"ჩემს ოჯახს არ სურდა, გოდერძის გავყოლოდი. მახსოვს, იმხანად ვთქვი, ძალიან მიყვარს და გოდერძის უნდა შევეწირო-მეთქი. რამ მათქმევინა ეს სიტყვები"
"ჩემს ოჯახს არ სურდა, გოდერძის გავყოლოდი. მახსოვს, იმხანად ვთქვი, ძალიან მიყვარს და გოდერძის უნდა შევეწირო-მეთქი. რამ მათქმევინა ეს სიტყვები"
ფოტო:გოდერძი ჩოხელი და ნინო მელაშვილი
"ერთხელაც მომაკითხა და მომახალა: თუ გამომყვები, გამომყევი, თუ არადა, წავედიო, - მიტრიალდა და წავიდა... მივხვდი, რომ უმისოდ ცხოვრება არ შემეძლო"
უხილავად ყოველთვის ვგრძნობ მის მფარველობასო, - მითხრა. - თითქოს რაღაცებს გვაკეთებინებს, თითქოს საუკეთესო ადამიანები ამოარჩია, ჩვენამდე მოიყვანა და დაგვამეგობრა. სხვათა შორის, არასდროს დამსიზმრებია. ჩვენს ვაჟს, ლუკას კი ესიზმრება ხოლმეო, - ისე მიამბობდა, თითქოს გოდერძიც იქვე, შორიახლოს იდგა და უსმენდა. ლაპარაკისას ნინო სულ იღიმოდა, ერთი ცრემლიც არ ჩამოვარდნია. თურმე, ყოველთვის ასე
იხსენებს, რადგან "მას" - გოდერძის არ უყვარდა, როცა ადამიანები ტიროდნენ.

საოცრად გამორჩეული მწერლის, სცენარისტისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის ასევე გამორჩეული მეუღლე - ნინო მელაშვილი მისეულ გოდერძიზე გვიამბობს, სხვანაირზე, ისეთზე, ოდესღაც ნინოს თვალებში "გაზაფხულები" რომ აღმოაჩინა.

ნინო მელაშვილი:
- თბილისში
დავიბადე და გავიზარდე ოჯახში, სადაც ხელოვნება და ლიტერატურა გამორჩეულად უყვარდათ. პირველივე წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვცადე ბედი და ყოველგვარი ჩაწყობის გარეშე ჩავირიცხე კიდეც. პარალელურად, ფერწერას ვსწავლობდი მეორად ფაკულტეტზე და არცთუ ურიგოდ ვხატავდი. გოდერძის ძალიან მოსწონდა ჩემი ნახატები და ეამაყებოდა კიდეც... მესამე-მეოთხე კურსიდან ტელევიზიაში გავიარე პრაქტიკა, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კი ბატონმა ნუგზარ ფოფხაძემ "მოამბეში" სამუშაოდ მიმიღო. ტელევიზიაში რომ არ მემუშავა, შეიძლება გოდერძის ვერც შევხვედროდი.
ნინო მელაშვილი
ბევრს მოვწონდი. ჩემ გარშემო სულ თბილისელი ბიჭები ტრიალებდნენ, ქალაქელები, "პლეხანოველები", გამორჩეული მეტყველებით, აზროვნებით, ცხოვრებით - ყველანი მშობლებზე იყვნენ დამოკიდებული და, რასაკვირველია, მომწონდნენ კიდეც, მაგრამ რატომღაც არავინ შემყვარებია, თითქოს მათ გვერდით ჩემს მომავალს ვერ ვხედავდი.
ხშირად მიფიქრია: საოცარია, არა? გამოჩნდა გოდერძი, სოფლიდან ჩამოსული, უმამოდ გაზრდილი ბიჭი, ჩემი წრისგან, ყოფისგან სრულიად განსხვავებული ჩაცმულობით, აზროვნებით, მანერებით და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. გარეგნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იყო კაცი, რომელიც ყოველთვის იმას ამბობდა და წერდა, რასაც ფიქრობდა, არასდროს იტყუებოდა, სიბრძნე ეტყობოდა. როგორ არ დაეყრდნობოდი კაცს, რომელმაც 25 წლისამ "ადამიანთა სევდა" დაწერა და... მისი დავიჯერე. თუმცა შეყვარება არც მიფიქრია, მხოლოდ მისმა სამყარომ მომხიბლა, რადგან ძალიან მიყვარდა მთა და ძმასთან - დათოსთან და მის ჯგუფელებთან ერთად ფეხით ვლაშქრავდი საქართველოს მთიანეთს. მამა ხშირად მეხუმრებოდა: მეცხვარეს უნდა გაგაყოლოო, მერე კი ამბობდა: იმდენი იარე მთაში, მაინც მეცხვარეს გაჰყევიო.

- მთა რომანტიკაა, შენ კი ეს რომანტიკა რეალურ ცხოვრებად გექცა. როდის მიხვდი, რომ შეგიყვარდა?
- ბიჭვინთაში შევხვდით ერთმანეთს, მისი "ბაკურხეველი ხევსური" უჩვენეს და მთელ ღამეს ვარჩევდით ფილმს. სწორედ მაშინ მოვწონებივარ.
ნინო და გოდერძი
დამშვიდობებისას "შემოქმედთა სახლის" ბაღში დირექტორი ქალის ნალოლიავები ულამაზესი და ერთადერთი აყვავებული თეთრი ყვავილი მოწყვიტა და ავტობუსში მომართვა. მერე კი ტელევიზიის ხშირი სტუმარი გახდა: რაღაცებს იმიზეზებდა, რომ ვენახე. საერთო მეგობრებიც გვყავდა: ლაურა რეხვიაშვილი, მზია არაბული და დარეჯან ხაჩიძე, მის მეზობლად ცხოვრობდნენ, საერთო საცხოვრებელში, და იქაც ვხვდებოდით. უცნაურად ვურთიერთობდით - წერილებით. დარეჯანთან ვტოვებდით ხოლმე. ჩანს, სიყვარულში ჭოჭმანს მატყობდა და ერთხელაც ტელევიზიაში მომაკითხა, ოთახიდან გამიხმო და მომახალა: ნინო, თუ გამომყვები - გამომყევი, თუ არადა, წავედიო, - უცებ მიტრიალდა და წავიდა. გამიკვირდა და... ვიგრძენი, თუ რამეს არ გადავწყვეტდი, სამუდამოდ დავკარგავდი, და იმასაც მივხვდი, რომ უმისოდ ცხოვრება არ შემეძლო. მაშინ არ მოვაბრუნე, მაგრამ ჩემი რძალი - ტატა გავიყოლე საერთო საცხოვრებელში, მეგობრებთან, იქვე გოდერძიც ვნახე, დაველაპარაკე და... უკან აღარც წამოვსულვარ (იცინის).
გოდერძის და ნინოს ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში, 1982 წლის 2 ოქტომბერი
არ მიფიქრია, სად უნდა გვეცხოვრა - ვიცოდი, გოდერძის თბილისში ბინა არ ჰქონდა, თუმცა ეს არ მაშინებდა. გოდერძისაც ვამშვიდებდი: მერე რა მოხდა, ქოხში ვიცხოვრებთ-მეთქი. ახლა ვერც ვფიქრობ, როგორ უნდა მეცხოვრა სოფელში. არადა, მართლა წავიდოდი. 22-23 წლის რომანტიკული გოგონა ვიყავი და თითქოს მიმზიდველიც იყო ეს ჩემთვის. ჩემს ოჯახს არ სურდა, გოდერძის გავყოლოდი, პატივს კი სცემდნენ, მაგრამ სიძედ არ უნდოდათ. მახსოვს, იმხანად ჩემს რძალს, ტატას ვუთხარი კიდეც: იცი, ძალიან მიყვარს და გოდერძის უნდა შევეწირო-მეთქი. მერე და მერე, ძალიან მიკვირდა, რამ მათქმევინა ეს სიტყვები, მაგრამ აქ ღვთის ხელი ერია.

- მიუხედავად ბევრი ტკივილისა, მუდამ საოცრად ლაღი და ხალისიანი ჩანხარ. წარმომიდგენია, ადრე როგორი იქნებოდი. გოდერძის ნაწერებში კი უდიდეს სიყვარულთან ერთად, ბევრი სევდა და ტკივილია. მასთან ცხოვრება უკეთესი იყო თუ უარესი, ვიდრე წარმოგედგინა?

- სევდა მის ცხოვრებას არ ეტყობოდა. სულ სხვანაირი იყო. მოლხენა და სტუმარი უყვარდა. მთის ხალხი უკეთ რომ გავიცანი, მივხვდი, რომ გოდერძი მათგანაც განსხვავდებოდა: მათ მსგავსად მძიმე და მკაცრი არ იყო, პირიქით - სათუთი სული ჰქონდა. ამითაც შევიყვარე, თითქოს ასეთს ვეძებდი და სხვანაირთან ვერც გავძლებდი. მოგვიანებით შევნიშნე, ჩაიკეტებოდა ხოლმე ხანდახან, კლდესავით შეუვალი ხდებოდა და ვერც მიუახლოვდებოდი. უცხოსავით იყო. თითქოს ვეჭვიანობდი კიდეც, მაგრამ ერთხელ ამიხსნა და მეც ნელ-ნელა მივხვდი: ამ დროს ფიქრობდა. შეეძლო გონებაში მთელი რომანი დაეწერა, დიალოგებიც კი, მერე, ღამით, სრულ სიჩუმეში, ფაქტობრივად, კალმის ერთი მოსმით გადაეტანა ფურცელზე.
გოდერძისეული წარწერა ფოტოზე: ,ეს ჩემი ბუდეა...'
ხან ვკამათობდით, ხან მეგონა, გრძნობა გვინელდებოდა, ხან ვიბუტებოდი და დედასთან გავრბოდი, მაგრამ უმალ ვხვდებოდი, რომ მის გარეშე ცხოვრება აზრს კარგავდა და ვბრუნდებოდი, მაგიდაზე კი უამრავი, ერთი და იმავე სიტყვებით აჭრელებული ფურცელი მხვდებოდა: "ნინკა, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!" ბოლოს მიაწერდა: უჰ, რა კარგი რომანი დავწერეო"... არც გოდერძის შეეძლო უჩემოდ ცხოვრება. ბევრჯერ დავფიქრებულვარ: მართლა ცხოვრობდა გოდერძი ამ ქვეყნად? თითქოს იყო და თითქოს - არა. ხომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ხორციელი? - მაინც არაამქვეყნიური მგონია. სიზმარივით უსწრაფესად გაიარა ერთად ყოფნის 25-მა წელიწადმა.

- როდის იგრძენი, რომ დასაყრდენი, ძლიერი ადამიანი სულიერად გაგიქრა?

- გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე საშინელი დეპრესია დაეწყო. თვითმკვლელობაც კი სცადა. ნელ-ნელა საოცრად შეიცვალა, ბავშვივით უსუსური გახდა, სუსტი, სრულად მომენდო... იცი, თვითონაც როგორ წუხდა, ეს რა დღეში ჩაგაგდეთო? ბავშვებზეც ნერვიულობდა, მაგრამ მის მიტოვებაზე არასდროს მიფიქრია. ბავშვებსაც უსაზღვროდ უყვარდათ და მათი სიყვარული ისეთი იყო, მიუხედავად სტრესისა, არასდროს უთხოვიათ, აქედან წაგვიყვანეო. უფროსი, ლუკა ახლაც ამბობს ხოლმე: ოღონდ ცოცხალი იყოს მამა, თუნდაც ლოგინად ჩავარდნილი და თვითონ მოვუვლიდი, ოღონდაც იყოსო... უმისოდ გზას ვერ ვხედავდი.
საკონსულტაციოდ ერთ ფსიქოლოგთან მივედი და მკითხა: მატერიალურად რომ ძლიერი ოჯახი გყავდეს ან ვინმე გიმაგრებდეს ზურგს, მიატოვებდი გოდერძისო? დავფიქრდი და, - არასოდეს-მეთქი, - უყოყმანოდ ვუპასუხე.
- ასეც ვიცოდიო, - გამიღიმა. როცა გიყვარს, ერთად სავალ გზას არ უნდა გაექცე. ამით საკუთარ თავს გაექცევი უპირველესად...

- გოდერძიმ იცოდა, ასეთი ძლიერი მეუღლე რომ ჰყავდი?

- არ ვიცი, არასდროს უთქვამს, კაცებს ამის აღიარება არ უყვართ. მე მისთვის ბევრი რამ დავთმე, რადგან შინ, გვერდით ვჭირდებოდი. შენც შენიშნე: თითქოს ლუკასა და ნიკაზე დღესაც ნაკლებს ვლაპარაკობ და კვლავ გოდერძისთვის ვარ: ხან მისი წიგნის პრეზენტაციაა, ხან - საღამო.
გივი ტუხაშვილის ფოტო - ნინო გოდერძის შემოქმედებით საღამოზე
თითქოს ახლა მეტად ვჭირდები გოდერძის. იმხანად მასთან მოდიოდნენ, წერდნენ და ასე შემდეგ, ახლა მისთვის მე უნდა გავისარჯო.

პ.ს. ერთხელ ლოგინად ჩავარდნილ გოდერძი ჩოხელს მეგობრისთვის უთქვამს: იცი, რა ლამაზი იყო ნინო? - რომ იცინოდა, სულ "გაზაფხულები" სცვიოდა. ჩემი ავადმყოფობით ჩავუქრე ეს თვალებიო.

ნინოსთან ყოველი შეხვედრისას და გოდერძის გახსენებისას მართლა ვხედავ ხოლმე მის თვალებში "გაზაფხულებს".




manana
20 ივნისი 2019 10:17
დიდებული ადამიანი, ერის მარგალიტი, რომელსაც ქართველი ერი ვერ გაუფრთხილდა.
inga
23 მაისი 2019 17:17
სად ვიყავით სანამ ცოცხალი იყო ეს გენიალური ადამიანი? როგორ ვერ გავუფრთხილდით? ასეთები ხომ საუკუნეში ერთხელ იბადებიან. ჩვენი სირცხვილია ეს... დალოცვილი ამყოფოს მისი ოჯახი და ნათელი და სანთელი არ მოკლებოდეს მის უკვდავ სულს!
ნატა
23 მაისი 2019 16:12
ადამიანი,რომლის სიკეთეს და სათნოებას ენა ვერ აღწერს,სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული გოდერძი,ასეთი ადამიანები საუკუნე უნდა ცოცხლობდნენ,მაგრამ ვაი რომ გულიანი ხალხი უფრო ვერ უძლებენ უგულო ხალხის ქცევის ატანას,ნათელში იყავი კეთილო ადამიანო,დღეგრძელობა და სიკეთე შენს ოჯახს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები