"სახლი რუსთაველზე" - კვირის პალიტრა

"სახლი რუსთაველზე"

"მე ისევ რუსთაველს ჩავუყვები ჩემს დროსთან ერთად"

მალე! გოგი ხარაბაძის ავტობიოგრაფიული ნოველის "სახლი რუსთაველზე" და კომპაქტდისკის "თბილისს", სინთეზი - ორიგინალური მხატვრობა, დისკში მოქცეული მის მიერვე ახმიანებული ქართველ პოეტთა ლექსები თბილისზე და უზადო მუსიკალური კომპოზიცია.

გთავაზობთ ფრაგმენტებს გოგი ხარაბაძის ნოველიდან "სახლი რუსთაველზე".

რუსთაველზე ერთნაირად არ თენდება. თენდება ისე, როგორც იქ მოსიარულე ათენებს დილას...

ამ ქუჩაზე თუ გამზირზე, რა ვიცი, რამდენ თაობას ჩაუვლია და რამდენი ჩაივლის კიდევ.

"თაობა მიდის, თაობა მოდის"

...და ყოველ ახალ მოსულს თან მოაქვს თავისი თავი - სული, სათქმელი, აზროვნება, ფასეულობა.

თავისას ქმნის - ისტორიას, ქვეყანას, ქალაქს, ქუჩას...

ისეთ წესსა და კანონს ამკვიდრებს, ისეთ სიტყვას ამრავლებს - რომლისაც სჯერა;

ისეთ სახლს აშენებს, ისეთ ხეს ახარებს, ისეთი სამოსით იმოსება - როგორი გემოვნებაც აქვს;

ისეთ ქალს აყოლებს თვალსა და გულს, ისეთ კაცს უხრის ქედს - რომელიც მისი რჩეულია;

ისეთ სალამს ამბობს, ისეთ სიმღერას მღერის, ისეთ სასმელს აჭაშნიკებს, რომელიც გულს ულაღებს;

ისეთ ანაბეჭდს ტოვებს, რამსიმაღლეც არის!

რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, ჩემს რუსთაველს ეხება, ჩემი მოგონებების გაელვებაა რუსთაველის გამზირზე...

ერთ მშვენიერ პირველ სექტემბერს სკოლაში წამიყვანეს.

ის დღეც კარგად მახსოვს და პირველი გზაც - სკოლისკენ.

დედაჩემს ცალ ხელში "დედაენიანი" ჩანთა ეჭირა, მეორეში ჩემი ხელი და რუსთაველზე მივყავდი ჩვეულებრივზე საქმიანი ნაბიჯით.

KvirisPalitra.Geილიასა და აკაკის ძეგლი რუსთაველზე მოგვიანებით დადგეს, მანამდე ვაჟთა პირველი სკოლის სპორტულ დარბაზს ეჭირა ის ტერიტორია. თვითონ სკოლის შენობაში ლესია უკრაინკას ქუჩიდან იყო შესასვლელი.

"ნიკოლოზ ბარათაშვილმა ამ კიბეზე მოიტეხა ფეხი და მერე მთელი ცხოვრება კოჭლობდა" - თითქოს მაფრთხილებდა დედაჩემი კიბეებზე ასვლისას.

კიდევ ორი დეტალი ჩამრჩა მეხსიერებაში. თეთრი დაფა - ოქროსფრად ჩამოწიკწიკებული ასოებით - და პლაკატები, რომელთა არც შინაარსი მესმოდა მაშინ და არც ავტორთა ვინაობა მეუბნებოდა რამეს.

ის დაფა - პირველი სკოლის სახელოვან მოსწავლეთა გვარების ჩამონათვალით - ილიას, ბარათაშვილის, ორბელიანისა და სხვების თაოსნობით, იმედი მაქვს, დღესაც ამშვენებს იქაურობას. რაც შეეხება ლენინ-სტალინ-ბერიას ლოზუნგებიან პლაკატებს, მათ ჯერ კიდევ სკოლაში ჩემი სწავლის დროს გამოუტანეს განაჩენი. გააქრეს და მორჩა...

ისევ რუსთაველი. სკოლის პერიოდის კიდევ ერთი ძლიერი შთაბეჭდილება. დაწყებითი კლასის მოსწავლე ვარ. გაკვეთილები დაგვიმთავრდა, დამრიგებელმა სკოლის კარამდე მიგვაცილა. გარეთ დედა მელოდება, რაღაც უჩვეულო ხდება, ქუჩა სავსეა უცნაურად აფუთფუთებული ხალხით. დედაჩემიც აფორიაქებულია, ხელს მკიდებს და სახლისკენ მექაჩება. ვგრძნობ, რაღაცას უნდა რომ მომარიდოს, ვუძალიანდები, კისერი იქით მეღრიცება, მთავრობის სახლისკენ სადაც ხალხია შეკრებილი.

ხელიდან ვუსხლტები დედას და მათკენ გავრბივარ.

ეს ის დროა, როცა მთავრობის სახლის, დღევანდელი პარლამენტის შენობის მშენებლობაა გაჩაღებული.

პირველი, რაც თვალში მხვდება, მორღვეული ღობეა. ხალხი ჩემკენ ზურგით დგას. წვალებით მივიკვლევ გზას მათ შორის. უცნაური სანახაობა იშლება ჩემს თვალწინ ზუსტად იმ ადგილას, სადაც წლების შემდეგ, 9 აპრილს, საბჭოთა ჯარი სისხლიან კალოს მოაწყობს - უზარმაზარი ორმოა გათხრილი. ხალხი თხრილს ჩაჰყურებს. კაციშვილი ხმას არ იღებს. პირდაფჩენილ მიწაში ძველი ხის მოგრძო ყუთებს ვხედავ.

ვერ ვხვდები, რისა, მაგრამ მეშინია. გაქცევა მინდა, თუმცა ადგილიდან ვერ ვიძვრი. ყუთებს თვალს ვერ ვაშორებ, მერე სახეებს ვათვალიერებ გარშემო, ვცდილობ გავიგო, რა ხდება.

KvirisPalitra.Geდედა მპოულობს, გულში მიხუტებს და უსიტყვოდ მივყავარ სახლისკენ.

მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ვიგებ, როგორ ანგრევდნენ გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკები ეკლესია-მონასტრებს, როგორ დაუნგრევიათ ჩემი სკოლის გვერდით მდგარი ალექსანდრე ნეველის ტაძარი ე.წ. "სობორო", რომლის ეზოშიც 1921 წელს კოჯორთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი იუნკერები განისვენებდნენ. თავახდილ საფლავებში, სწორედ იმ მებრძოლთა კუბოები მინახავს იმ დღეს, როცა წარსულზე ქვაფენილის დაგებას იწყებდა მაშინდელი მთავრობა.

იმელის პირდაპირ, ცეკავშირის მაღაზიის წინ, ტროლეიბუსის გაჩერებასთან ვხედავ გალაკტიონს, პორტფელით ხელში დაღლილი ნაბიჯით მოდის.

- გამარჯობათ, ბატონო გალაკტიონ - ვბედავ მისალმებას.

- გაგიმარჯოს. მპასუხობს და ხელს მიწვდის. ვიბნევი მოულოდნელობისგან, სიხარულისგან, ხელის ჩამორთმევის ბედნიერებისაგან. მიყურებს.

- სად მიდიხარ, ბიძიკო? - ისევ მოულოდნელი კითხვა.

- ლადო გუდიაშვილის იუბილეა, ოპერაში, იქ მივდივარ... ცოტას ვტრაბახობ.

- იუბილე, იუბილე... აქეთ-იქით იყურება - ოპერაში... და მე არა? მეტის გაგებას ვერ ვახერხებ, ლაპარაკით განაგრძობს გზას.

ცოტას კიდევ გაივლი და ლაღიძის წყლებთან, სადაც დღეს ტანსაცმლის მაღაზიაა, გოგლას დალანდავ ლეონიძეს, პაპიროსს აბოლებს, ვიღაცას ელაპარაკება, ბუხუნებს.

გავაგრძელებ, მოვყვები იმას, რაც მინახავს...

რუსთაველის თეატრიდან თეატრალური ინსტიტუტისკენ მძიმე ნაბიჯით მიმავალი ხორავა გინახავს? იმავე თეატრის მსახიობთა გამოსასვლელიდან ჩქარი, თითქმის ისტერიული ნაბიჯით გამოშლიგინებული სერგო ზაქარიაძე? იმავე თეატრის წინ ბირჟაზე მდგომი, დასალევად გამზადებული ეროსი, რამაზი, ჟორჟიკა საღარაძე?

სხვა ქალაქია, არა?

სხვა სურნელი მოდის!

ცოტა ქვემოთ ჩაიწევ და კაფე "თბილისში" იქნებ იმავე დღეს გადააწყდე ოთარ ჭილაძეს, თამაზს, ზაურ ბოლქვაძეს, გურამ ასათიანს, აჩიკო სულაკაურს, ედიშერ ყიფიანს, ნოდარ დუმბაძეს, ჭაბუას... სტუმრად ჩამოსულ განუმეორებელ ბელა ახმადულინას. მერე შეიძლება მხატვრებიც შემოვიდნენ რეზიკა თარხან-მოურავის მეთაურობით... შეიძლება ავთო ვარაზმაც შემოიაროს.

საღამოს პრემიერაზე ესენი ყველანი იქნებიან... სიმონ ჩიქოვანი, ირაკლი აბაშიძეც...

სხვა სპექტაკლი იქნება, ალბათ, არა?

შეიძლება მეორე დღეს, იმავე კაფეში თუ ფული იშოვეს ან ჰონორარები დაარიგეს, ბიჭებიც ამოვიდნენ კინოსტუდიიდან, ანზორ სალუქვაძე, ოთარ იოსელიანი, რეზო ჭეიშვილი...

სხვა კამპანიაა, არა?

ბავშვობის მოგონებები დამავიწყდა, წიგნებით დახუნძლული სოსო გრიშაშვილი მუქი მწვანე შლიაპით, ვახტანგ ჭაბუკიანის შავი "ზიმი" ოპერის კუთხეში, საღამოს კი თვითონ ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე "ოტელოს" როლში.

დათიკო გამრეკელი და ზურიკო ანჯაფარიძე, დიდი თეატრის სოლისტები, თბილისში საგასტროლოდ ჩამოსულები და სასტუმრო "თბილისიდან" - თეატრისკენ მიმავალნი...

KvirisPalitra.Geიმავე რუსთაველის თეატრის წინ სხვადასხვა დროს მეგობრების მომლოდინე მიშა მესხი და დათო ყიფიანი...

სხვა აზარტია, არა?

სულ ცოტა ბიძგი სჭირდება ფანტაზიას და შეიძლება ელბაქიძის დაღმართზე ამომავალი მიხეილ ჯავახიშვილიც წარმოიდგინო, თავის საყვარელ ჭადართან მდგარი ლადო ასათიანიც და რა ვიცი, "ორიენტში" პაოლო და ტიციანი თავისი მიხაკით.

იმის უფლებას თუ მომცემ, რომ კიდევ უფრო უკან დავბრუნდე, ნახე, რას გადავაწყდებით:

"ერთხელ გოლოვინის პროსპექტზე ვიყავი, როცა უეცრად წვიმამ დაუშვა. პალტო არ მეცვა და ამიტომ ჩქარი ნაბიჯით გავწიე სასტუმროსაკენ. უკნიდან ხმა მომესმა "ბატონო აკაკი, შეიცადეთ! შევჩერდი, მივიხედე და ჩემთან მოიჭრა ქოლგით ხელში ვიღაც თორმეტ-ცამეტი წლის გოგონა და შემომთავაზა ქოლგა: გამომართვით ქოლგა და მერე მიბოძეთ!

- მერე თქვენ?

- მე არა მიჭირს-რა რომ დავსველდე და თქვენ ვაითუ გაწყინოთ. რომ აღარ მომეშვა, გადავწყვიტეთ ორივენი ამ ქოლგას შევფარებოდით და ისე მივსულიყავით ჩემს სადგურამდე. სასტუმროს კარებთან გამომეთხოვა და თავის ქოლგიანად გაუდგა გზას. დღესაც არ ვიცი, ვინ იყო, რა ერქვა და რა გვარისა იყო. მაგრამ მისი უმანკო სახე - წმინდა სახე კი, ყოველთვის თვალწინ მიდგას - და მჯერა, რომ ის გოგონაც იმ ქართველ ქალთა მოდგმისა იყო, რომლებმაც გადაარჩინეს ჩვენი პატარა ქვეყანა".

გული აგიძგერდა არა? მეც!

ჰო, ეს აკაკია.. აკაკი. ახლა მითხარი, ვინ უფრო გენატრება, აკაკი, თუ ეს უსახელო 13-14 წლის გოგონა "სავსე ქართული პატიოსნებით".

თუ მე-18 საუკუნემდეც მიმიშვებ, ნახე როგორ მოიჩქარის ყველა თბილისს. რა ოცნებებითა და ენერგიითაა ეს ქალაქი დადენთილი. აბა, დავით გურამიშვილს მოუსმინე:

"ერთმან იხუმრა: ვიბანებ თიფლის

აბანოს ნურითა,

მეორემ - თევზით გავძღები ზურგიელ

გელაქნურითა,

მესამემ - მივიბრუჟები ღვინითა ატენურითა,

მეოთხემ - კიდეც დაგვთოკენ საბლითა

მაზმანურითა!

ან - ვახტანგ VII-ს:

"რა სჯობს მაისში ტფილისსა ვარდი

ვარსკვლავებრ ესხასა!

მწვანედ ღელავდეს გარემო, ცვარი ცის

მაზედ ესხასა,

თუ არ უშმაგო, ვინცა ქნას, მაზედა

რითმე ესხასა?

მე ასე მითქვამს, უთუოდ ის კაცი იყოს,

ეს ხასა"

მაგრამ მოვეშვათ, ნანახს დავუბრუნდეთ!

ოპერასა და რუსთაველს შუა კულტურის სამინისტროა, იქ შესულს ან გამოსულს აუცილებლად წააწყდები რეზო ლაღიძეს, ვერიკოს, სესილიას, მედიკო ჯაფარიძეს...

სხვა სილამაზეა, არა?

სხვა ქალაქია, არა? სხვა ფასი, სხვა წონა, სხვა ფერი აქვს...

ჰო, ეგ არის, თბილისია! ჩემი თბილისი!

ახლა, შენ გაიარე რუსთაველზე და მერე მიამბე, ვის გადააწყდი. მე დაგელოდები...

რუსთაველიც დაცარიელდა. ჩემთვის დარჩა შენობების ათასგზის შეცვლილი ფასადები, ახალ-ახალი განათება, მოშრიალე ჭადრების ადგილას უცხო, თითქოს ხელოვნური მცენარეები...

აუცილებლობის შემთხვევაში, გულგრილად ჩავუქროლებ ხოლმე მანქანით საკუთარ წარსულს - ჩემი დარდითა და ჩემი სიყვარულით სავსეს...

როცა რუსთაველი დაეკარგა...

დარჩა პოეზია...

ლექსები თბილისზე, რომელიც გოგი ხარაბაძემ ჩაწერა და თან დაურთო საკუთარი მოგონებების წიგნს...

"მარტო არ ვყოფილვარ ამ საქმეში. თაობათა გადაძახილი გამოვიდა..."

"მხარში მედგა ჩემი უფროსი მეგობარი, ნოდარ მამისაშვილი - კომპოზიტორი, მეცნიერი, მოაზროვნე, ახალი ქართული ზარის ამხმიანებელი - თავისი ბგერითა და ესთეტიკით და შესანიშნავი ახალგაზრდა მხატვარი, ასევე ჩემი მეგობარი, ოღონდ უმცროსი, კოტე ჯაფარიძე, რომელმაც ჩემი სამყარო თავისებურად, თავისი დროის სახეებითა და ფერებით ჩახატა".