"დროში გასული ტფილისი" - კვირის პალიტრა

"დროში გასული ტფილისი"

"ქართველმა გრაფიკოს-დიზაინერმა ძველი თბილისის მუშებს, მეთულუხჩეებს, ბაზაზებსა თუ მეტივეებს თანამედროვეობის ელემენტები დაუმატა და ორი დროის შერწყმა მიიღო"

ბექა ბერიძე გრაფიკოს-დიზაინერია, რომლის ნამუშევრებიც სოცქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პირველი პროექტი სელფის თემატიკაზე 2016 წელს გამოაქვეყნა. ამ ამბავში უცნაური და სახალისო ის იყო, რომ ცნობილი ქართული მხატვრული ფილმების, მაგალითად, "ქვევრის", "შერეკილებისა" და "ნატვრის ხის" პერსონაჟებს ხელში ტელეფონები დააჭერინა და საზოგადოებას წარმოადგენინა, როგორ გადაიღებდნენ სელფებს. ლოგოებისა და პოსტერების დამზადების პარალელურად, მუშაობა ქართული სიტყვების დახატვა-განვითარებაზეც დაიწყო...

ბექა ბერიძემ ახლახან კიდევ ერთი პროექტი - "დროში გასული ტფილისი" გამოაქვეყნა.

- ახლა ძალიან აქტუალურია თბილისში ან სხვა ქალაქებში ძველი ფოტოების თანამედროვე შენობების ნაწილებისთვის მისადაგება. მე შებრუნებული ვერსია ვცადე - მინდოდა ძველ ფოტოში გამოჩენილიყო თანამედროვეობა, ჩამესვა რაიმე ისეთი ელემენტი, რაც მთავარია ფერადი, რომ ორი დრო ერთმანეთს შერწყმოდა. ამ ექსპერიმენტის მიზანი ის იყო, საინტერესო და სახალისო გამოსულიყო და, მგონი, გაამართლა, თან მუდმივად ერთსა და იმავე რაღაცაზე მუშაობა არ მიყვარს. მინდოდა ორიგინალური სახელიც დამერქმია და "დროში გასული ტფილისი" შევურჩიე - აქ ხომ ორი სხვადასხვა დრო ერწყმის ერთმანეთს, თანამედროვეობა და წარსული. ძველი ეპოქის ადამიანები წარმოდგენილი არიან თანამედროვე სიტუაციაში.

- ფოტოები რა პრინციპით შეარჩიე?

- ჯერ ავარჩიე მე-19 საუკუნის თბილისის ფოტოები, რომლებიც შედარებით კარგი ხარისხის იყო. წარმოვიდგინე, რისი შეცვლა, რა ელემენტის ჩასმა შეიძლებოდა ამა თუ იმ ფოტოზე, თანამედროვე და თან თემატურიც რომ ყოფილიყო. თანამედროვე ფოტოები ჩემი გადაღებული არ არის, მოვიძიე და ფოტოშოპით გავაკეთე.

- რომელმა პროექტმა მოგიტანა ყველაზე დიდი წარმატება? - ყველაზე პოპულარული "სიტყვები" გამოდგა, რომელიც 2016 წელს გამოვაქვეყნე. ერთ კორეელ დიზაინერს მსგავსი რამ ლათინური ასოებით ჰქონდა გაკეთებული. მის ნამუშევრებს ხშირად ვათვალიერებდი. ერთხელაც ვიფიქრე, ქართულად მეცადა. თავიდან ერთ-ორ სიტყვაზე ვიმუშავე, ზუსტად არ მახსოვს, პირველი რომელი იყო, მგონი, "ყავა" და ძალიან საინტერესო გამომივიდა. მერე რამდენიმე მივამატე და მივხვდი, რომ ქართული ასოებითაც ძალიან კარგი რაღაცების გაკეთება შეიძლება. მერე პროექტის სახით ავტვირთე ჩემს გვერდზე და უამრავი მოწონება და გაზიარება ჰქონდა. სიტყვებს ილუსტრატორით ვაკეთებ. ჯერ მოდის იდეა, შემდეგ ფანქარსა და ფურცელს ვიყენებ და მერე უკვე კომპიუტერში გადამაქვს, ვაციფრულებ.

- როგორც ვიცი, ამჟამად გერმანიაში გაქვს გამოფენა.

- დიახ, ქალაქ მიუნსტერში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სამწუხაროდ, ვერ ვესწრები. ერთ-ერთმა ქართულ-გერმანულმა ორგანიზაციამ ქართული სიტყვების გამოფენა გამართა, სადაც ჩემი ათამდე ნამუშევარია. საზღვარგარეთ ეს პირველი გამოფენაა. საქართველოშიც მქონია გამოფენები Art Up Gallery-ის ორგანიზებით, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ხელოვნების განვითარებას, ასევე ალტერნატიული, ყველასთვის ხელმისაწვდომი საგამოფენო სივრცის შექმნას და ქუჩის გამოფენებს აწყობს. პირველი გამოფენა ბათუმში მქონდა, მეორე - ფაბრიკაში. გამოფენის გამართვას თავად არ ვგეგმავ, ძირითადად, შემოთავაზებები მაქვს.

ნათია სიბაშვილი