"სერიოზული ჩხუბი არ გვაქვს ხოლმე... ბელა ერთადერთი ქალია, ვინც სპექტაკლზე დავპატიჟე და არ მოვიდა" - კვირის პალიტრა

"სერიოზული ჩხუბი არ გვაქვს ხოლმე... ბელა ერთადერთი ქალია, ვინც სპექტაკლზე დავპატიჟე და არ მოვიდა"

13 წელია, რაც მსახიობი, მომღერალი და მუსიკალური წამყვანი - ლაშა რამიშვილი დაოჯახებული გახლავთ. ტრადიციულად, "ცოლქმრული გამოცდისთვის" ლაშას და მის მეუღლეს - ბელა ნოზაძეს ცალ-ცალკე ვესაუბრეთ, რომ ერთმანეთის პასუხები არ მოესმინათ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით...

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ლაშა:

- თეატრალური უნივერსიტეტის ბუფეტში, ხაჭაპურის საჭმელად შევედი. ბელა მეგობრებთან ერთად იჯდა. წინათ ისინი ბუფეტში არასოდეს დამინახავს. ვუთხარი, - მინდა, სპექტაკლზე დაგპატიჟოთ-მეთქი. სხვათა შორის, ბელა ერთადერთი ქალია, ვინც სპექტაკლზე დავპატიჟე და არ მოვიდა (იცინის).

ბელა:

- მახსოვს, ჩემს კურსელ გოგონებთან ერთად, თეატრალური უნივერსიტეტის ბუფეტში ვიყავი, როცა გავიცანი. შემდეგ სპექტაკლზე დაგვპატიჟა, რომელზეც არ მივედი - თავი დავიფასე. აქედან დაიწყო ყველაფერი (იღიმის).

- თქვენი პირველი პაემანი გაიხსენეთ. ლაშა:

- პირველი პაემანი არ ყოფილა, მაგრამ მახსოვს, ცოტათი შეზარხოშებული გახლდით და რუსთაველიდან ორთაჭალაში, ბაგრატიონის ძეგლამდე ფეხით ვიარეთ. ცოტათი შეღამებული იყო და გავაცილე - ჩემები გამიბრაზდებიანო... 14 წლის წინანდელ ამბავს მეკითხებით (იცინის)!

ბელა:

- თეატრალურ უნივერსიტეტში ერთმანეთს კი ვხვდებოდით, მაგრამ როგორც შეყვარებულები - არა. რაღაც უცნაური დამოკიდებულება გვქონდა: ხანდახან ცოტათი მაღიზიანებდა. მაწვალებდა - მიმღეროდა, ლექსებს მიკითხავდა... ახლა ვხვდები, რომ ძალიან საყვარელი იყო, მაგრამ მაშინ მეც ცოტათი ვმეტიჩრობდი და ვკომპლექსდებოდი, ასე გამოდის. შემდეგ უკვე მიმღერა და მომხიბლა. ამის მერე ვაკის პარკში გავისეირნეთ, რასაც პაემნის სახე ჰქონდა. 23 დეკემბერი იყო. მანამდე, 11 დეკემბერს სიყვარული ამიხსნა. ნარიყალაზე, თვალახვეული ყველაზე მაღალ წერტილში ტაქსით ამიყვანა და სიყვარულში გამომიტყდა. ლოგიკურად, პაემანი მანამდე უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეყვარებულების ამპლუაში პაემანი ვაკის პარკში გვქონდა.

- როგორ გგონია, რა არ მოსწონს შენს ხასიათში? თავად რა არ მოგწონს მასში? ლაშა:

- არ მოსწონს, რომ გადაწყვეტილებას უცებ ვიღებ. მაგალითად, რომ იტყვის, - ეს რა კარგიაო, შემიძლია მივიდე და იმ წუთში ვიყიდო, თუნდაც ძალიან ძვირი ღირდეს. ყველაფერს სწრაფად ვაკეთებ. თუ რამე არ გამომდის, მერე ისტერიკა მემართება, ბევრს ვნერვიულობ... მას შეუძლია, ყველაფერი გააანალიზოს, აწონ-დაწონოს და ისე გადაწყვიტოს. მისი ეს თვისება არ მომწონს, მაგრამ რა თქმა უნდა, სწორია, მისი გადმოსახედიდან.

ბელა:

- ძალიან ემოციური, ფორიაქა და სულსწრაფია - ყველაფერი ახლა, ამ წუთში უნდა! მისთვის სიტყვები - "ხვალ", "მერე" - არ არსებობს. მე ყველაფრის მშვიდად კეთება, აწონ-დაწონა მიყვარს - ჩემში ზუსტად ეს არ მოსწონს. თავად სულ ჩქარობს და მეც მაჩქარებს. როცა ავტომობილს ვმართავ, მაშინაც მეძახის, - მიადგი ფეხი, სწრაფადო! რამდენჯერმე მანქანიდან ჩამომიხტა, - ნელა დადიხარო. არადა, 3 შვილი დამყავს. შესაბამისად, ვფრთხილობ.

- თქვენი ქორწინების თარიღი. ლაშა:

- 2006 წლის 6 მაისი.

ბელა

- 2006 წლის 6 მაისი, გიორგობა, ყველაზე ლამაზი თარიღი.

- ბოლოს რის გამო იკამათეთ? ლაშა:

- მგონი, ძაღლის გამო: ახლახან კერძო სახლი შევიძინეთ - მას მოეწონა და ბელას ერთი სიტყვა საკმარისი იყო, ბინა გამეყიდა და სახლი მეყიდა. ლეკვი - ყაზბეგური ნაგაზი შინ ნაადრევად წამოვიყვანე. არადა, ბელამ მითხრა: - ჯერ არ წამოიყვანო, უკვე გაყიდულ ბინაში ვართ და შეიძლება, ლეკვმა მოისაქმოსო. ვიფიქრე, - არა უშავს-მეთქი. წავედი, ძაღლისთვის პამპერსები ვიყიდე, ლეკვი შინ მივიყვანე და დავტოვე. მეორე დღეს, სახლში რომ დავბრუნდი, "რაღაც" სუნი იდგა. ბელამ მითხრა, - მე ჩემი გითხარი, მაგრამ შენ ლეკვი მაინც მოიყვანეო. მეორე დღესვე მოვკიდე ლეკვს ხელი და დედის სახლში "გავამწესე"... მოკლედ, ამ საკითხთან დაკავშირებით, მცირე შეკამათება გვქონდა. სერიოზული ჩხუბი არ გვაქვს ხოლმე.

ბელა:

- ახლახან კერძო სახლი ვიყიდეთ და ვარემონტებთ. საძინებელი ოთახის გადიდება მინდოდა, თავად ძალიან წინააღმდეგი იყო... ამჟამად, ასეთი დეტალები გვაქვს საკამათო და შესათანხმებელი.

- როცა რამეზე ვერ თანხმდებით, ვინ თმობს? გაგრძელება