ტურისტების პოლიტიკური მიმომხილველი და გიდებით "აოხრებული" თბილისი - კვირის პალიტრა

ტურისტების პოლიტიკური მიმომხილველი და გიდებით "აოხრებული" თბილისი

რეპორტაჟი ძველი თბილისის ტურისტული ზონიდან

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად "კვირის პალიტრის" ჟურნალისტები ერთი დღით ტურისტის როლს ვირგებთ და ძველ თბილისს ვსტუმრობთ. ამჟამად, გადავწყვიტეთ, უკრაინელი ტურისტები ვყოფილიყავით. მარშრუტი დილის 11-ზე ერეკლეს ქუჩიდან დავიწყეთ და გეზი რიყის პარკისკენ ავიღეთ. შესაბამისად, გავიარეთ კაფეების გრძელი რიგი, სადაც დღისით ქუჩის ძაღლები არიან დაბინავებული, ღამე კი ტურისტები. ხიდზე უამრავი ხალხი ირევა, ფოტოებს იღებენ და თბილისის პანორამით ტკბებიან. ჩვენ რუსი ტურისტების ჯგუფს შევუერთდით და მათთან ერთად ქართველ გიდს მივაყურადეთ.

რიყის პოლიტპარტიულები

- მარჯვნივ გაიხედეთ, ამ მსხვილ მილებში თეატრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ აღარ გააკეთა, არადა, ეს ე.წ. რიყის დოქებია და იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუკსასიმ დააპროექტა, 2016 წელს კი დესიგნბოომ.ცომ-ის რეიტინგში მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვდა... ეს პრეზიდენტის სასახლეა, რომელიც ახლა ცარიელია. ცოტა ხანში გადავალთ ხიდზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს აიგო, ბიძინა ივანიშვილს კი მისი დემონტაჟი უნდოდა, მაგრამ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არ მოახსნევინა. სამაგიეროდ, ის "მოხსნეს" და ახლა ჩვენი პრეზიდენტი ქალია, სალომე ზურაბიშვილი, მას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს ხიდის თაობაზე...

თუ მზერას ტურისტებისკენ გადაიტანდით, მათ გაკვირვებულ სახეებს აუცილებლად შენიშნავდით - ვერ ხვდებოდნენ, გიდის პოლიტიკური მიმოხილვის მიზეზს, ან რატომ უნდა სცოდნოდათ ამდენი გვარი... შემდეგ ჯგუფი ჯერ კიდევ "გადარჩენილ" შუშის ხიდზე ავიდა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. სამწუხაროდ, ხიდი ისე გადავიარეთ, ტურისტების ჯგუფს არც გაუგია, რომ "მშვიდობის ხიდზე" იდგნენ.

ჩვენ რამდენიმე მათგანთან გასაუბრება ვცადეთ, მაგრამ იმდენად ცივი და უხეში დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, რომ მალე გავეცალეთ...

ჩინელებს განსაკუთრებით სტალინი აინტერესებთ...

იქვე ჩინელების დიდი ჯგუფი გარინდებული უსმენდა ქუჩის მუსიკოსების სიმღერას. ერთ-ერთი გაჯგიმული, გულზე ხელდადებული მათთან ერთად საბჭოური ხანის ქართული ესტრადის პოპულარულ სიმღერას ღიღინებდა. ჩვენც ჩინელ "მელომანთან" ვცადეთ გასაუბრება.

როგორც თარჯიმანმა ლაშა მაისურაძემ აგვიხსნა, ჩინელი ტურისტების მასობრივი შემოსვლა საქართველოში მარტიდან იწყება და აგვისტომდე გრძელდება. მათ განსაკუთრებით სტალინი აინტერესებთ და ახლაც დიდი ჯგუფი სწორედ გორში, სტალინის სახლ-მუზეუმში იმყოფება. ტურებს ინტერნეტით არჩევენ და საქართველოში მომზადებული ჩამოდიან, გორის შემდეგ, ძირითადად ყაზბეგისა და ზაფხულში თოვლიანი მთების ნახვა უხარიათ.

ჩინელი ტურისტი: - ჩინეთში საქართველოს "აბრეშუმის გზით" იცნობენ. 15 დღეა, აქ ვართ და მთელი საქართველო მოვიარეთ, მაგრამ ყველაზე მეტად თბილისი და ბათუმი მოგვეწონა. საჭმელია ცოტა მარილიანი, კიდევ არ მოგვწონს, რომ სწრაფი მატარებელი არ გაქვთ, გადაადგილებაში დიდი დრო იხარჯება...

"გიდები ქართვლის დედაზე ამბობენ, რომ თამარ მეფეა"

ჩინელებთან გამომშვიდობების შემდეგ გეზი საბაგიროსკენ ავიღეთ და გზად რამდენიმე რუს ტურისტთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა, უშედეგოდ... საბაგიროს ბილეთის გრძელ რიგში ძირითადად რუსული, ინგლისური და სპარსული საუბარი ისმის.

- ორი ბილეთი 12 ლარი - გვეუბნება მოლარე.

- ადგილობრივებისთვისაც ეს ფასია? - ვეკითხებით გაოცებული. - დიახ.

ბილეთის ფასით აღშფოთებულებმა ნარიყალაზე ასვლა მაინც გადავწყიტეთ, გონდოლაში რამდენიმე ტურისტი და იქ მომუშავე ახალგაზრდა ბიჭი დაგვემგზავრა.

- გიდები ათას სისულელეს უყვებიან უცხოელ სტუმრებს - ქართვლის დედაზე ამბობენ, რომ ის თამარ მეფეა(?!) ამ სფეროში სრული განუკითხაობაა, ძალიან ბევრ თაღლითს შეხვდებით. აბა, უცხოელმა ტურისტებმა რა იციან ქართვლის დედასა თუ ზოგადად, საქართველოზე და ადვილად ტყუვდებიან. დღეს ვინც მოისურვებს, გიდია."

საბაგიროდან გადმოსვლისთანავე ქუჩის მუსიკოსები გვხვდებიან. რეპერტუარი ტურისტების ეროვნების მიხედვით იცვლება. პირველად "კატიუშა" შემოსძახეს... ჩვენ ნარიყალასკენ მიმავალ გზას ავუყევით და იმ ადამიანებს გავესაუბრეთ, ვისი შემოსავალიც ტურისტულ სეზონზეა დამოკიდებული.

ნუკრი ლომიძე: - საქართველოს ისტორია ქართველმა გიდმა უნდა გადმოსცეს. აბა, წარმოიდგინეთ, მაგალითად, ბარსელონაზე ჰყვებოდეს ირანელი გიდი, თანაც არაკვალიფიციური, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს ფულის შოვნა გადაწყვიტა, ვინმე დაუშვებს?! ჩვენთან მიშვებულია ეს სფერო, ტურისტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ქართველებზე მეტად ირანელები, რუსები და ინდოელები ხეირობენ. მათ ჰყავთ თავიანთი გიდები, რომლებიც ინტერნეტში ამოკითხული მწირი ინფორმაციით ადვილად ახერხებენ ტურისტების "დაბოლებას". მთელი დღე აქ ვართ და ზოგჯერ ისეთ სისულელეს გავიგონებთ ხოლმე, გვრცხვენია. ტურისტული კომპანიები აქვთ გახსნილი და ფული, რაც ამ საქმიანობით შესდით, ისევ მათ ქვეყანაში მიდის - ხელი ხელს ჰბანს, ქართველს კი არაფერი რჩება. ადრე მხოლოდ ირანელებსა და რუსებს ჰქონდათ ტურისტული კომპანიები, წელს უკვე თურქებს, ინდოელებსა და არაბებსაც ვხედავთ, მათ სასტუმროები და რესტორნებიც აქვთ. შესაბამისად, ტურისტს სრულ სერვისს სთავაზობენ. ქართველები კი ვერ ახერხებენ ამ ბიზნესით სარგებელი ნახონ - ვინ მიუშვებს მათთან? ეს საკითხი სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს, ამ მხრივ ძალიან მძიმე ვითარებაა.

"წერეთელმა დაგვიტოვა"

ნუკრისთან საუბრის დროს იქვე რუსი ტურისტების ჯგუფი როკისა (თუთიყურში) და სიომასთან (მაიმუნი) ფოტოების გადასაღებად მოგროვდა. ფოტოგადაღების შემდეგ გიდმა დავით მონავარდისაშვილის "სიცოცხლის ხისკენ" გაიშვირა ხელი და ტურისტებს დაბეჯითებით უთხრა: ეს ქანდაკება ზურაბ წერეთელმა აჩუქა თბილისს! მათაც აპარატები მოიმარჯვეს და ფოტოები გადაუღეს წერეთლის დანატოვარს.

რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით სომეხი გიდის "ბრძნული" საუბარი შემოგვესმა, ტურისტებს ეუბნებოდა,"ის ეკლესია (სამებისკენ იშვერდა ხელს) სომხური ტაძარიაო(?!)

"რუსები აგრესიით გამოირჩევიან და ზოგჯერ როგორც მათხოვარს, ისე გიყურებენ"

ცივი სასმელების გამყიდველებთან შევჩერდით, სიცხეს თავი შევაფარეთ და მათაც გავესაუბრეთ.

- როგორი ტურისტული სეზონი გაქვთ? - ძალიან კარგი, აქედანვე იგრძნობა, რომ ბევრი ტურისტი იქნება ზაფხულში.

- დიდი ხანია აქ მუშაობთ? - დაახლოებით 2 წელია.

- რას უყვებიან გიდები ტურისტებს საქართველოზე? - რას უნდა მოუყვნენ, ზოგჯერ გიდები უბრალო ტაქსის მძღოლები არიან, კლიენტის მოზიდვის მიზნით, მათ გიდობასაც უწევენ, არადა, ზოგმა თბილისის ორი ქუჩის სახელიც კი არ იცის. სამწუხაროა ისიც, რომ უცხოური ტურისტული კომპანიები ძალიან ბევრია, აქ ძირითადად, ირანელები აქტიურობენ. ხომ შეიძლება ტურიზმის სფეროში ქართველები იყვნენ დასაქმებული? ჩამოდის ირანელი ტურისტი, ხვდება ირანელი მძღოლი, ირანელი გიდი, ირანელების სასტუმროში მიდის და ირანულ რესტორანში ვახშმობს. ალბათ, ვიღაც ხეირობს, თორემ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ამდენის უფლებას არ მისცემდნენ. მაგალითად, თურქეთში, ერთ ქართველს თუ დაასაქმებენ, იქვე 3 ადგილობრივიც უნდა მუშაობდეს, იქ ასეა დარეგულირებული ეს სფერო.

არაბი და ირანელი გიდები ტურისტებს უყვებიან, რომ თბილისი არაბული მარგალიტია... ასევე უამრავი რუსული კომპანიაა, რუსი გიდებითა და თავიანთი პერსონალით. ტურისტებს ეუბნებიან, ქართველები მოგატყუებენ, არ ენდოთ, ჩვენ ვიცით, სად უნდა წაგიყვანოთო და აჭმევენ ძვირიან, მაგრამ უგემურ საჭმელს. რუსები აგრესიით გამოირჩევიან და ზოგჯერ როგორც მათხოვარს, ისე გიყურებენ.

- ყველაზე მეტად რომელი ტურისტები გამოირჩევიან კეთილგანწყობით? - ევროპელები, ამერიკელები, უკრაინელები, არაბი ტურისტებიც კეთილგანწყობილი და ხელგაშლილი არიან, ბევრ ფულს ხარჯავენ, მაგრამ ქართველს არაბამდე ვინ მიუშვებს? მათ ჩამოყვანას მთლიანად ირანელები და თურქები კურირებენ.

ნინო ბურჭულაძე

ნინო წიფურია