თავისუფლება დეფიციტადქცეულ სულიერებასთან ერთად - კვირის პალიტრა

თავისუფლება დეფიციტადქცეულ სულიერებასთან ერთად

მან თავის თავში ბავშვური სიწრფელე გადაარჩინა

კვირაში ქართული პროზის საგანძურის სერიით კოტე ჯანდიერის კრებულს მიიღებთ ჟურნალ "გზასთან" ერთად.

ეს არის წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, რათა  დაუნდობლობით სავსე დღევანდელობაში მზის სხივივით შემოვიდეს განცდა, რომ ადამიანი არ გაველურებულა, ის მშვენიერი არსებაა და თუ რატომღაც გარემოებამ შეცვალა და დაამძიმა - ეს დროებითია...

ეს სინათლით სავსე შეგრძნება არსაიდან კი არა, სწორედ კოტე ჯანდიერისაგან მოდის. თვითონვე ამბობს: "ცხოვრება თავდაპირველი ტექსტია, ლიტერატურა კი - ამ ტექსტის თარგმანი და კომენტარიო". სწორედ ამ თარგმანს შემოგთავაზებთ "ქართული პროზის საგანძური". არაერთხელ გამიგონია, უთქვამთ, სადღა არიან კოტესნაირი ადამიანებიო. ერთი მხრივ, მართალია, ცოტანი არიან, მაგრამ მეორე მხრივ, რამხელა ბედნიერებაა, რომ არსებობენ.

ამ კაცს, ალბათ იმ დროს უნდა ეცხოვრა, როცა მისი ჯიშის  მოხდენილი ვაჟკაცები ხმალამოწვდილნი მისდევდნენ მტერს, არ არსებობდა ორაზროვნება და სიყალბე, მტერს მტერი ერქვა, მოყვარეს - მოყვარეო, - ამასაც ამბობენ.

მე კი მგონია, რომ სწორედ ჩვენთან ერთად და ჩვენ გვერდით უნდა ყოფილიყო: უცხო სიტყვა-ტერმინებით დახუნძლულ სივრცეში, მავანთაგან უცხოეთიდან ჩამოტანილი წარმატებული სახელების მიღმა, რომელთა უკან რა სიმართლე დგას, კაცმა არ იცის, ყველაზე მეტად გვჭირდება განათლებული და ალალ-მართალი, ნიჭიერი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი...

ხანდახან მიკვირს, როგორ შეძლო მწერალმა ადამიანის სულში ასე ზუსტად ჩახედვა. ერთხელ ვკითხე: თქვენ ადამიანთან ახლოს მდგომ მწერლად დარჩით, რომელიც არც დისტანციას დაეძებს ხელოვნურად და არც ფილოსოფიას მიმართავს ნაძალადევად, თითქოს გავლენაც არ გაქვთ. ამის მისაღწევად დიდი შრომა დაგჭირდათ-მეთქი? და მიპასუხა: - ამას შეიძლება ვინმემ შრომაც უწოდოს, ჩემთვის კი პროზის წერის პროცესი ის ხანმოკლე სიამოვნებაა, რომლის უფლებასაც პერიოდულად მაძლევს ფიზიკური არსებობისათვის ბრძოლისა და ახლობლებზე ზრუნვის დაუსრულებელი ეპოპეა, პერიოდული დეპრესიები და სუფრის რიტუალებიო.

კოტე ჯანდიერი ჩვენი და ჩვენთაგანია, ის ისევეა იმ გლეხისა, მიწის ხვნის მერე დამტვერილი შუბლი უხეში ტილოს პერანგის მაჯით რომ ჩამოიწმინდა, როგორც წიგნის კარადებს შორის მომწყვდეული და სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობაზე მომუშავე პროფესორისა. ის ადამიანისაა, ყველგან არის, სადაც კაცი უფლისგან ნაბოძებ კაცად ყოფნას არ უარყოფს და არ გაურბის... და ვერაფრით გააჩერებ იქ, სადაც ადამიანობა თანამდებობას, წარმატებას, ფულს ან თუნდაც მსოფლიო აღიარებას ანაცვალეს...

მან თავის თავში ბავშვური სიწრფელე გადაარჩინა.

თითქოს ახლაც შეიძლება დაინახო, როგორ წევს პატარა ლოგინში, როგორ არ ეძინება და დედას დაუსრულებლად სთხოვს, რამე უამბოს... დედა კი კონკიას ზღაპარს უყვება... შეკითხვები არ მთავრდება. მერე? მერე?

"რა მერე? არ იცი, თუ რა?! როგორც იქნა, ეღირსა კონკიას სასახლეში მოხვედრა, ოღონდ უფლისწული კი არ მოვიდა მის წასაყვანად, როგორც ელოდებოდა, მსახურმა ჩამოიარა ბროლის ქოშით ხელში, მოაზომა და წაიყვანა სასახლეში, კონკების ნაცვლად ახალი, ძვირფასი კაბა ჩააცვეს, მართალია, ისეთი ლამაზი არ იყო, როგორიც ჯადოქარმა ათხოვა, მაგრამ კონკიას მაინც მოეწონა"...

კონკია ძალიან ახლობელი ხდება, ის სადღაც ლამაზ ზღაპარში კი არა, მგონი, აქვე ცხოვრობს, ერთ ჭერქვეშ ვართ. ეს ერთიანობის შეგრძნება კოტე ჯანდიერის მოთხრობების კითხვის შემდეგ ბუნებრივი და ჩვეულებრივი რამაა.

"თავისუფალი აზროვნება კი დიდი დეფიციტი იყო საბჭოთა სკოლაში და კიდევ უფრო დიდი დეფიციტია ახლა, ლიბერალური ტოტალიტარიზმის ეპოქაში", - ამბობს კოტე ჯანდიერი. თავისუფლება დეფიციტადქცეულ სულიერებასთან ერთად - მოკლედ ასე შეიძლება იმ მოთხრობების შესახებ ითქვას, რომელიც სულ მალე თქვენს ბიბლიოთეკაში აღმოჩნდება ქართული ლიტერატურის საგანძურთან ერთად.