"რუსეთში მოქმედი 430 "კანონიერი ქურდიდან" მხოლოდ 52-ია სლავური წარმოშობის, უფრო მეტი კი - ქართველებია" - "კანონიერი ქურდები" რუსეთიდან გასაქცევად ემზადებიან - კვირის პალიტრა

"რუსეთში მოქმედი 430 "კანონიერი ქურდიდან" მხოლოდ 52-ია სლავური წარმოშობის, უფრო მეტი კი - ქართველებია" - "კანონიერი ქურდები" რუსეთიდან გასაქცევად ემზადებიან

ერთი თვის წინათ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების თაობაზე, მათ შორის ე.წ. "კანონიერი ქურდების" მიმართ. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შევიდა - იმ პიროვნებას, ვისაც "დანაშაულებრივი სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა" აქვს დაკავებული, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 15 წლამდე და სავარაუდო ჯარიმით - 5 მილიონამდე რუბლით.

ჩვენში ამ გადაწყვეტილებაზე ამბობენ, რომ პუტინმა სააკაშვილს მიჰბაძა, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანვე სწოერდ ამგვარი კანონი მიიღო.

რუსეთში სვამენ კითხვას, რა შედეგები მოჰყვება კანონის გამკაცრებას? - რუსულმა გამოცემამ «Экспресс-газета» ამ საკითხზე სასაუბროდ მიმართა კრიმინალური სამყაროს კარგად მცოდნეს, "განგსტერ-პენსიონერს" - როგორც იგი საკუთარ თავს უწოდებს, წიგნის "რუსი განგსტერის გზის" ავტორს მიხეილ ორსკის, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:

- რატომ გამკაცრდა კანონი? - ვფიქრობ, ამის მიზეზი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების სერია გახდა, რომლებშიც მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ დამნაშავეთა შორის ვხედავთ მინისტრებს, გუბერნატორებს, ფედერაციის საბჭოს წევრებს, რომლებიც კრიმინალურ ჯგუფებს ქმნიან. რადგანაც საქმეში თვითონ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩაერია, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოსთვის მათი საქმიანობით მიყენებულმა ზიანმა აპოგეას მიაღწია. ახლადდაბადებულმა კორუფციონერებმა ქვეყანას უფრო მეტი მოპარეს, ვიდრე ყველა "კანონიერმა ქურდმა" ერთად. (...) მიხეილ ორსკი

აქვე უნდა ვთქვათ დღევანდელი რუსეთის კრიმინალური სამყაროს სპეციფიკაზე: რუსეთში მოქმედი 430 "კანონიერი ქურდიდან" მხოლოდ 52 პიროვნებაა სლავური წარმოშობის, უფრო მეტი - თითქმის ნახევარი ქართველებია. საკმაოდ ბევრნი არიან აზერბაიჯანელები და სომხები. რა ბედი ელოდებათ მათ? უბრალოდ, დაიჭერენ და რუსეთიდან გააძევებენ, რაც, პრინციპში უკვე კეთდება. თუმცა კავკასიელი ქურდები უკვე მიჩვეულნი არიან საზღვარგარეთ დიასპორულ გარემოცვაში ცხოვრებას. რაც შეეხება სლავური ეროვნების "კანონიერ ქურდებს", ისინი განწირულები არიან "დასაკლავად".

- რამდენად მართალია, რომ საქართველოში მსოფლიოში ყველაზე მაგარი ანტიკრიმინალური კანონი მოქმედებს? - საქართველოში ამ მხრივ შექმნილ სიტუაციას ძველი წინაისტორია აქვს. 1961 წელს ნიკიტა ხრუჩოვმა მოსახლეობას აღუთქვა, რომ ტელევიზორით საბჭოთა კავშირის უკანასკნელ ქურდს გაჩვენებთო. მისი განცხადების შემდეგ ქვეყანაში ქურდების ულმობელი რეპრესიები დაიწყო. ციხეებში მათ აწამებდნენ, აშიმშილებდნენ, მათზე ზეწოლას ახდენდნენ რათა საჯაროდ ეღიარებინათ ჩადენილი დანაშაული, აწერინებდნენ მონანიების წერილებს... სწორედ მაშინ "ქურდების მოძრაობის" ცენტრი რუსეთიდან საქართველოში იქნა გადატანილი, სადაც კრიმინალი პირდაპირ აყვავდა. აბა, წარმოიდგინეთ - ქურდების "ობშიაკისთვის" ფულს სკოლებშიც კი აგროვებდნენ. გაჩნდნენ "ქურდული ოჯახები", შეიქმნა "ქურდული საგვარეულო დინასტიები" და ა.შ. ასე გრძელდებოდა, სანამ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი არ მოვიდა. მან გამოსცა კანონი, რომლის მიხედვით ქურდებს იჭერდნენ არამარტო კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გამო, არამედ იმისთვისაც, რომ ისინი თავიანთ თავს ქურდულ სამყაროს აკუთვნებდნენ. ამ კანონით შეშინებული ქართველი ქურდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმოიფანტნენ. როგორც ჩანს, ჩვენთან ქართული კანონის ანალოგის მიღება გადაწყვიტეს. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ რუსეთში ე.წ. "კანონიერი ქურდობა" მასობრივი არასოდეს არ ყოფილა. იგივე იმ 52 სლავური წარმოშობის ქურდიდან "კანონიერობას" ალბათ, უფრო ფოლკლორული ხასიათი აქვს...

- არსებობს თუ არა ეთნიკური დაპირისპირება სხვადასხვა ეროვნების მქონე ქურდებს შორის?

- ერთი შეხედვით, ყველა ქურდი თანასწორია. ეგრეთ წოდებული "კორონაცია" - ეს ტერმინი ჟურნალისტების მიერ არის მოგონილი, ქურდებში კი ამ ფაქტს "მიღება" ან "ოჯახში შესვლა" ჰქვია. რა თქმა უნდა, ქურდებს შორის კონფლიქტები საკმაოდ ხშირად ხდება, თუმცა ეროვნული სარჩულის გარეშე. მაგალითად, კონფლიქტს, რომელიც 2013 წელს მოხდა აწ უკვე მოკლულ "კანონიერ ქურდს" ასლან უსოიანს («Дед Хасан» – "ბაბუა ჰასანი", ეროვნებით ქურთი) და კრიმინალურ ავტორიტეტს ტარიელ ონიანს (ეროვნებით ქართველი) შორის, ეროვნული სარჩული არ ჰქონია. ტარიელ ონიანი

მაგრამ ბანდიტებს შორის ეროვნულ საკითხს, ცხადია მნიშვნელობა მაინც აქვს და მათ ურთიერთობებში არცთუ ბოლო ადგილი უკავია.

რუსეთის ქალაქებში ადგილობრივი კრიმინალები ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდნენ ორგანიზებული დამნაშავეობის წარმომადგენლებს სამხრეთის რესპუბლიკებიდან, რაც ხშირად სისხლიანი შეტაკებებით მთავრდებოდა. სამწუხაროდ, დღეს მე, "ძველი განგსტერი", გულისტკივილით ვუყურებ, თუ როგორ გახდა მოსკოვი შურისძიებისა და ანგარიშგების არეალი სამხრეთელი ეროვნების კრიმინალებისათვის. დაღესტნელები ტაჯიკებს ხოცავენ, ჩეჩნები აზერბაიჯანელებს დევნიან...

მინდა მთელი სიმკაცრით ვთქვა, რომ 1990-იან წლებში ჩვენი შინაური, სლავური ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფები მსგავს ფაქტებს არ დაუშვებდნენ. იმ დროს "ჩეხების" (ჩეჩნების) გარდა, ჩვენი ქალაქების ქუჩებში სხვა ეროვნების კრიმინალები ღიად არ მოქმედებდნენ. კი, იყვნენ ქართველებიც და აზერბაიჯანელი ქურდებიც, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება - უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ქურდები ასობით ერთად იკრიბებიან და ერთმანეთან დამოკიდებულებას არკვევენ და ერთმანეთს ანგარიშს უსწორებენ სროლით და ჭრილობების მიყენებით, ეს უკვე უკიდურესი მდგომარეობაა, ყოველგვარ საზღვრებს გადაცილებული.

- რამდენად მოუტანა საზოგადოებას შვება სლავური კრიმინალური დაჯგუფებების განადგურებამ? განა უფრო უკეთესი არ იქნებოდა მათი შენარჩუნება და მკაცრად გაკონტროლება, მოქალაქეთა დაცვისა და ქუჩური საქმის გარჩევების თავიდან აცილების მიზნით. იმავე 1990-იან წლებში აზერბაიჯანელი ვაჭრები სიამოვნებით უხდიდნენ ხარკს სლავური წარმოშობის მქონე კრიმინალებს თავიანთ უბნებში და სრულიად ნორმალურად იყვნენ...

- მე მქონდა ურთიერთობა ძველ კრიმინალებთან... ადრე არსებულ ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს შორის ბევრი საკმაოდ ჭკვიანი იყო, მათ არამარტო ორგანიზაციული უნარები ჰქონდათ, არამედ ძლიეები იყვნენ ფიზიკურადაც. მაგალითად, საშა პელემიანიკი, ტიტულოვანი მოკრივე, იმავდროულად ტუშინოს დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერიც იყო და 60 წლის ასაკში "ტურნიკზე" ერთი ხელით 50-ჯერ აწევა შეეძლო... სერგეი ბეზრულოვი ფილმი "ნათლიმამა" ჰოლივუდის სიმაყეს წარმოადგენს. ჩვენი რეჟისორები და კინომწარმოებლები კი რატომღაც ერიდებიან (თუ რცხვენიათ) რუსეთის კრიმინალურ წარსულზე ფილმების გადაღებას. ძნელია წარმოიდგინო ისეთი ჯეკ ნიკოლსონი, რომელიც განგსტერის როლზე უარს ამბობს. ჩვენი სერგეი ბეზრუკოვი კი აცხადებს, რომ მას თურმე რცხვენოდა, როცა ბანდიტ საშა ბელიის როლს ასრულებდა. არადა, სწორედ ამ როლმა მოუტანა მას პოპულარობა. სამწუხაროდ, ჭკვიანი, ძლიერი და გაბედული ადამიანების ტალანტი სამშობლომ ვერ გამოიყენა. მათ ცხვრების როლში ყოფნა არ მოისურვეს და იძულებით მტაცებლები გახდნენ, თუმცა სიცილიურ მაფიას, ნარკობარონებსა და სუტენერებს ისინი მაინც არასოდეს დამსგავსებიან... და არც ხელისუფლებაში შეღწევას არ ცდილობდნენ, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით.

- აბა, მაშინ ოთარ კუშანაშვილი ვინ იყო? - ოთარ კუშანაშვილის განსაკუთრებული მოვლენაა. "კანონიერი ქურდები" - ეს თავისებური მაღალი დონის კასტა გახლავთ. ოთარ ვასილევიჩი ამ კასტას არ მიეკუთვნებოდა. უბრალოდ, მას ხელისუფლებისაკენ მიდრეკილება ჰქონდა, კერძოდ, სპორტის სფეროში. იმ ბარდაკის გათვალისწინებით, რაც რუსეთში 1990-იან წლებში იყო, მისი წარმატება არჩევნების გზით სრულიად კანონზომიერი იყო. მან ირგვლივ შემოიკრიბა ცნობილი პირები, მაგალითად, იოსებ კობზონი და სადღაც, რომელიღაც მომენტში გზა გადაუღობა სილვესტრს (კრიმინალურ ავტორიტეტს სერგეი ტიმოფეევს, ორეხოვოს დაჯგუფების ლიდერს). მისი დავალებით, ოთარს ალექსი შერსტობიტოვმა ესროლა, მეტსახელად "ლიოშა სოლდატ"-მა.

- ვიაჩესლავ ივანკოვი ("იაპონჩიკი") და ასლან უსოიანიც ("დედ ხასან") ქილერებმა მოკლეს... - ისინი მართლა ქურდები იყვნენ. რას ვიზამთ, ასეთი პროფესიონალი ქურდების სიკვდილი მათი ცხოვრებისა და საქმიანობის განუყოფელი თანამგზავრია. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ