"ოთხი შვილის მამობა მაგარი რამაა... დარბიან და "მამიტო", "მამიტოს" მეძახიან"
18-05-2019
"ოთხი შვილის მამობა მაგარი რამაა... დარბიან და "მამიტო", "მამიტოს" მეძახიან"
ფოტო:გიორგი შერმადინი მეუღლესთან ერთად
"ღმერთს მადლობა, რომ ასეთი დიდი ოჯახი ვართ"

სახელი, გვარი: გიორგი შერმადინი
დაბადების თარიღი: 02.04.1989 წელი.
დაბადების ადგილი: მცხეთა, ნატახტარი.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ოთხი შვილი.
სიმაღლე: 2.16 სმ.


საკალათბურთო კარიერა: საქართველოს ნაკრების წევრი (2006 წლიდან). თბილისის "მაკაბი" (2005-2008 წწ.); საბერძნეთის "პანათინაიკოსი" (2008-2010 წწ.); სლოვენიის "ოლიმპია" (2010-2011 წწ.); იტალიის "კანტუ" (2011-2012 წწ.); ისრაელის "მაკაბი" (2012); საბერძნეთის "ოლიმპიაკოსი" (2013 წლიდან); ამჟამად - ესპანეთის "უნიკახა".
საბერძნეთის ჩემპიონი და საბერძნეთის თასის მფლობელი (2009
წ.), ევროლიგის ჩემპიონი (2009 წ.), საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონი (2010 წ.), სლოვენიის თასის მფლობელი (2011 წ.), სლოვენიის ვიცე-ჩემპიონი (2011 წ.), ადრიატიკის თასის მეორე პრიზიორი (2011 წ.), იტალიის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე (2012 წ.).

ჩემი მშობლიური ქალაქი არის: ნატახტარი, ძალიან მიყვარს, იქ გავიზარდე. სეზონი როგორც კი სრულდება, მთელი
ოჯახი იქ მივდივართ. გვაქვს სახლი თავისი ბაღით და იქ ყოფნა ყველას ძალიან გვიყვარს.

ბავშვობის ოცნება: ყოველთვის მაღალი ვიყავი და მინდოდა, კალათბურთი მეთამაშა და ამიხდა კიდეც ეს ოცნება.
პირველი თამაში: სკოლის გუნდში. ჩვენი ფიზკულტურის პედაგოგი - კოლია მასწავლებელი გახლდათ.
კალათბურთი: აბსოლუტურად ყველაფერია ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც. კალათბურთით ვცოცხლობთ, ვფიქრობთ, ვარსებობთ. როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ცხადია, მეც მქონდა გარკვეული მიზნები, ბევრი "ტრენერიც" მყავდა, ბევრ ხელში გამოვიარეთ მეც და ჩემმა ძმამაც, ბოლოს კი მოვხვდით ჯამლეტ ხუხაშვილთან და ის ყოველდღიურად დიდ მოტივაციას გვაძლევდა, გვამხნევებდა, დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით, იქვე ვიკვებებოდით. სამი წელი ვიყავით "მაკაბიში". თავიდან "მაკაბის" მეორე გუნდში ვიყავი, მერე კი, თამაში რომ გამომდიოდა, პირველ გუნდში გადამიყვანა და მთელი 40 წუთი შეუცვლელად ვთამაშობდი. ძალიან კარგი კალათბურთელები გვყავდა, განსაკუთრებით, ირაკლი და დათო ბერიშვილები. ბატონი ჯამლეტისა და იმ მოთამაშეების დიდი დამსახურებაცაა, რომ დღეს კარგ კალათბურთს ვთამაშობ.

პირველი ქვეყანა, განსაკუთრებული გამოცდილება: საბერძნეთი, "პანათინაიკოსი" მაშინ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, საუკეთესო მოთამაშეებით. იმ წელს ევროლიგაც მოვიგეთ, საბერძნეთის თასიც და ჩემპიონატიც. ერთ-ერთი საუკეთესო წელი გავატარე მათთან ერთად, კარგად მაგონდება. იმ ვარსკვლავებისგან დიდი გამოცდილება მივიღე. ახლა უკვე მეც ვცდილობ ახალგაზრდა სპორტსმენებს რამით დავეხმარო, რადგან მაშინ ჩემთვისაც ბევრს ნიშნავდა გამოცდილი კალათბურთელების თანადგომა. ჩემი აგენტიც ჩემთან ერთად იყო - ლევან მიქელაძე. მართვის მოწმობა არ მქონდა და მას დავყავდი ხოლმე ვარჯიშებსა და თამაშებზე.
მერე იყო სლოვენია, იტალია, ისრაელი, საბერძნეთი. ყველა ქვეყანაში ცხოვრებამ და გუნდმა თავისებური გამოცდილება და მეგობრები შემძინა.
საქართველოს ნაკრები ჩემთვის ნიშნავს: ყველაფერს! დიდი სიამაყე და სიამოვნებაა, როდესაც მათთან ერთად ვთამაშობ, განსაკუთრებით თბილისში, სპორტის სასახლეში, რამდენიმე ათასი გულშემატკივრით გადავსებულ დარბაზში. ეროვნულ ნაკრებში თამაში დიდი ბედნიერებაა! ყველა ახალგაზრდა სპორტსმენს ვუსურვებ, ეს შეიგრძნოს და გამოცადოს. ნათქვამი მაქვს, რომ სადამდეც შევძლებ, იქამდე ვითამაშებ ჩვენს ნაკრებში და იმედი მაქვს, დიდხანს შევძლებ.
"უნიკახა": მეორე წელია, ამ გუნდში ვარ და ძალიან მომწონს. ესპანეთში ძალიან კარგი სახელი აქვს, ერთ-ერთი წამყვანი კლუბია. აქ სულ 18 გუნდია და ჩვენ მეხუთე ადგილზე ვართ.
ყველაზე რთული მატჩი: პრინციპში, ადვილი არც ერთია...
ტრადიცია სათამაშო მოედანზე გასვლის წინ: განსაკუთრებული არაფერი... ლოცვა და პირჯვრის გადაწერა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო: ჩემი შვილები - ოთხი შვილი მყავს და ჩემთვის ნომერი პირველი ოჯახია, შემდეგ უკვე დანარჩენი. კალათბურთში ბევრი ჯილდო მიმიღია, ანდორაში თამაშისას არაერთი თასი მოვიგე, ასევე, "თვის საუკეთესო მოთამაშის" გამოვლენის ტრადიციაა და ეს ტიტულიც ბევრჯერ მიმიღია, მათ შორის, ახლა, თებერვალში და ძალიან სასიამოვნოა, როცა "ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ" გასახელებენ. ყველა ჯილდო თბილისში მაქვს.

მეუღლე: უკვე 10 წელია, რაც მე და ანი ერთად ვართ. თბილისში გავიცანი, ერთ-ერთი კლინიკის 10 წლის იუბილეზე, რომელზეც ჯამლეტ ხუხაშვილი იყო დაპატიჟებული და ის სადაც მიდიოდა, ყველგან თან დავყავდი. ჩამაცმევდა ხოლმე "მაკაბის" ფორმას და მივყავდი (იცინის). ანი იქ გავიცანი, მერე მალე მომიწია საბერძნეთში წასვლამ, მაგრამ ტელეფონით ვკონტაქტობდით და რაღაც დროის შემდეგ დავოჯახდით. პირველი გოგონა შეგვეძინა, ახლა ის 8 წლისაა, მერე - ნიკოლოზი (6 წლის), ბოლოს კი ტყუპი გოგონა. ოთხი შვილის მამობა მაგარი რამაა... დარბიან და "მამიტო", "მამიტოს" მეძახიან (იცინის), ძალიან ვუყვარვარ. ტელევიზორში რომ მხედავენ, ეკრანს ხელს ურტყამენ - "მამიტო" (იცინის). დიდი სიხარულია. ღმერთს მადლობა, რომ ასეთი დიდი ოჯახი ვართ.
გიორგი შერმადინი ოჯახთან ერთად
- სად დადიხართ ხოლმე შვილებთან ერთად?
- ჩემი მეუღლე სულ მეუბნება, ბავშვები სადმე წაიყვანეო, მაგრამ ისეთი გრაფიკი მაქვს, ამას ხშირად ვერ ვახერხებ, სულ ვარჯიში ან თამაში მაქვს, უფროსებს სკოლა აქვთ, ტყუპს - ბაღი. ნიკა კალათბურთზე დადის და მე მიმყავს ხოლმე. საღამოს ყველა ერთად რომ ვიკრიბებით, იწყება ჭამა, მოწესრიგება, მეცადინეობა, ცოტა გართობა... მე და ანი ზოგჯერ ვახერხებთ სადმე გასეირნებას - ეს მაშინ, როცა ბავშვები იძინებენ. დამხმარე ქალბატონიც გვყავს, ჩემი სიდედრიც აქაა და დედაჩემიც ჩამოდის ხოლმე. საღამოობით გუნდელებთან და მათ მეუღლეებთან ერთად გავდივართ სადმე. ანი არ მუშაობს, შვილებისა და ჩემი მოვლითაა დაკავებული, მთლიანად ჩემზეა გადმორთული, ხელს მიწყობს. კარგი დიასახლისია, გემრიელ კერძებს ამზადებს. ახლა ესპანურ ენას სწავლობს. ჩემს თამაშებსაც ყოველთვის ესწრება.

მთავარი, რაც წარმატების მიღწევაში დამეხმარა: ყველაზე მთავარი მონდომებაა და თავდაუზოგავი ვარჯიში, ამის გარეშე არაფერი გამოვა. ჯამლეტმა ძალიან შემიწყო ხელი, რომ კარგად მეთამაშა.

მიზანი, რომლისკენაც მივდივარ: კარიერის განმავლობაში იმდენი გუნდი გამოვიცვალე, რომ სიმართლე გითხრათ, აღარ ვფიქრობ იმაზე, გუნდი შევიცვალო, ოთხივე ბავშვით ავიყარო და სადმე გადავიდე. აქ თავს კარგად ვგრძნობ და იმაზე ვლოცულობ, რომ კარგად ვითამაშოთ, მოვიგოთ, ხელშეკრულება გავაგრძელოთ. ძალიან მომწონს აქაურობა, შესანიშნავი ქალაქია, "უნიკახა" კარგი გუნდია, ბავშვებიც უკვე აეწყვნენ, სკოლაც აქვეა და იმედია, კიდევ დავრჩები.
მისაბაძი სპორტსმენი: თბილისში როცა ვიყავი, სულ ზაზა ფაჩულიას ვაკვირდებოდი, ის როგორ თამაშობდა - ჩემს პოზიციაზე იყო. ვლადიმერ ბოისა იყო ნაკრებში, ნაცვლიშვილი და რა მაგრები არიან-მეთქი, ვფიქრობდი. მერე რომ გავიცანი ბიჭები და ზაზა, ძალიან მიხაროდა. მას შემდეგ, კარგი მეგობრები ვართ. ზაზა ჩემთვის ერთ-ერთი მაგალითი იყო, თავისი მონდომებით, შრომისუნარიანობით. ის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს კალათბურთისთვის, მის აკადემიაში ზაფხულობით მეც მივდივარ ბავშვებთან, უცხოელი "ტრენერებიც" ჩამოჰყავს და ყველანაირად ხელს უწყობს. იმედია, ბევრი ბავშვი წავა სპორტის მიმართულებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საუკეთესო დასასვენებელი ადგილი: როცა საქართველოში ვართ, ბაკურიანში მივდივართ ხოლმე. ევროპაში საბერძნეთში ვიყავით, სანტორინიზე. სიმართლე გითხრათ, რთულია ოთხი ბავშვით სადმე სიარული ან მათი დატოვება.
ყველაზე რომანტიკული ადგილი: რომანტიკისგან ცოტა შორს ვარ, მაგრამ ჩემს მეუღლეს სადაც უნდა ხოლმე წასვლა, დავდივართ.
ჰობი: ალბათ, ისევ და ისევ კალათბურთი. მისი კარგად და ხანგრძლივად თამაში.
საყვარელი საგანი სკოლაში: ფიზკულტურა, რა თქმა უნდა (იცინის).
ყველაზე ცუდად ვსწავლობდი: უცხო ენებს.
საზღვარგარეთ ყოფნისას, ყველაზე მეტად მენატრება ქართული: ალბათ, ღვინო. თუმცა, ჩამოგვაქვს ხოლმე რაღაცები, ჩურჩხელებიც. ჩემი მეუღლე გემრიელ ქართულ კერძებს ამზადებს: ხაჭაპურს, ხინკალს, ლობიანს და ა.შ.
კოლექცია მაქვს: ჩემი ჯილდოებისა და თასების, რაც მეამაყება.
უახლოესი გეგმები: თამაშების კარგად ჩატარება და ხელშეკრულების გახანგრძლივება.


თამთა დადეშელი
ჟურნალი "გზა"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?