"მამა რომ გავხდი, მერე გავაანალიზე რა მნიშვნელოვანია მშობლისთვის შვილი" - კვირის პალიტრა

"მამა რომ გავხდი, მერე გავაანალიზე რა მნიშვნელოვანია მშობლისთვის შვილი"

ვიტო კოლელიშვილის პირადი ცხოვრება

სახელი: ვიქტორ გვარი: კოლელიშვილი

დაბადების თარიღი და ადგილი: თბილისი. 09.10.1989.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.

პროფესია: მორაგბე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.

სათამაშო პოზიცია: მღლეტელი.

ამჟამინდელი კლუბი: კლერმონი, საფრანგეთი.

სიმაღლე: 193 სმ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მსახიობობა მინდოდა. რაგბიზე სიარულის ერთ-ერთი მიზეზი ჩემი ნათლია - დავით ხურცილავა, იგივე ჯაპანა იყო. რაგბი ძალიან უყვარდა, მორაგბე მეგობრები ჰყავდა და მახსოვს, მასთან რომ მივდიოდი, ვიდეოებს მაჩვენებდა. ახალი ზელანდია ყოველთვის განსაკუთრებულ რაგბის თამაშობდა და იმ პერიოდში პირველი ჰაკა ჯაპანამ მაჩვენა..."

"ტრადიცია თამაშზე გასვლის წინ: ორ ნაწილად დავყოფ - საქართველოს ნაკრები თამაშზე გასვლის წინ, ერთად ვიკრიბებით და ლოცვას წარმოვთქვამთ, თითო სიტყვით ერთმანეთს ვამხნევებთ და მერე "ოპას" ვიძახით... საფრანგეთში უფრო შენს თავთან ხარ დარჩენილი, ლოცვას ვამბობ და გავდივარ. ასევე ვიქცევი თამაშის დამთავრების მერე..."

ვიტო კოლელიშვილი მშობლებთან ერთად

"ბავშვობისას, როდესაც გააცნობიერებ იმას, რომ მამა წარმატებული ადამიანია, ძალიან გსიამოვნებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ცნობილი ადამიანია, სახლში ამ ყველაფერს ვერ ხვდები, ის ჩვეულებრივი მამაა შენთვის - ეს გარკვეულ ასაკამდე. სახლში სულ სხვაა ჩემი და ზაზას ურთიერთობა, ჩემი პირველი არჩევანიც სამსახიობო მიმართულებით, რა თქმა უნდა, სწორედ ზაზას გავლენით იყო. მის ფილმებს რომ ვუყურებდი, მის შემოქმედებით წარსულს, როლებს, პერსონაჟებს, მეც მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი, ანალოგიური გამეკეთებინა. ზაზა ყოველთვის მისაბაძი ადამიანი იყო ჩემთვის..."

"მამა რომ გავხდი, მერე გავაანალიზე თუნდაც ბავშვობა, მშობლების ზედმეტი ყურადღება, მოთხოვნები, რომლებიც იმ ასაკში ცოტა გაღიზიანებს, მაგრამ მერე ხვდები, რა მნიშვნელოვანია მშობლისთვის შვილი და ამ ყველაფერს ახლა საკუთარ თავზე ვცდი. ჩემი შვილი ორი წლისაა და უკვე ვხვდები იმ ამაგს, რაც მშობლებს ჩვენთვის გაუკეთებიათ. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო ამისათვის..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 23 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

თამთა დადეშელი