ეს გოგო ჩემი ცოლი გახდებაო, უთქვამს სიმონს და... - როგორ გაგრძელდა თბილისში ლეგენდად ქცეული სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

ეს გოგო ჩემი ცოლი გახდებაო, უთქვამს სიმონს და... - როგორ გაგრძელდა თბილისში ლეგენდად ქცეული სიყვარულის ამბავი

თბილისი ყოველთვის სავსე იყო თვალებხატულა მშვენიერი გოგონებით, მაგრამ მათ შორისაც იყვნენ გამორჩეულები - დები სუსანა და მარიკა ელიავები. სუსანა მარიკაზე რამდენიმე წლით უფროსი გახლდათ, ამიტომაც ქალაქმა ის უფრო ადრე გაიცნო. ქუჩაში გასულ მზეთუნახავს ყოველთვის ათობით თვალი მიაცილებდა.

სწორედ იმ პერიოდში უცნაური ადამიანების ჯგუფი გამოჩნდა თბილისის ქუჩებში: ეცვათ კუბოკრული ტანსაცმელი და წითელი ბოლოკი ჰქონდათ გულზე მიბნეული. თითქოს ეს არ კმაროდა, ქცევებიც საკმაოდ უცნაური და ახირებული ჰქონდათ. ისინი ფუტურისტები იყვნენ, კითხულობდნენ უცნაურ ლექსებს და ხალხის ყურადღებას იქცევდნენ. ცნობილია ერთი შემთხვევა, რომელზედაც კარგა ხანს ჭორაობდნენ ქალაქში. თურმე რუსთაველის თეატრში, შუა სპექტაკლის დროს, ერთ-ერთი ფუტურისტი უკნიდან მიეპარა გრიგოლ რობაქიძეს და პარიკი მოჰპარა. ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ გაქცეულს ვინღა დაეწეოდა?

აი, ასეთი არაორდინარულები იყვნენ ფუტურისტები და რა გასაკვირი იყო, რომ სიყვარულშიც სასწაულები ჩაედინათ!

ცნობილი ფუტურისტები გახლდნენ: სიმონ ჩიქოვანი, აკაკი ბელიაშვილი, ბესარიონ ჟღენტი, ნიკოლოზ და დემნა შენგელაიები... ერთ მშვენიერ დღეს, როცა რუსთაველის გამზირს სუსანა და კიდევ ერთი ლამაზმანი მოუყვებოდნენ, სიმონ ჩიქოვანს სუსანასკენ კი არ გაექცა თვალი, არამედ მის გვერდით მყოფს მიაჩერდა და მოჯადოებულივით იკითხა:

- ვინაა ეს ანგელოზი?

- ეს მშვენიერი არსება სუსანას დაა, მარიკა, - ღიმილით მიუგო ნიკოლოზ შენგელაიამ.

- ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება! - თქვა სიმონმა და იმ დღიდან ყველაფერს აკეთებდა, რომ გოგოს ეს უცნაური ახალგაზრდა მოსწონებოდა.

მარიკა და სიმონი ერთმანეთს რამდენიმე წელი ხვდებოდნენ. სიმონი არ ეპუებოდა მარიკას თავნებობას. გოგო "ახირებულ და ცოტათი შერეკილ" პოეტს გულის კარს არ უღებდა. სიმონი კი განუწყვეტლივ უძღვნიდა მარიკა ელიავას ლექსებს. ისეთ რამეს წერდა, რაც მას სურდა, რაზეც ის ოცნებობდა, ეს მარიკას ძალიან აბრაზებდა და ხშირად ებუტებოდა შეყვარებულ პოეტს. ერთხელ, როცა მარიკა ქობულეთში ისვენებდა, სიმონმა ჩააკითხა და მოინახულა. თან იარაღი ჰქონდა. გოგოს გაუწოდა, - აჰა, ნახე, რა კარგი რევოლვერი მაქვსო.

დაინტერესებულმა მარიკამ კარგა ხანს ათვალიერა რევოლვერი. როცა სიმონმა უკან მოსთხოვა და მანაც დაუბრუნა, ეს უთხრა: ახლა მე ამით თავს მოვიკლავ და ჩემი სიკვდილი შენ დაგბრალდებაო. მარიკა კვლავ გაუბრაზდა, მაგრამ განაწყენებული გოგოს შემორიგებას სიმონ ჩიქოვანი ისევ ლამაზი ლექსებით და გულწრფელი სიყვარულით ახერხებდა.

მარიკა ხშირად ცივდებოდა და ავადმყოფობდა. ამას ძალიან დარდობდა სიმონი, რადგან საყვარელ გოგოს ხშირად ვერ ხვდებოდა. ერთხელ, მეგობარმა ჩიქოვანს უთხრა, - რას გადაეკიდე ამ ავადმყოფ გოგოს, გაიხედ-გამოიხედე, რამდენი კარგი გოგო დადისო. პოეტს კი უპასუხია: ჩემი და მარიკას ერთობლივი ცხოვრება წინასწარ მაქვს წარმოდგენილი, მისთვის ფიქრშიაც კი არ მიღალატიაო. მარიკა ელიავა და სიმონ ჩიქოვანი

როგორც იქნა, ახდა სიმონ ჩიქოვანის ოცნება - მარიკა ცოლად გაჰყვა. ისინი 1932 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ მალე მარიკას ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. რომ არა სიმონის თანადგომა, იგი ვერ გადაიტანდა ამხელა ტკივილს.

მარიკა ელიავას ოჯახს თბილისში ყველა იცნობდა. მისი მამა, ნიკო, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქალაქისთავი (ახლანდელი მერი - ავტ.) გახდა. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ნიკო იძულებული გახდა ჟორდანიას მთავრობას საზღვარგარეთ გაჰყოლოდა. ცოლ-შვილიც უნდოდა თან წაეყვანა, მაგრამ მაშინ ბევრი რამ იყო ხელის შემშლელი და ისინი ბათუმიდან უკან, თბილისში დაბრუნდნენ, ნიკო კი უცხოეთში გაემგზავრა და იმედი ჰქონდა, რომ მოგვიანებით ცოლ-შვილიც შეუერთდებოდა. ბედის ირონიაა, რომ ნიკოს ძმა, შალვა, მე-11 არმიის ერთ-ერთი მეთაური იყო. სწორედ მან გამოამგზავრა ძმის ცოლ-შვილი თბილისში, შემდეგ კი გერმანიაში, სადაც ნიკო სულმოუთქმელად ელოდა ოჯახს. მალე იქ კრიზისი დაიწყო და ნიკომ ქალიშვილები, სუსანა და მარიკა სკოლიდან გამოიყვანა. სერგო ორჯონიკიძე იმ პერიოდში გერმანიაში ყოფილა (ან იქნებ სპეციალურად ჩავიდა სტალინის დავალებით), ნიკო მოინახულა და უთხრა: სტალინმა დამაბარა, ჩამოვიდეს ნიკო, სოციალიზმი ერთად უნდა ავაშენოთო. სტალინი ელიავებითან მართლაც ახლობლობდა. მათთან სახლში ხშირად დადიოდა, ამიტომ ნიკო ენდო მის სიტყვას და 1924 წელს ოჯახით დაბრუნდა თბილისში. სწორედ მაშინ დაადგა თვალი სიმონ ჩიქოვანმა ლამაზ მარიკას. გავიდა დრო. როგორც იქნა, ხანგრძლივი "წვა-დაგვის" შემდეგ წყვილმა ბედნიერების გვირგვინი დაიდგა თავზე, მაგრამ დადგა ავბედითი 1937 წელი და ნიკო, მისი ვაჟი ზურაბი და რძალი თინა, სამივე ერთად დააპატიმრეს. ნიკოს და ზურაბს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს, თინა კი გადაასახლეს. მათ დარჩათ ვაჟი, პატარა ნიკა, რომელიც უკვე შეუღლებულმა მარიკა და სიმონმა სასწრაფოდ იშვილეს, რომ ბიჭისთვის "მტრის შვილის" დამღა აეცილებინათ.

იმისათვის, რომ მაშინ მწერლებს და პოეტებს თავი გადაერჩინათ, ნიღბის გაკეთება უწევდათ, ზოგჯერ ისინი სახოტბო ნაწარმოებებს უძღვნიდნენ სტალინსა და ბერიას. გამონაკლისი არც სიმონ ჩიქოვანი აღმოჩნდა. მან ლექსი მიუძღვნა ლავრენტი ბერიას. ეს რომ მარიკამ გაიგო, მწარედ ატირდა. როგორი ასატანი იყო, მისი ქმარი ლექსში აქებდა იმ პიროვნებას, რომელმაც მამა და ძმა დაუხვრიტა, ახალგაზრდა რძალი კი შუა აზიაში გადაუსახლა, მაგრამ მარიკამ ისიც იცოდა, რომ ამას სიმონი ოჯახის გადასარჩენად აკეთებდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სიმონი დიაბეტით დაავადდა. თანდათან მხედველობა დაუქვეითდა, მაგრამ არ უმხელდა მარიკას, რომ არ ენერვიულა.

თავის მხრივ, მარიკაც უმალავდა ქმარს, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მან ქმარი ბათუმში დასასვენებლად გაამგზავრა, თვითონ კი მაშინდელ ლენინგრადში სასწრაფოდ გაემგზავრა ოპერაციის გასაკეთებლად. ეს რომ სიმონ ჩიქოვანმა გაიგო, ისიც მარიკასთან წავიდა. ოპერაციის შემდეგ მარიკას მდგომარეობა დროებით გაუმჯობესდა... ყველანაირად ცდილობდა, ქმრისთვის კვლავ ხელი შეეწყო... როცა სიმონი გარდაიცვალა, ორი წლის შემდეგ ისიც ქმარს მიჰყვა, წინდაწინ კი ყველას დაუბარა, დამწვით და ფერფლი ჩემი ქმრის საფლავზე მიმოაბნიეთ, მინდა იმ მიწას შევერიო, სადაც სიმონი ასვენია, მის გარეშე არაფერი ვიყავი, ამიტომ მინდა, ბოლომდე მასთან დავრჩეო.

მამადავითზე, ბროწეულის ხის ფესვებთან, სიმონ ჩიქოვანის მეუღლის ფერფლით სავსე ურნა ასვენია. ასეთი იყო ანდერძი ქალისა, რომელსაც საოცარი გრძნობით უყვარდა ქმარი. ეს ანდერძი ლეგენდად იქცა და დღემდე იხსენებენ ამ ლამაზი წყვილის ურთიერთობას. ისინი სიცოცხლეში ყველას აკვირვებდნენ უჩვეულო, ფაქიზი გრძნობით და ლეგენდად ქცეული სიყვარული იმ ქვეყნადაც თან გაიყოლეს.

იხილეთ ასევე: "შვილმა პეტერბურგიდან დედის ფერფლი ჩამოიტანა და მთაწმინდაზე, მამის საფლავზე მიმოაბნია..."

მარინა ბაბუნაშვილი (სპეციალურად საიტისათვის)