"მახსოვს, რა გულამოსკვნით ტიროდა დედა... სიკვდილის წინ მამა ამბობდა, ისე მტკივა ყველაფერი, რაც შეიძლება მალე მინდა წავიდე და დავისვენოო" - კვირის პალიტრა

"მახსოვს, რა გულამოსკვნით ტიროდა დედა... სიკვდილის წინ მამა ამბობდა, ისე მტკივა ყველაფერი, რაც შეიძლება მალე მინდა წავიდე და დავისვენოო"

"ნატანჯი სახე სიკვდილშიც გაჰყვა. მისი სახის გახსენებისას ხშირად მიფიქრია, რისი გადატანა შეუძლია ადამიანს სიყვარულისთვის. მამაჩემს სამშობლო იმ სიყვარულით უყვარდა, რომ ეს ჯოჯოხეთი უსიტყვოდ გადაიტანა"

"- ამხანაგო გუბელაძევ, რატომ მალავთ და აუდიტორიის წინაშე არ ლაპარაკობთ, რომ მენშევიკების დროს თბილისის კომენდანტი იყავით, რატომ არ ლაპარაკობთ თქვენს ამ თანამდებობაზე ყოფნის შესახებ?

- არა ვმალავ, ვასრულებდი ამ თანამდებობას, მაგრამ ისიც კარგად მახსოვს, რომ თქვენი ბედი ჩემზე იყო დამოკიდებული. აქამდე ვერ მიპატიებია თავისთვის, რატომ გაგიშვით ხელიდან!"

1937 წლის სასამართლოს ეს ამონაწერი არც ერთ ოფიციალურ არქივში არ დაფიქსირებულა, ის ცნობილი მეცნიერის, შალვა ხიდაშელის მოგონებათა წიგნიდან არის... ამ ფრაგმენტის წაკითხვის შემდეგ, ასევე ცნობილმა მეცნიერმა ნათია ჩიქოვანმა დღემდე უცნობი ეროვნული გმირის, ივანე გუბელაძის ხსოვნის დაბრუნება გადაწყვიტა... დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრი, თბილისის კომენდანტი და იურისპრუდენციის ბრწყინვალე სპეციალისტი ივანე (ვანო) გუბელაძე ნათია ჩიქოვანის ბაბუა (ბებიის ძმა) გახლდათ. ქალბატონმა ნათიამ ერთი გულისმომკვლელი ფოტოც აღმოაჩინა: დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრებს შორის მდგარ თბილისის კომენდანტს სახელის ნაცვლად ნომერი ჰქონდა მიწერილი, რის გამოც გამომცემელი თავს იმართლებდა, ამ ფოტოზე ყველას ვინაობა ცნობილია, თქვენი წინაპრის ვინაობა არავინ იცოდა და ამიტომ დავნომრეო. საბედნიეროდ, ფოტოცა და თბილისის კომენდანტის სულისშემძვრელი ამბავი ჩვენს ხელთ აღმოჩნდა, - ქალბატონმა ნათია ჩიქოვანმა ივანე გუბელაძის ერთადერთ ქალიშვილთან მანანა გუბელაძესთან დაგვაკავშირა.

მანანა გუბელაძე

- არ გეგონოთ, რომ მამის გახსენებაზე არასოდეს მიფიქრია. წლებმა სამშობლოსთვის თავდადებული გმირების სახელები გააცოცხლა და მეც მინდოდა, რომ მათ შორის მამაც ეხსენებინათ, მაგრამ ის შიში რომ ამომიტივტივდებოდა, რა შიშითაც მე და ჩემი დეიდაშვილები ყოველი დაკაკუნებისას ვთრთოდით, რომ დედაცა და დეიდაც არ დაეპატიმრებინათ, ლაპარაკის უნარს ვკარგავ.

დეიდაჩემი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელ ჯიბრაილ ყანჩელი ცოლი იყო. ჯიბრაილიც ქაქუცასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში და ცხადია, ეს ამბავი შიშს უფრო გვიცხოველებდა. დედაჩემი შეძლებული და განათლებული ოჯახის შვილი იყო და დაპატიმრების საფრთხე მასაც ემუქრებოდა. ასე რომ, მთელი ბავშვობა მერჩივნა, მამაზე არაფერი მელაპარაკა და მხოლოდ ალბომში მისი ფოტოებით დავმტკბარიყავი. თუმცა ტკივილის გამხელის დროც ხომ ოდესღაც დგება და აი, ჩემთვისაც დადგა... მამაჩემმა დამოუკიდებელი საქართველოს მთელი მთავრობა გაიყვანა სამშვიდობოს, თვითონ კი ჯოჯოხეთში ნებით დაბრუნდა. მხოლოდ იმიტომ, რომ უსამშობლოდ, სხვა მიწაზე ცხოვრება არ შეეძლო. მერე კი ამისთვის მთელი ოცი წელიწადი საშინელი ტანჯვა გაიარა საბჭოთა ციხეებში.

ივანე გუბელაძე

ვინ იცის, რამდენჯერ უთხრეს მენშევიკური მთავრობის წევრებმა, დაფიქრდი, უკან დაბრუნებით თავს რა ხიფათში იგდებ, ჩვენთან ერთად წამოდიო, მაგრამ არ წავიდა. როდესაც ვინმე ჰკითხავდა, ვანო, ამ ჯოჯოხეთში რამ დაგაბრუნა, ხომ იცოდი, რაც მოგელოდაო, პასუხობდა, რატომ უნდა წავსულიყავი, ჩემთვის სამი მეტრი მიწის ნაჭერი ჩემს სამშობლოშიც გამოიძებნებაო!

დედა ამ თემაზე საუბარს გაურბოდა, ამიტომ არ ვიცი, მამამ მხოლოდ ბათუმამდე მიაცილა მთავრობა და იქიდან მობრუნდა, თუ სტამბოლში ჩაჰყვა, საიდანაც ისინი გაამგზავრა და ამის შემდეგ დაბრუნდა შინ. თუმცა სახლში, რომელიც რუსთაველზე იყიდა, ვეღარ შევიდა. იქ ბოლშევიკებს შეესახლებინათ თავიანთი ამხანაგები, მათ კი მამაჩემს უთხრეს, სახლი კანონის ძალით ჩამოგერთვათ და ჩვენ გადმოგვცესო... მალე მამა დააპატიმრეს 6 თუ 7 წლით, შემდეგ ცოტა ხნით გამოუშვეს და 1937 წელს კვლავ უკან შეაბრუნეს. მიკვირს, რა ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა, რომ ამდენ წამებას გაუძლო - საბჭოთა ციხეებში გადარჩენა ხომ, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. თუმცა, ალბათ, სჭირდებოდათ - მამას ბრწყინვალე იურიდიული განათლება ჰქონდა, თავისი ეპოქის უძლიერესი ადვოკატი იყო და სწორედ ამან გადაარჩინა... ამის შემდეგ კი დედა გაიცნო და მეც გავჩნდი. სულ 6 წლის ვიყავი, 1946 წელს მამა მესამედ რომ დააპატიმრეს, ამიტომ მისი სახე ბუნდოვნად შემომრჩა - როდესაც მასეირნებდა, წინ მიდიოდა მდუმარედ, მე უკან მივყვებოდი ხტუნვა-ხტუნვით. მერე მამა დროდადრო მობრუნდებოდა და გაბრწყინებული სახით შემომღიმებდა, ალბათ, რომ ვარსებობდი და განვლილი ტანჯვის შემდეგ ღმერთმა შვილი აჩუქა. ისიც მახსოვს, მენაყინეს რომ სთხოვა, მანანას ყოველდღე თითო ნაყინი აუტანე შინო და მასაც ამოჰქონდა. იმ ზაფხულს ბავშვობის ზეიმი მქონდა, მაგრამ მაშინვე დამთავრდა, როგორც კი მამა დააპატიმრეს. მახსოვს, რა გულამოსკვნით ტიროდა დედა, როგორ დარბოდა მამის ნახვის ნებართვის მისაღებად. არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ ერთ დღეს ხელი ჩამავლო და რკინიგზის სადგურზე გავიქეცით. იქ ვიღაც კაცებმა ერთ საშინელ შენობასთან მიგვიყვანეს, სადაც სხვა პატიმრებს შორის მამაც იდგა და დაგვიძახა, არ შეგეშინდეთ, ცოცხალი ვარო.

1946 წელს მამაჩემი იმ ბრალდებით დააპატიმრეს, რომ ვითომ საიდუმლო ორგანიზაციის წევრი იყო, რომელიც საქართველოში გერმანელების შემოსვლას ამზადებდა. უმძიმესი სასჯელი მიუსაჯეს - რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში გადაიყვანეს ნახვის უფლების გარეშე.

იმ ათ წელიწადში დედამ ერთხელაც ვერ მოახერხა მისი ნახვა. სამაგიეროდ, ჩვენი შინ ყოფნის დრო ამანათების მომზადებაში გადიოდა - მე და დედა მომცრო ხის ყუთებში გულმოდგინედ ვულაგებდით მამას, რისი გაგზავნაც აკრძალული არ გვქონდა. ხშირად ვუგზავნიდით თბილ წინდებს, რადგან ციხეში სასტიკად ციოდა. ერთხელ ფულიც გავუგზავნეთ, მაგრამ მოგვწერა, ეგ აღარ გააკეთოთ, ფული ჩემამდე ვერ აღწევსო. ასე გავიდა ათი წელიწადი და მამის დაბრუნების დეპეშაც მოგვივიდა. ასე რომ, ათი წლის შემდეგ მე და დედა კიდევ ერთხელ გავიქეცით რკინიგზის სადგურზე, სადაც მატარებლიდან ჩამოსული მამა ვეღარ ვიცანით.

- ამდენად შეცვლილი იყო? - მე რომ ვერ ვიცანი, გასაგებია, მაგრამ დედას ხომ მაინც უნდა ეცნო?! გაჩერდა მატარებელი, ჩამოიცალა და დაიშალა ხალხი, მაგრამ მამა არ ჩანდა. ვიდექით და გაოგნებული შევცქეროდით მატარებლის ვაგონებს. მერე დედაჩემმა ერთი მხრებში მოხრილი, გამხდარი კაცი დაინახა, რომელიც დადიოდა და ვიღაცას დაეძებდა. ამით მიხვდა, რომ ის კაცი მისი ქმარი იყო.

- ამის მერე მამათქვენი რას საქმიანობდა? - უკვე სასჯელმოხდილი ადვოკატობის აღდგენას ითხოვდა, ციხიდან გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ კი კუჭის სიმსივნე დაემართა. აბა, სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო, როცა ციხეში ათი წლის განმავლობაში მისი ყოველდღიური კვების ნორმა მხოლოდ ორი დამარილებული ქაშაყი და წყალი ყოფილა. მამაჩემს ციხეში მოხარშული კომბოსტოც კი ენატრებოდა. ან ცოცხალი როგორ ჩამოვიდა, გასაკვირია.

- თუ გიამბობდათ რამეს? - პატიმრობის წლებიდან არაფერს. მხოლოდ იმას იტყოდა, ჩემს გულში დარჩეს, რაც გამამწარეს, არ არის საჭირო, თქვენც გადმოგდოთო. ამ საშინელების მოსმენისგანაც გვიცავდა. ან რა თქმა უნდოდა, ისედაც ხომ ეტყობოდა, რაც გადაიტანა. სიკვდილის წინ კი იმას ამბობდა, ისე მტკივა ყველაფერი, რაც შეიძლება მალე მინდა წავიდე და დავისვენოო. ამის გაგონებაზე გული მიკვდებოდა. ნატანჯი სახე სიკვდილშიც გაჰყვა. მისი სახის გახსენებისას ხშირად მიფიქრია, რისი გადატანა შეუძლია ადამიანს სიყვარულისთვის. მამაჩემს სამშობლო იმ სიყვარულით უყვარდა, რომ ეს ჯოჯოხეთი უსიტყვოდ გადაიტანა.