"46 წელია ერთად­ მოვდივართ. იზოსთანა­ ცოლი რომ არ მყოლოდა, ომის შემდეგ 46 დღეც ვერ ვიცოცხლებდი" - კვირის პალიტრა

"46 წელია ერთად­ მოვდივართ. იზოსთანა­ ცოლი რომ არ მყოლოდა, ომის შემდეგ 46 დღეც ვერ ვიცოცხლებდი"

მაშინ, როდესაც ქორწილებს ეზოებში მართავდნენ და არა დარბაზებში, ჩასაფრებული პატარა ბიჭები გამოცვივდებოდნენ და მთელ ეზოს შემოურბენდნენ ყვირილ-ყვირილით: - ქორწილია, ქორწილიო! ამ დღეებში სამების ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერაზე სიძე-პატარძლებისა და მათი შვილიშვილების დანახვისას სწორედ ის პატარა ბიჭები გამახსენდა. სიხარულით ადგილზე ვერ ეტეოდნენ, ბებია-ბაბუებს ექაჩებოდნენ, ერთი სული ჰქონდათ, გვირგვინდადგმულებს როდის დაინახავდნენ! ეს წყვილებიც მთელი სიცოცხლე ხელიხელჩაკიდებული სიარულით მოვიდნენ ტაძარში ჯვრის დასაწერად - ერთმანეთი რომ არ ჰყვარებოდათ და იმ ქვეყნადაც ერთად ყოფნა რომ არ უნდოდეთ, შეუღლებიდან მრავალი ათეული წლის შემდეგ ტაძარში რა დააყენებდათ!

რამდენიმე წლის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საყოველთაო ჯვრისწერები სამარადჟამო ერთად ყოფნისთვის აკურთხა - ორთავ სოფელსა შინა ერთად ყოფნის სიხარულისთვის, და კიდევ, მათი შთამომავლობისთვის განსაცდელის ასარიდებლად, - სადაც უფალია, იქ განსაცდელიც ნაკლებია... ჰოდა, წელსაც საყოველთაო ჯვრისწერაში მონაწილეობის მისაღებად და პატრიარქის სიყვარულითა და კურთხევით კიდევ რამდენიმე ასეული წყვილი მოვიდა. იქნებ განსაცდელგამოვლილებიცა და დაქანცულებიც, მაგრამ არა ერთმანეთით - მათმა სიყვარულმა ყველაფერს სძლია და ამ ჯვრისწერაზეც ისე შესციცინებდნენ ერთმანეთს, როგორც შეუღლების დღეს.

"გვეშინოდა, იმ ქვეყნად ერთმანეთი არ დაგვკარგოდა"

85 წლის ილიამ პაპამ, რომელიც 55 წლის წინ დაქორწინდა თავის ლამზირა ბებოზე, უკვე სიძველისაგან გადაჩხაპნილი ნიშნობის ბეჭედი ამოიღო, ლამზირა ბებოს სიამაყით გადახედა და მითხრა, სულ ერთად ხომ ვართ, მაგრამ სანამ პატრიარქი ამ დღეს არ დაადგენდა, ცოტა არ იყოს, გვეშინოდა, იმ ქვეყნად ერთმანეთი არ დაგვკარგოდაო. მერე ბეჭედი კოხტად გამოწყობილმა ლამზირა ბებომაც ამოაცოცა ჩანთიდან, რომ კიდევ ერთხელა მოერგო იმ თითზე, რომელზეც მთელი სიცოცხლე ატარებდა. ამას რომ შევხედე, კინაღამ ცრემლი მომადგა, მაგრამ აბა, ამხელა სიხარულისას რა დროს ცრემლები იყო...

"ახლაც ჩემი იზოს იმედი მაქვს"

130-წყვილიან ჯვრისწერაზე კიდევ ერთი საყვარელი წყვილი მოვძებნე. 46 წლის წინ დაქორწინებულან სოხუმში და რა განსაცდელი ჰქონიათ გადატანილი...

ბორის უბილავა: - 46 წელია ერთად მოვდივართ. იზოსთანა ცოლი რომ არ მყოლოდა, სოხუმის ომის შემდეგ 46 დღეც ვერ ვიცოცხლებდი. ვიომე, სისხლი დავტოვე სოხუმის ქუჩებში და მაინც დავკარგე. მაშინ მეგონა, ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ იზომ შემომიძახა, 3 შვილი გვყავს ფეხზე დასაყენებელიო. შემდეგ იმდენი ვიშრომეთ და ვიწვალეთ, ენა ვერ აღწერს. შვილებიც დავაყენეთ ფეხზე, მაგრამ ახლაც ჩემი იზოს იმედი მაქვს. ასე მინდა იყოს სულ... ვერც იმ წუთისოფელში ვერ ვიქნები მის გარეშე!

"რას არ მივცემდი, ეს ჯვრისწერა სოხუმში რომ ყოფილიყო"

ელზა გვარლიანი: - მე და ბადრი დევნილები ვართ, კოდორიდან. 30 წლის წინ დავქორწინდით სოხუმში და რას არ მივცემდი, ეს ჯვრისწერაც სოხუმში რომ ყოფილიყო. უფალს შევთხოვთ, რომელმაც ლტოლვილობის წლები გადაგვატანინა, ის წყალობაც გაიმეტოს, რომ ჩვენმა შვილთაშვილებმა მაინც დაიწერონ ჯვარი სოხუმში.

"ჩვენს გოგოს ოცნება ავუსრულეთ"

ზოია მეტრეველი: - მე და ალექსი ამ ჯვრისწერით ჩვენს გოგოს ვახარებთ ზეცაში: 36 წლისა გარდაგვეცვალა. სულ გვეხვეწებოდა, ჯვარი დაიწერეთ, მინდა ღვთის მფარველობაში გნახოთო. მაშინ ვერ შევუსრულეთ ოცნება. ახლა თითქოს ვხედავთ, რომ ზეცაში ხარობს და ჩვენც გვიხარია, ჩვენს მეჯვარეს კი ჩვენზე მეტად - როგორც კი საყოველთაო ჯვრისწერა გამოცხადდა, არ მოგვასვენა, კიდევ არ დაიგვიანოთ, ეკლესიაში წავიდეთო!

"უფალმა მიგვანიშნა..."

ვანო ქიტუაშვილი: - 35 წელია დაქორწინებულები ვართ. ჯვრისწერა ჯერ კიდევ მაშინ გვინდოდა, სანამ ჩვენი ბიჭი ცოლს მოიყვანდა. ვამბობდით, დავასწროთ და მაგალითი მივცეთ-მეთქი, მაგრამ მან დაგვასწრო... მერე შვილი და რძალი აღარ მოგვეშვნენ - უფალს დაელოცვინეთო. შევპირდით, მაგრამ ვაჯანჯლებდით, თავად უფალს რომ არ ავეჩქარებინეთ. დიდება იმის სახელს, იმან მიგვანიშნა დროზე, თორემ მერე შეიძლება გვიან იყოს და იმ ქვეყნად ერთმანეთი ვეღარ ვიპოვოთ.

ამასობაში ჯვრისწერაც დაიწყო. სამების ტაძარში 130 წყვილი დადგა სანთლებით, ზარების რეკვა გაისმა და "მრავალჟამიერიც" აგუგუნდა. მრავალჟამიერ ყოფილიყოს მათი სიყვარული ორთავ სოფელსა შინა!

"ამ დღეს 500 გვირგვინი ამაღლდა ზეცად!"

16 მაისს პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით საყოველთაო ჯვრისწერა ჩატარდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. წელს 500-ზე მეტი წყვილი დადგა საქორწინო გვირგვინების ქვეშ. როგორც მამა მირიანმა ჯვრისწერის დასრულებისას ბრძანა: "ამ დღეს 500 გვირგვინი ამაღლდა ზეცად!"

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საყოველთაო ჯვრისწერა 2016 წლიდან ტარდება და ამ ხნის განმავლობაში 1600-მდე წყვილმა დაიწერა ჯვარი.

ეთერ ერაძე