მრისხანე ბატკო - კვირის პალიტრა

მრისხანე ბატკო

ნესტორ მახნო: "სამშობლოში მხოლოდ უკრაინულ არმიასთან ერთად დავბრუნდები, რათა რუსი ოკუპანტები განვდევნო!"

ქალაქ გულიაი პოლეს ხელისუფლება აპირებს 1910-1920 წლების სამოქალაქო ომის დროს მოქმედი ანარქისტული მოძრაობის ლიდერის, ნესტორ მახნოს ნეშტი ისტორიულ სამშობლოში დააბრუნოს. ამის შესახებ იუწყება უკრაინული მედია. ხელისუფლებამ მიიღო მახნოს შთამომავლის, მისი ძმის შვილიშვილის თანხმობაც. მახნო პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზეა დაკრძალული, კომუნარების საფლავის მახლობლად.

ანარქისტი

ნესტორ მახნო გულიაი პოლეში (ამჟამინდელი დნეპრის ოლქი), გლეხის ოჯახში დაიბადა. 16 წლისა პოლიციელის მოკვლისათვის დააპატიმრეს, მაგრამ მცირეწლოვნობის გამო სიკვდლით დასჯა კატორღით შეუცვალეს. ციხეში მახნო ანარქისტებს დაუახლოვდა. მათ ნიჭიერ უკრაინელ ყმაწვილს მათემატიკა, ისტორია და, რაც მთავარია, პოლიტიკა შეასწავლეს. ამან განაპირობა მისი პოლიტიკური მრწამსიც - ის ანარქისტი გახდა. მახნოს აზრით, რუსეთის იმპერიის ნაცვლად უნდა შექმნილიყო ე.წ. თავისუფალი საბჭოები, სადაც ხალხი თავის წარგზავნილებს აირჩევდა. საბჭოები იზრუნებდნენ, რომ არ ყოფილიყო ექსპლუატაცია, ბანდიტიზმი, გავრცელებულიყო განათლება და ა.შ.

შეხვედრა ლენინთან

1917 წლის რევოლუციამ მახნო ციხიდან გაათავისუფლა. ის ბრუნდება თავის მშობლიურ გულიაი პოლეში და ე.წ. თავისუფალი საბჭოების იდეის განხორციელებას ცდილობს, მაგრამ იმედგაცრუება ელის - უკრაინელებს დამოუკიდელობა სურთ და არა თავისუფალი საბჭოები.

შემდეგ იყო ოქტომბრის გადატრიალება, მალე კი რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. 1918 წლის გაზაფხულზე უკრაინა გერმანელებმა დაიკავეს. მათ გარეკეს ცენტრალური რადა, ხოლო უკრაინის ჰეტმანად გენერალი პავლო სკოროპადსკი გამოაცხადეს. ბრესტის ზავის თანახმად, საბჭოთა რუსეთი იძულებული გახდა, ეღიარებინა დამოუკიდებელი უკრაინა.

მახნოც მოსკოვში გაემგზავრა და იქაური ანარქისტების წრეში გაშინაურდა. ფელიქს ძერჟინსკიმ ლენინს მოახსენა, მოსკოვში ვინმე მახნო გამოჩნდა, ენაზე ბომბები, ტერაქტები და ექსპროპრიაცია აკერიაო.

- მახნო უკრაინული გვარია. უკრაინდან ჩამოვიდა? - შეეკითხა ლენინი. - დიახ, ვლადიმერ ილიჩ! - მიუგო ძერჟინსკიმ.

ლენინი მახნოს ხვდება. დიქტატორი სთავაზობს, რომ ის მშობლიურ უკრაინაში დაბრუნდეს და პარტიზანულ მოძრაობას ჩაუდგეს სათავეში.

მახნო დაფიქრდა.

- შეიძლება მქონდეს თქვენი დახმარების იმედი?

- რასაკვირველია, - გაიღიმა ლენინმა, - მოგცემთ იარაღს, ინსტრუქტორებს. დანარჩენი თქვენ იცით.

მალე მახნო უკრაინაში დაბრუნდა.

ნიჭიერი პარტიზანი

უკრაინაში დაბრუნებული მშობლიურ გულიაი პოლეში ჩავიდა. გერმანელებისა და მემამულეებისგან ხალხი ისე იყო შეწუხებული, მახნოს მაშინვე მხარი დაუჭირეს. პარტიზანული რაზმი დღითი-დღე იზრდებოდა. ასე აზვირთდა მოძრაობა, რომელიც ისტორიაში "მახნოვშჩინის" სახელით შევიდა. მახნომ, რომელსაც არავითარი სამხედრო განათლება არ ჰქონდა, შესაშური მხედართმთავრული ნიჭი და სიმამაცე გამოავლინა."პარტიზანული ომის გენიოსი"- ასე უწოდა მას ლევ ტროცკიმ. სწორედ მახნოს გამოგონებაა ლეგენდარული ტაჩანკები. ამის შედეგად მისი არმია მობილურ ძალად გადაიქცა. მახნოელები ანაზდად ჩნდებოდნენ და ასევე ანაზდად უჩინარდებოდნენ. მალე მახნოელთა კონტროლქვეშ დიდი ტერიტორია მოექცა.

მახნოური "წესრიგი"

მახნოს არმიაში უკრაინელების გარდა იყვნენ რუსები, ებრაელები, თათრები, ანუ ყველა ეთნოსი, რომელიც იმხანად უკრაინაში ცხოვრობდა. მეთაურს ჯარი ირჩევდა. თუ არ მოეწონებოდათ, გადაირჩევდნენ. ლოთობა, ყაჩაღობა და მაროდიორობა მკაცრად ისჯებოდა. ამავე დროს, ყველა მებრძოლს ნადავლიდან წილი ერგებოდა, თუ რამდენი, ამას ჯარსკაცები საერთო კრებაზე წყვეტდნენ. არმიაში სამსახური ნებაყოფლობითი იყო. სურვილის შემთხვევაში ყველა ჯარისკაცს შეეძლო, არმია დაეტოვებინა. მახნოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. თავისუფალი საბჭოები მოქმედებდნენ. მათ ხალხი ირჩევდა. საბჭოს წევრებიც ხალხის წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებული.

- ციხეში გამოსწორებული დამნაშავე არ არსებობს! ციხე ადამიანის დათრგუნვის და გატეხის იარაღია, - თქვა მახნომ და ციხეები გააუქმა.

წვრილმანი დანაშაულისათავის (ხულიგნობა, ლოთობა) მიღებული იყო გაკიცხვა, უფრო სერიოზულისთვის (ქურდობა) - საჯარო გაროზგვა, მკვლელს ან ყაჩაღს კი საჯაროდ ხვრეტდნენ.

ბატკომ ე.წ. აგრარული რეფორმაც გაატარა. მან გლეხებს მიწა უსასყიდლოდ დაურიგა. სწორედ მახნოს სახელს უკავშირდება უკრაინაში პირველი კომუნების შექმნა. - გლეხი თვითონ უნდა დარწმუნდეს, რომ კომუნა მეურნეობის უფრო პროგრესული ფორმაა! კომუნაში ხალხის ძალით შერეკვა არ შეიძლება! - ამბობდა მახნო.

ურთიერთობა პეტლიურასთან

1918 წლის დეკემბერში უკრაინაში გერმანელთა წინააღმდეგ საერთო-სახალხო აჯანყება დაიწყო. მას სათავეში სიმონ პეტლიურა ჩაუდგა. აჯანყებულებმა გარეკეს გერმანელები და აღადგინეს დამოუკიდებელი დემოკრატიული უკრაინული რესპუბლიკა. მალე პეტლიურას ემისრები გულიაი პოლეშიც ჩავიდნენ.

პეტლიურას ემისრები მახნომ თავაზიანად მიიღო, თუმცა გაერთიანებაზე არც უფიქრია. მას შურდა პეტლიურასი, რომელსაც მეტი მომხრე ჰყავდა.

პეტლიურა მეეტლის ოჯახში დაიბადა. პოლტავის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, საიდანაც ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობის გამო გარიცხეს. შემდგომში უკრაინის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. რედაქტორობდა მოსკოვში გამომავალ რუსულენოვან ჟურნალს "უკრაინსკაია ჟიზნ". პირველი მსოფლიო ომის დროს მობილიზებული იყო ფრონტზე. ცარიზმის დამხობის შემდეგ უკრაინის ცენტრალური რადას ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა, 1919 წელს კი გამოიკვეთა, როგორც უკრაინული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.

მახნო პეტლიურას მოლაყბესა და ჯიბის ნაპოლეონს უწოდებდა, ამან კი კონფრონტაცია გამოიწვია. 1919 წლის ბოლოს რუსული წითელი არმია უკრაინაში შეიჭრა. მახნო წითლების მხარეს დადგა. მისმა არმიამ შტურმით აიღო ეკატერინოსლავი (ამჟამინდელი დნეპრი). პეტლიურამ მის წინააღმდეგ პოლკოვნიკ სამოკიშის ნაწილი გადაისროლა. მახნოელებსა და პეტლიუროველებს შორის მოხდა პირველი შეიარაღებული შეტაკება, რომელშიც მახნომ სასტიკი მარცხი იწვნია. 1919 წელს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მასობრივი პარტიზანული ბრძოლები გაჩაღდა. მალე უკრაინაში დენიკინელები შეიჭრნენ. მას შემდეგ, რაც მახნო მათთან ბრძოლაში რამდენჯერმე დამარცხდა, პეტლიურასთან დაკავშირება სცადა. ბოლოს და ბოლოს, მძლავრმა ეროვნულმა ტალღამ მახნოზეც იმოქმედა და მან უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობა აღიარა.

- დასცხე წითლებს, სანამ არ გაწითლდებიან, თეთრებს, სანამ არ გათეთრდებიან! გაუმარჯოს უკრაინას! - ასეთი გახდა მახნოს ლოზუნგი.

ლაშქრობა ყირიმზე

მალე უკრაინა კვლავ რუსულმა წითელმა არმიამ დაიკავა. ტროცკიმ მახნოსთან კავშირი აღადგინა.

- ისინიც უკრაინელები არიან და მეც! მათ წინააღმდეგ იარაღს არ აღვმართავ!

ტროცკი არ მისძალებია - შავრაზმელი გენერლის, პეტრე ვრანგელის წინააღმდეგ ომში თუ დაგვეხმარებითო, ჰკითხა.

მახნო გაიბადრა: - რასაკვირველია!

დარტყმა ზურგში

მახნოს არმია წითლებთან ერთად ყირიმისკენ გაემართა, სადაც თეთრი გენერალი პიოტრ ვრანგელი იყო გამაგრებული. სწორედ მახნოს ეკუთვნის ყირიმში სივაშის (იგივე "დამპალი ზღვა"- ყურე ყირიმთან, აზოვის ზღვის დასავლეთში) გავლით შეღწევის იდეა. მახნოელთა უმრავლესობა სწორედ ყირიმის აღებას შეეწირა, მაგრამ ლენინს მახნო აღარ სჭირდებოდა.

- დაარტყით ზურგში! - ეს ბრძანება პირადად ლენინმა გასცა.

ფრუნზემ ილიჩის მითითება ზუსტად შეასრულა. წითელარმიელებმა აიღეს გულიაი პოლე და მახნოს დაარსებულ კომუნას ცეცხლი წაუკიდეს. მახნო იძულებული გახდა, ქალაქ იამპოლთან საზღვარზე გადასულიყო და რუმინეთის ხელისუფლებას ჩაჰბარებოდა. რუმინელებმა მახნო დააპატიმრეს და კარგა ხნის დაკითხვების შემდეგ პოლონეთში გაასახლეს, სადაც ის კვლავ დააპატიმრეს. დაკითხვები თვე-ნახევარს გაგრძელდა. ამის შემდეგ გაათავისუფლეს და პოლონეთიდან გაასახლეს. დიდხანს ხეტიალის შემდეგ მახნო პარიზში დამკვიდრდა.

აღსასრული

მახნოს არ ჰქონდა ფული, ნორმალური ბინა. ბატკოს ცოლი გალინა კუზემკო იძულებული გახდა, მრეცხავი გამხდარიყო, თვითონ მახნო კი ჯერ მეწაღედ, შემდეგ სტამბის მუშად მუშაობდა.

ბობოქარმა ცხოვრებამ მისი ჯანმრთელობა შეარყია, ცოლმაც მიატოვა... ოდესღაც მრისხანე ბატკო სრულიად მარტო დარჩა. ამ დროს მახნოს ჩეკისტები დაუკავშირდნენ და სსრკ-ში დაბრუნება და მაღალი პენსია შესთავაზეს. სამაგიეროდ, მოითხოვდნენ, რომ სხვა ემიგრანტების მსგავსად, საბჭოთა ხელისუფლება ეღიარებინა.

- სამშობლოში მხოლოდ უკრაინულ არმიასთან ერთად დავბრუნდები, რათა რუსი ოკუპანტები განვდევნო! - შეუთვალა მათ მახნომ.

1934 წელს მახნო პირიზში, სიმარტოვესა და სიღატაკეში გარდაიცვალა. როცა პარიზი ჰიტლერელებმა აიღეს, მათ მახნოს ცოლი გალინა კუზემკო და მისი ქალიშვილი დააპატიმრეს. ერთხანს პარიზის გესტაპოში ჰყავდათ გამომწყვდეული, შემდეგ გერმანიაში, იძულებით სამუშაოებზე უკრეს თავი. ომის შემდეგ კუზემკო და მისი შვილი უკვე საბჭოთა ჩეკისტებმა დააპატიმრეს, სსრკ-ში ჩამოიყვანეს და ხანგრძლივი დაკითხვების შემდეგ გულაგში გამოამწყვდიეს. მახნოს ქალიშვილი საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა, გალინა კი სტალინის სიკვდილის შემდეგ გაათავისუფლეს. ქალი ყაზახეთში დასახლდა, სადაც ქიმიურ კომბინატში მუშად მუშაობდა...

ეპილოგი

უკრაინელებს სწამთ, რომ წინაპართა სულები მათზე ლოცულობენ და გაჭირვებისას ეხმარებიან. დღეს, როცა უკრაინა დამოუკიდებლობას იარაღით იცავს, სხვა გმირებთან ერთად მახნოს ხმაც გაისმის:

- წინ უკრაინა! წინ გადამწყვეტი გამარჯვებისაკენ!

ნიკა თევზაძე, ისტორიის დოქტორი

მწერალთა კავშირის წევრი