კარგი ცხოვრება არ ჰქონდა. არაფერი მოუყოლია. არ უნდა გული მატკინოს. მკვლელი ვინ არის, ისიც არ უთქვამს. მხოლოდ ის ვიცი, რომ აჩიკოს ტოლია... ხმები დადის, თბილისელიაო. სადაურიც უნდა იყოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს იმ ბიჭს და  დაიფაროს ავისგან, კარგად მესმის, რა დღეში იქნება დედამისი..."

როგორც სარწმუნო წყაროებიდან გახდა ცნობილი, ჯგუფის ერთმა წევრმა მაინც მოახერხა ეგვიპტე-ისრაელის საზღვრის გადალახვა.

თემური, ვლადიკავკაზის მკვიდრი: "ჩემი მეგობარი გიორგი კ. ისრაელში წასვლას თურქეთიდან აპირებდა. ასე მოელაპარაკა ვიღაცებს. ამ ჯგუფში როგორ მოხვდა, არ ვიცი. აღარ მირეკავდა. მხოლოდ ერთხელ დამიკავშირდა. მითხრა, - უდაბნოში ვართ, ძალიან ცუდ  დღეშიო. მთელი დღე გვამუშავებენ. ბედუინები საჭმელად მხოლოდ უმ ბრინჯს გვაძლევენ, რომელსაც ცხელ ქვიშაში ვფლავთ და ისე ვხარშავთო.

ამ გაუსაძლის სიცხეში წყალს მხოლოდ ერთხელ გვაძლევენო... მას შემდეგ აღარ შემხმიანებია. 3-4 დღის წინ დამირეკა - ისრაელში ვარო. მომიყვა, - ბედუინი შემოგვაკვდა, დაახლოებით 40 კილომეტრი ვირბინეთ, გვეშინოდა, მდევრები არ დაგვწეოდნენ. შესვენებისას ქვიშაზე არ ვსხდებოდით, რომ მწყურვალთ და დაღლილებს არ ჩაგვძინებოდაო. თურმე როდესაც მიხვდნენ, უდაბნოში ვეღარ გაჩერდებოდნენ, უმრავლესობამ, ისევე მდევრის შიშით, ქალაქში წასვლა აირჩია, გიორგი კი უარზე იყო და გზა დამოუკიდებლად გააგრძელა. არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ უკვე ისრაელში მოხვდა".

თურქეთი მხოლოდ ისრაელში არალეგალურად წამსვლელთა თავშეყრის ადგილი არ არის. ათასობით ქართველისთვის მონათა ბაზარი ხდება. 16 ოქტომბერს თურქეთის პოლიციამ  ტრაპიზონში დააკავა დანაშაულებრივი  ჯგუფი, რომელსაც ტრეფიკინგში ედებათ ბრალი. დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ.

ქართველების უმრავლესობას სამუშაოდ იწვევენ ე.წ. დასაქმების ოფისები, რომლებიც ძირითადად ქართველებს აქვთ გახსნილი და საკუთარი თანამემამულეების მოტყუების ხარჯზე დიდ მოგებას ნახულობენ. ადრე თუ ტრეფიკინგის ბიზნესში ჩართულ ოფისებს უფრო სტამბოლსა და ტრაპიზონში შეხვდებოდით, ახლა თურქეთის დედაქალაქშიც დაიდეს ბინა და სამუშაოს მაძიებელთა ათასიანი არმია ანკარას მიაწყდა. ანკარაში მოტყუებით ჩასულ ქართველებს, ძირითადად ქალებს, ე.წ. სიხიას ბაზრობაზე ოფისის წარმომადგენელი ხვდებათ და სწორედ აქედან იწყება მათი ტანჯვაც.

ეთერი (საუბარი შედგა 19 ოქტომბერს ანკარიდან მომავალ ავტობუსში): - თურქეთში სამუშაოდ ჩემი მაზლიშვილის სიდედრმა დამპატიჟა. ცუდი არაფერი მიფიქრია. ახლობელი იყო (საინტერესოა, რომ თურქეთში წამსვლელთა რეკრუტირებას ხშირად სწორედ ნათესავები ახდენენ, მეტი სანდოობისთვის. - რედ.),  ანკარაში მიმიყვანეს ქურთულოშის ოფისში, სადაც ჩემნაირი ორი ათეული ქალი დამხვდა. ჩემი ნათესავი და მისი თურქი ქმარი ოფისის მეპატრონეები ყოფილან. მითხრეს, რამდენიმე დღე აქ გაჩერდებიო და "იატაკის ფული" 50 დოლარი გადამახდევინეს (იქ ქალებს იატაკზე აძინებენ და დღეში ერთხელ აჭმევენ, გადასახადსაც ასე ამიტომ ჰქვია). ისეთ სივიწროვეში ვიყავით, სუნთქვა გვიჭირდა, გარეთ არ გვიშვებდნენ, დღეში ერთხელ კომბოსტოს და ერთ პურს გვაძლევდნენ.

ერთი კვირის შემდეგ სამსახური მიშოვეს - ოჯახში მოხუცი კაცისთვის უნდა მომევლო, თვეში 450 დოლარს გადამიხდიდნენ. პირველი თვის გასამრჯელო ოფისისთვის უნდა დამეტოვებინა. იმ ოჯახში მხოლოდ 5 დღე გავძელი, ის კაცი ისეთ რაღაცებს მთხოვდა, სირცხვილით ლამის თავი მოვიკალი... ისევ ოფისს მივაკითხე. ჩემი მაზლიშვილის სიდედრმა რომ დამინახა, - ყვირილი დამიწყო, - რატომ წამოხვედი, ახლა ჩემი ვალი გაქვს 450 დოლარი და უნდა გადამიხადოო. გადავწყვიტე, შინ დავბრუნებულიყავი, მაგრამ არ გამომიშვეს - სანამ ვალს არ გადაიხდი, ვერსად წახვალო.

ერთხელ, ატირებული დავემუქრე, - საქართველოში ყველაფერს მოვყვები-მეთქი. ჩემს ნათესავს გაეცინა, - მე თურქეთის მოქალაქე ვარ და შენი მთავრობა ფეხებს ვერ მომჭამსო. 15 დღის შემდეგ, როგორც იქნა, გამოპარვა მოვახერხე, ავტობუსის მძღოლს ვთხოვე, ფულს ხაშურში გადაგიხდი-მეთქი და წამომიყვანა. ტრაპიზონში დანაშაულებრივი ჯგუფი რომ დააკავეს, ჩემს ნათესავთან ვხედავდი - ქალები ჩამოჰყავდათ. ყური მოვკარი, რომ ორი ჯგუფი დუბაიშიც გაუგზავნიათ. ავტობუსში თანამგზავრმა ქალებმა მითხრეს, - ბედი გქონია, რომ ამ ჯოჯოხეთს თავი ცოცხალმა დააღწიეო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამემამულეები თურქეთში ყოველ ნაბიჯზე თაღლითობისა და დანაშაულებრივი გარიგების მსხვერპლი ხდებიან, იშვიათად მიმართავენ საქართველოს საელჩოსა და საკონსულოებს. ამბობენ, ხელისუფლება საქართველოში არაფერში დაგვხმარებია და რაღა აქ გამოგვადგებაო. ამასობაში კი ათასობით ქართველი არალეგალი ისრაელის, საბერძნეთის თუ პოლონეთის საზღვარს სასოებით შესცქერის იმის იმედით, რომ მათ გაუმართლებს...