შეუფასებელი საგანძურის შემგროვებელი
შეუფასებელი საგანძურის შემგროვებელი
ფოტო:თორნიკე სხიერელი
"ფეხით დავდიოდი რაჭის სოფლებში. ჩემს ე.წ. ექსპედიციებს დღესასწაულებსა და ქორწილებს ვამთხვევდი. ხალხი მღეროდა, შაირობდა, ცეკვავდა, უკრავდა, იყო კუთხური გამონათქვამები. გამოვიგონე ნიშნები, რომლებითაც ფერხულებს ვიმახსოვრებდი და ასე მოვუყარე თავი ამ უძვირფასეს განძს"

მუსიკოსი თორნიკე სხიერელი ბავშვობიდან გაიტაცა რაჭულმა ფოლკლორმა.­ სოფელ-სოფელ დადიოდა, უსმენდა მოხუცებს, სწავლობდა სიმღერებს, იწერდა თქმუ­ლებებსა თუ ლეგენდებს და ჩვენამდე მოიტანა დიდი ეთნოგრაფიული საგანძური.­ იმავდროულად, პროფესიონალურად უკრავს ხალხურ საკრავებზე - ჭიანუ­რზე, დაირასა და გუდასტვირზე.

- ოჯახში ყველა მღეროდა:
მშობლები, მათი მშობლები და თავისთავად ცხადია, შინ და გარეთ მუდმივად სიმღერა მესმოდა. ბავშვობიდან ვმღერი და ვუკრავ სხვადასხვა ხალხურ საკრავზე. ბებია მიყვებოდა, 2 წლისაც არ იყავი, გულზე დაგისვამდით და სიმღერაში გვყვებოდი, ღიღინებდიო. რომ წამოვიზარდე, უკვე მოხუცებისგან ვისმენდი რაჭულ სიმღერებს და მათთან ერთად ვმღეროდი. ყველაფერი ბუნებრივად გამოდიოდა, როგორც ხდება
ხოლმე, ტრადიცია უფროსი თაობიდან უმცროსს რომ გადაეცემა, ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც.

12 წელიწადი ონის ბიჭუნათა გუნდში­, შალვა ჯაფარიძის ანსამბლ "ბიჭუნეებში" ვმღეროდი, პარალელურად დავდიოდი სოფლიდან სოფელში, მოხუცებს ვუსმენდი და ძველ სიმღერებს ვსწავლობდი. მაშინ არ იყო შესაბამისი ტექნოლოგიები, ამიტომ ხელით ვიწერდი ანდაზებს, გამონათქვამებს, ლეგენდებს და სხვადასხვა ამბავს. დრო მოვიდოდა და მოხუცები თან გაიყოლებდნენ ამ ძვირფას საგანძურს, ამიტომ დავიწყე ძველი ნიმუშების თავმოყრა.



- დღესდღეობით თქვენს "ფონდში" რა სახის განძია თავმოყრილი?
- დიდი ზეპირსიტყვიერი, ქორეოგ­რაფიული თუ მუსიკალური მასალა. მათ შორის არის 200-მდე უძველესი მუსიკალური ნიმუში. ბავშვობაში ფეხით დავდიოდი რაჭის სოფლებში. ჩემს ე.წ. ექსპედიციებს დღესასწაულებსა და ქორწილებს ვამთხვევდი. ხალხი მღეროდა, შაირობდა, ცეკვავდა, უკრავდა, იყო კუთხური გამონათქვამები. გამოვიგონე ნიშნები, რომლებითაც ფერხულებს ვიმახსოვრებდი და ასე მოვუყარე თავი ამ უძვირფასეს განძს.

- ამასობაში პროფესიული გამოცდილებაც დაგიგროვდათ...
- 2007 წლიდან ვმღეროდი ანსამბლ "ლაშარში". 2011 წელს თბილისში ჩამოვაყალიბეთ რაჭველი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ანსამბლი, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი, და დავიწყეთ ძველი მუსიკალური ნიმუშების აღდგენა. ზოგი მათგანი მე მქონდა ჩაწერილი, ზოგიც უფრო ადრე ექსპედიტორებს და არქივებში იყო დაცული. 70-მდე სიმღერა გვაქვს აღდგენილი, ზოგიერთი მათგანის სახელწოდება დაკარგული იყო და ჩვენ დავარქვით სახელები, ასე ვთქვათ, მოვნათლეთ.

- როგორც მუსიკოსმა, რა გზა გაიარეთ?
- ვისწავლე გიორგი მთაწმინდელის უმაღლეს სასულიერო სასწავლებელში, საეკლესიო მუსიკის მცოდნე ვარ. პარალელურად შევიძინე პედაგოგიური გამოცდილებაც - 17 წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე ბავშვებთან მუშაობა. 2013 წლიდან დღემდე ანსამბლ "სახიობის" წევრი ვარ. ვკითხულობდი ლექციებს ანდრია პირველწოდებულის, შავი ზღვის უნივერსიტეტებში, სადაც ჩამოყალიბებული მქონდა ჯგუფები და სიმღერებს ვასწავლიდი.

- ახლახან დიდ ბრიტანეთში მიგიწვიეს, რა მისიით მიემგზავრებით ლონდონში?
- ზაფხულობით ფოლკლორულ სემინარებს ვატარებ. ერთ სემინარზე ინგლისიდან ჩემი მეგობარი იყო ჩამოსული, შემდეგ მიმიწვია მის ქვეყანაში და ქართული ფოლკლორით დაინტერესებულმა სხვადასხვა ჯგუფმა სემინარის ჩატარება მთხოვა ლონდონში, კემბრიჯსა და დევონში. ინგლისში 4 სემინარს ჩავატარებ.

- რა გეგმები გაქვთ?
- ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გამოცხადებულ პროექტში გავიმარჯვე და ამ წლის ბოლოს გამოსცემენ ჩემს საექსპედიციო ჩანაწერებს, იქნება როგორც ვიდეო, ისე აუდიომასალა. დაგეგმილი მაქვს სამი ტური რაჭაში - ბრიტანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, ფინელების ჯგუფს­ ვუმასპინძლებ. ტური ონში, ჩემს საოჯახო სასტუმრო "ფოლკლორის სახლში" გაიმართება, სადაც ზაფხულობით ვორქშოფებს ვმართავ. ეს არის კულტურული ტური, რომელშიც მსურველები სწავლობენ ტრადიციულ მუსიკას, კერძების მომზადებას, ვუამბობთ ლეგენდებს, ვუჩვენებთ ძველ ფილმებს, რომლებითაც სტუმრები ეცნობიან, როგორი ყოფა იყო გასული საუკუნის 20-30-იან წლების რაჭაში. მოკლედ, აქტიურად ვეწევით რაჭის პოპულარიზაციას. მეორე ტური ივლისში ჩატარდება, მესამე - სექტემბრის დამდეგს. ონის სალოტბარო სკოლის კონსულტანტიც ვარ, ბავშვებს ვასწავლი. ვაპირებ სწავლის გაგრძელებას კონსერვატორიაში. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
მარინე ბურდილაძე
07 ივნისი 2019 11:02
გაიხარე .წარმატებები იყოს თანმდევი თქვენი ცხოვრების ,ასევე ქვეყნისა და ერის სასიკეთოდ

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?