"სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ჰბაძავსო" - კვირის პალიტრა

"სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ჰბაძავსო"

ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს დაიბადა. მსახიობი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის დიდუბის პანთეონშია დაკრძალული, მეუღლის – კოტე მახარაძის გვერდით.

"პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა, რომ ორჯერ მყვარებოდა…"

"ის ავიდა ყველაზე მაღალ ადგილას, რაც იქ იყო და ბაც, თოვლიან ხრამში ისკუპა. მეც არც დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე, გადავყევი ხრამში, სიბნელეში. ცოცხალ-მკვდრები ძლივს ამოვედით იქიდან…"

იშვიათად ხდება ხოლმე, რომ წარმატებული მშობლების შვილი, ისეთივე მაღალ სიმაღლეებს აღწევს, როგორც დედ-მამა, მით უფრო თუ ერთ-ერთი მათგანის პროფესიას ირჩევს. სოფიკო ჭიაურელმა ეს შეძლო. მან მოახერხა, რომ თეატრსა თუ კინოში ისეთი სახეები შეექმნა, რითაც რეჟისორი მამისა და მსახიობი დედის წარმატებები ლამის დაჩრდილა.

ვერიკო

ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც 1900 წლის 23 სექტემბერს დაიბადა, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.

ის ტრაგიკულ-დრამატული ჟანრის მსახიობი გახლდათ, გამოირჩეოდა საოცარი სცენური მომხიბვლელობით, კოტე მარჯანიშვილი მას მუსიკის იმ მელოდიას ადარებდა, რომელსაც რაც უფრო ხშირად ისმენ,

მით უფრო გეძალება მოსმენის სურვილი.

"ვერიკოს თვალები მისი სულის სარკეა, ეს თვალები მის უდიდეს ნიჭს ასხივებს", - ამბობდა მსახიობზე მხატვარი ელენე ახვლედიანი.

მსახიობის ცხოვრება მოულოდნელობებით იყო სავსე, მისი პირველი მეუღლე შალვა ამირეჯიბი იყო, რომელიც ქართული თეატრის ვარსკვლავს ლექსებსაც უძღვნიდა. როგორც ამბობენ, შალვა ამირეჯიბთან ქორწინება მამის უკანასკნელი სურვილი და თხოვნა იყო. მათ ქალიშვილიც შეეძინათ, რომელიც ჩვილობაშივე გარდაიცვალა.

მოსალოდნელ გაყრას თავად ამირეჯიბიც გრძნობდა: "ამბობენ, რომ ჯერ ბავშვი ხარ, / არ შემრჩები დიდხანს ცოლად. / მე არ მინდა დავიჯერო, / ნათქვამია ჭორის ტოლად", - წერდა ერთ ერთ ლექსში შალვა ამირეჯიბი.

შალვა ამირეჯიბთან დაშორების შემდეგ, ვერიკო მის ერთადერთ სიყვარულს - მიხეილ ჭიაურელს შეხვდა, როგორც ამბობენ, ფიქრის გორაზე შედგა მათი პირველი პაემანი.

სოფიკო ასე იხსენებდა დედას:

"ჩემთვის ის არც პოპულარული, არც ყველაზე პოპულარული და არც გენიალური მსახიობი არ იყო. ის იყო დედა. როგორც დედათქვენია თქვენთვის, ისე იყო ჩემთვის ვერიკო… ძალიან მიყვარს "დისქავერის" გადაცემები. ამას წინათ ვუყურებდი ფილმს თუთიყუშებზე, გავგიჟდი, როგორ უვლის დედა-თუთიყუში ამ თავის პატარა თუთიყუშებს… დედა ჩემთვის იყო დედა და სხვა არაფერი. ასე გრძელდებოდა ჩემთვის დიდხანს… ეს გავაცნობიერე მერე, მე თვითონ რომ გავხდი მსახიობი, როცა დავინახე, როგორ აფასებდნენ. მაგრამ ნამდვილად ბოლომდე გავაცნობიერე მაშინ, როცა ის აღარ იყო ამქვეყნად…"

"სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო. სულ მინდოდა, რომ სხვანაირი, დედისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ასე იყო პირველივე როლიდან, ჩემი პირველი როლი, ჰარა "ბაფთიან გოგონაში" - ეს იყო ჩემი პასპორტი, რომ მე, როგორც მსახიობს, არაფერი არ მქონდა საერთო ვერიკო ანჯაფარიძესთან".

ვერიკო ანჯაფარიძე 1987 წელს გარდაიცვალა, ის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.

სოფიკო

სოფიკო ცდილობდა და მოახრეხა კიდეც, რომ როგორც მსახიობი, არ დამსგავსებოდა დედას. ის 1937 წლის 21 მაისს დაიბადა. როგორც ამბობენ, ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ნიჭითა და სიბეჯითით გამოირჩეოდა.

"მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დედა კრიტიკულად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, როგორც არტისტის მიმართ. და ერთხელ, სტუმრების თანდასწრებით დალია სადღეგრძელო და განაცხადა: "დიახ, დღეს უკვე სიამაყით შემიძლია, განვაცხადო, რომ სოფიკო უფრო დიდი არტისტია, ვიდრე მე". იცით, როგორ იმოქმედა ამან? ის კი არა, რომ გამიხარდა, რაც თქვა, პირიქით, შემზარა, ამ სიტყვებში იგრძნობოდა ესტაფეტის გადმოცემა, დედა ემშვიდობებოდა პროფესიას და მე მივხვდი, რას ვნიშნავდი მისთვის…"

მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე და სოფიკო ჭიაურელი... იხილეთ სრულად