მომავალი ოლიმპიადა მომავლისაც იქნება - კვირის პალიტრა

მომავალი ოლიმპიადა მომავლისაც იქნება

"ტოკიო-2020" ტექნოლოგიურ სასწაულებს ამზადებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე წელიწადზე ცოტა მეტია დარჩენილი, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ მომავალი ოლიმპიადა მომავლისაც იქნება. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით! იაპონელები პირობას დებენ, რომ დაიბრუნებენ ტექნოლოგიური გიგანტის სტატუსს, რომელიც ბოლო წლებში ჩინეთისა და კორეის სწრაფი პროგრესის გამო დაკარგეს. მოკლედ, "ტოკიო-2020" იდეალური შესაძლებლობაა სიახლეების დემონსტრირებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებს, მომავალსაც შეცვლის!

რობოტები და "ჩონჩხები"

რობოტული ტექნიკა იაპონიის სავიზიტო ბარათია და "ამომავალი მზის ქვეყანას" ამ სფეროში ცოტა კონკურენტი ჰყავს. მარტში თოყოტა-მ წარადგინა რობოტის ორი მოდელი, რომლებსაც ნამდვილად ვნახავთ 2020 წლის თამაშებზე და რომლებიც შშმ პირებს დაეხმარებიან. ადამიანების დამხმარე რობოტი (Human Support Robot) და მიმტანი რობოტი (Deliver Support Robot) ეროვნულ სტადიონზე გადაიტანენ ნივთებსა და პროდუქტებს, კონსულტაციას გაუწევენ, დაეხმარებიან მაყურებლებს ადგილების მოძებნაში და ა.შ. HSR აღჭურვილია ხელით, რომელსაც შეუძლია ასწიოს და გადააადგილოს სხვადასხვა ნივთი, სპეციალური სენსორების დახმარებით კი რობოტი თავს არიდებს ადამიანებსა და ნივთებთან შეჯახებას. რაც შეეხება DSR-ს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი ძირითადი ფუნქცია მიტანაა. ვიზუალურად ის რაღაც შუალედურია R2D2-სა ("ვარსკვლავური ომების" პერსონაჟი) და სანაგვე ყუთს შორის, თუმცა ყუთზე ბევრად მობილური და მარჯვეა. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა უკვე შეუკვეთეს ზემოაღნიშნული სახეობების 16 რობოტი.

"ტოიოტას" არც მეორე იაპონური გიგანტი - Panasonic-ი ჩამორჩა და აეროპორტებისა და საწყობების თანამშრომლებისთვის შექმნა სპეციალური"ჩონჩხი-კოსტიუმი, რომელიც სიმძიმეების აწევისას 20%-ით ზრდის ადამიანის ეფექტიანობას! მსგავსი კოსტიუმი იაპონიაში უკვე გამოცადეს პაუერლიფტინგის შეჯიბრებების დროს, სპორტსმენების უსაფრთხოებისთვის. დამხმარე რობოტებს განათავსებენ ყველგან, სადაც ოლიმპიადის მონაწილეები და სტუმრები იქნებიან: აეროპორტებში, სავაჭრო ცენტრებსა და ტურისტულ ადგილებში. "ტოკიო-2020"-მდე დარჩენილ დროში რობოტული ტექნიკის სხვა სიახლეებსაც ვნახავთ, რომელთა დებიუტიც ოლიმპიადაზე იგეგმება.

უპილოტო ტრანსპორტი

ავტოინდუსტრია მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის და იაპონელებს მიაჩნიათ, რომ სწორედ 2020 წელია იდეალური პერიოდი ძველ და ახალ საავტომობილო სამყაროებს შორის ზღვრის გასავლებად. "ტოიოტამ" ჯერ კიდევ 2016 წელს დააანონსა e-Palette – ფუტურისტული ავტომობილი მძღოლის გარეშე, რომელსაც ტვირთის გადატანა და მგზავრების გადაყვანა შეუძლია. Nissan-ი და Uber-ი უპილოტო ტაქსის სისტემებს ამუშავებენ, ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტში კი უკვე დატესტეს უპილოტო ავტობუსები – All Nippon Airways, რომლებიც ოლიმპიადის სტუმრებს მოემსახურებიან. ცხადია, მომავალი წლისთვის უპილოტო ტრანსპორტი ვერ შეძლებს მგზავრების ნებისმიერ წერტილში მიყვანას და მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით იმოძრავებს.

2022 წლისთვის იაპონელები უპილოტო ტექნოლოგიებზე მასშტაბურად გადასვლას გეგმავენ. ვრცელდებოდა ხმა, რომ იაპონელები ოლიმპიური ცეცხლის ანთებასაც უპილოტო აპარატს ან დრონს მიანდობდნენ, მაგრამ "ტოკიო-2020"-ის ორგანიზატორებმა კლასიკური სცენარი არჩიეს.

1964 წელს, როდესაც ტოკიომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა, გაიხსნა სინკანსენი - მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელი, 2020 წლის ოლიმპიადაზე კი მგზავრებს მოემსახურება მაღალსიჩქარიანი მატარებელი, რომელიც მაგნიტურ"ბალიშზე გადაადგილდება და 600 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობს! რეისები სატესტო რეჟიმში შესრულდება, 2027 წლიდან კი "მაგლევი" (მაგნიტური ლევიტაციის"შემოკლებული ფორმა) რეგულარულ რეისებს შეასრულებს ტოკიოსა და ნაგოიას შორის.

საწვავი წყალმცენარეებისგან

ტოკიოს თამაშები არა მხოლოდ ინოვაციური, ეკოლოგიურიც იქნება: იაპონელები ისედაც იყენებენ მზის ენერგიას, ოლიმპიური სოფელი კი წყალბადის ენერგიაზე იმუშავებს, მედლებს ძველი გაჯეტებისგან დაამზადებენ, მოწევას კი ყველგან აკრძალავენ. თუმცა ტოკიოს თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძვირად ღირებული ნაწილი იქნება წყალმცენარეებისგან დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა საწვავი! უპილოტო ტრანსპორტის მსგავსად, ამ ტექნოლოგიასაც პროტოტიპის სახე ექნება, რადგან სპეციალისტების გათვლით, ახალი თაობის საწვავზე გადასვლა 2050 წელზე ადრე არ იგეგმება. იყო ლაპარაკი, რომ ოლიმპიადის გახსნამდე იაპონია მოასწრებდა აემუშავებინა ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავებიც მხოლოდ წყალმცენარეებისგან დამზადებულ საწვავს გამოიყენებენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, პროექტი, რომლითაც თვით ამერიკული Boeing-ი დაინტერესდა, ტოკიოს თამაშების დაწყებამდე განხორციელდეს.

სახის ამომცნობი სისტემა

კარს მომდგარ ოლიმპიადაზე გამოიყენებენ სახის ამომცნობ უახლეს სისტემასაც, რომელიც არა მხოლოდ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ რიგში დგომას ააცილებს სპორტსმენებს, სპორტული ნაგებობების თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს. ტექნოლოგიების შემქმნელების თქმით, სისტემაში დაახლოებით 300 ათასი კაცის მონაცემი შევა, მათი სახეების ამოცნობა კი ობიექტებზე განთავსებული კამერებისა და მობილური დრონების მეშვეობით მოხდება. ვინმემ ეს პირადი ცხოვრების აფიშირებად რომ არ ჩათვალოს, ორგანიზატორები განმარტავენ, რომ–მსურველები თვითონ გაგზავნიან სისტემაში ფოტოებს, თანაც ეს ინოვაცია მხოლოდ ოლიმპიადის მონაწილეებსა და თამაშებზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეეხება.

ცხადია, ოლიმპიადას დაცვის თანამშრომლებიც გააკონტროლებენ - სამოსზე დამაგრებული სმარტფონების საშუალებით ისინი, ფაქტობრივად, მოსიარულე კამერებად გადაიქცევიან, გადაღებული ინფორმაცია კი გადაიგზავნება ცენტრალურ ოფისში, სადაც მონაცემებს ხელოვნური ინტელექტი გადაამოწმებს. ჯამში, ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე შესაბამისი სამსახურის დაახლოებით 14 ათასი თანამშრომელი იზრუნებს.

ოლიმპიადის ორგანიზატორები კომუნიკაციის სიმარტივისთვისაც მზად არიან: უკვე მზად არის სისტემა, რომელიც წამიერად ახდენს თარგმნას 31 სხვადასხვა ენაზე!

ტელევიზია და ინტერნეტი

წინა თამაშების გამოცდილებიდან გამომდინარე, ცხადია, მომავალი წლის ზაფხულში ტოკიოს, სულ ცოტა, ნახევარი მილიონი ტურისტი ეწვევა... და თითოეულ მათგანს დასჭირდება ინტერნეტი! იაპონია ამ სიძნელისთვისაც მზადაა: ფიჭური კავშირის უმსხვილესი ოპერატორი DoCoMo და Nokia ერთობლივად მუშაობენ 5G ქსელის გაშვებაზე. ამ მხრივ იაპონია ოდნავ ჩამორჩენილია – ბოლო თაობის ქსელი უკვე მუშაობს აშშ-ში, კორეასა და შვეიცარიაში.

ორგანიზატორებს არც ისინი დავიწყებიათ, ვინც ოლიმპიადას მხოლოდ ტელევიზიით უნდა უყუროს: ასპარეზობებს უამრავი კამერით, მათ შორის, დრონებითაც გადაიღებენ 360 გრადუსით, ტელეკომპანია NHK კი გამოსახულების 3D ფორმატზე იზრუნებს. შეჯიბრებების ტრანსლირება 8K გაფართოებით (7680 პიქსელი 4320-ზე) მოხდება - გასული წლის დეკემბერში, NHK-მ ისტორიაში პირველად აჩვენა პროგრამა ასეთი მაღალი გაფართოებით! კომპანია Fujitsu, რომელიც ფიგურულ ციგურაობაში ნახტომების შეფასების სისტემაზე მუშაობს, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად მსგავს პროგრამას სპორტული ტანვარჯიშის წარმომადგენლებსაც უმზადებს. გარდა ამისა, სპორტის სათამაშო სახეობებში გამოიყენებენ მოძრაობის სენსორებს, რომლებიც ბურთის მდგომარეობას დააფიქსირებს, ასევე ამთვლელებს, რომლებიც სპორტსმენების მოძრაობასა და მათი გულისცემის რიტმს აჩვენებს.

მეტეორიტების წვიმა ფეიერვერკის ნაცვლად

ოლიმპიური ჩირაღდნის ანთების შემდეგ, სავარაუდოდ, ტოკიოში ვერ ვნახავთ ტრადიციულ ფეიერვერკს - გარემოსდაცვითი პოლიტიკა ტურნირის ორგანიზატორებს აიძულებს პიროტექნიკაზე უარი თქვან. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იაპონელები მანათობელ შოუს არ ამზადებენ. მეტიც, სტარტაპი ALE ამუშავებს მართლაც ფუტურისტულ ტექნოლოგიას Sky Canvas, რაც მეტეორიტების ხელოვნურ წვიმას ნიშნავს! კომპანიის გაშვებული მიკროთანამგზავრების სერია გადმოყრის სხვადასხვა ფერის 5 ათასზე მეტ გრანულას, რომლებიც მეტეორიტების წვის ეფექტს შექმნიან, ეს ყველაფერი კი მხოლოდ 4 მილიონი დოლარი დაჯდება...

P.S. სავარაუდოდ, ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიების ნაწილი ვერ მიაღწევს 2020-ის თამაშებამდე. ან იაპონელები უკეთეს რაღაცებსაც მოიგონებენ. თუმცა თამაშების ორგკომიტეტიც და იაპონიის მთავრობაც მომავლისკენ იყურება. ინოვაციებს არა მხოლოდ ტოკიოს ოლიმპიადისთვის, შემდგომი წლებისთვისაც ამზადებენ. იაპონელებს მსოფლიოს გაოცება სურთ და... გააოცებენ კიდეც მომავალი წლის ზაფხულშიც და მას შემდეგაც!