საავადმყოფოში პაციენტი შენობის კონსტრუქციაში ჩავარდა - კვირის პალიტრა

საავადმყოფოში პაციენტი შენობის კონსტრუქციაში ჩავარდა

გორის საავადმყოფოს სტაციონარში მოთავსებული პაციენტი შენობის სხვენიდან კედლებს შორის არსებული სეისმომედეგობის კონსტრუქციის სივრცეში ჩავარდა. პაციენტი ისეთ ადგილზე იმყოფებოდა, მისი გამოყვანა მხოლოდ სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით გახდა შესაძლებელი.

52 წლის მამაკაცი ტრავმული დაზიანებებით კლინიკა ,,გორმედში“ 10 დღის წინ მოათავსეს, ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო და მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა. მდგომარეობის დასტაბილურების შემდგომ კი, პაციენტი პალატაში გადაიყვანეს, სადაც მასთან ერთად ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, მამაკაცმა, რომელსაც ფსიქიკური პათოლოგია აღენიშნებოდა, მეუღლის გვერდის ავლით მოახერხა პალატის დატოვება და შენობის კონსტრუქციის დახურულ სივრცეში ჩავარდა.

"პაციენტი შემოიყვანეს ქალა-ტვინის მძიმე ღია ტრავმით, ფიქსირდებოდა ტრავმული სისხლჩაქცევა, ქალას ძვლების მოტეხილობა, სისხლჩაქცევა თავის ტვინში. ჩატარებული არაერთი კვლევის საფუძველზე, ოპერაციული ჩარევა იმ ეტაპზე საჭიროდ არ ჩაითვალა, თუმცა, მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, პაციენტი 8-9 დღის განმავლობაში მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა, მოიხსნა აპარატიდან და ყველა სასიცოცხლო ფუნქციის სტაბილიზაციის შემდეგ, პაციენტი გადაყვანილ იქნა პალატაში, თავის ტვინის დაჟეჟილობიდან გამომდინარე, რჩებოდა მხოლოდ ფსიქიკური პათოლოგია, რაც დროში განვლადი მდგომარეობაა და შესაბამისად რეანიმაციულ განყოფილებაში მისი დატოვების აუცილებლობა აღარ არსებობდა. პაციენტს თავზე ადგნენ ოჯახის წევრები, როგორ მოახერხა ოჯახის წევრების გვერდის ავლით პალატის დატოვება, რთულია ამის თქმა, გამოვიდა პალატიდან და საავადმყოფოს შენობის სეისმომედეგობის კონსტრუქციის სივრცეში ჩავარდა. როდესაც პაციენტი დერეფანში გამოვიდა, მისი მოძრაობა ვერ შენიშნა მედდამ, ვინაიდან იგი მძიმე პაციენტთან იმყოფებოდა. ცოტა ხნის შემდგომ კი, პალატების შემოვლისას სწორედ მედდამ აღმოაჩინა, რომ მამაკაცი პალატაში არ იმყოფებოდა, გააღვიძა მისი მეუღლე და კლინიკის სხვა პერსონალთან ერთად დაიწყეს მამაკაცის ძებნა. აღმოჩნდა, რომ პაციენტი ისეთ ადგილას იმყოფებოდა, რომ მისი გამოყვანა მხოლოდ სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით გახდა შესაძლებელი. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და დაგინდა, რომ ამ ფაქტით მის ჯანმრთელობას დამატებითი პრობლემები არ შექმნია, იგი აგრძელებს მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა ყველა სხვა პარამეტრით სტაბილურია და ექვემდებარება შინ გაწერას, თუმცა, ველოდებით, რომ დასტაბილურდეს არსებული ფსიქოპათოლოგია და ერთ-ორ დღეში გავწერთ კლინიკიდან", - განაცხადა ,"გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში განხორციელებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, მოხერხდა შენობის კედლებს შორის გაჭედილი მამაკაცის უვნებლად ამოყვანა.

"ინტერპრესნიუსი"