"ჩიჩხიტურის მონასტრამდე აზერბაიჯანელებს 4-კილომეტრიანი გზა უკვე გაყვანილი აქვთ და დაახლოებით, 500-700 მეტრი რჩებათ" - კვირის პალიტრა

"ჩიჩხიტურის მონასტრამდე აზერბაიჯანელებს 4-კილომეტრიანი გზა უკვე გაყვანილი აქვთ და დაახლოებით, 500-700 მეტრი რჩებათ"

ჩიჩხიტურის მონასტრამდე აზერბაიჯანელებს 4-კილომეტრიანი გზა უკვე გაყვანილი აქვთ და დაახლოებით, ნახევარი კილომეტრი, მაქსიმუმ 700 მეტრია დარჩენილი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. როგორც არქიმანდრიტი კირიონი ამბობს, სამუშაოები დღის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობდა. მისივე ინფორმაციით, მონასტერი ამ დრომდე ჩაკეტილია.

"არ გაუჩერებიათ მუშაობა. დაახლოებით, ნახევარი სააათის წინაც მუშაობდნენ. დილიდან დაიწყეს და მუშაობდნენ. არავითარი გავლენა გუშინდელ დღეს ამაზე არ ჰქონია. ეტყობა, არც საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იყო საკმაოდ მკაფიო და მტკიცე, რომ ამ პროცესზე გავლენა მოეხდინა, მათ ამ ვანდალიზმზე. როგორც ჩანს, არც კომისიის შეხვედრაზე მოგვარდა რამე. 4-კილომეტრიანი გზა უკვე გაყვანილი აქვთ და დაახლოებით, ნახევარი კილომეტრი, მაქსიმუმ 700 მეტრია დარჩენილი ჩიჩხიტურის მონასტრამდე. ჩვენთვის ეს ტერიტორია ჩაკეტილია. თხემის მეორე მხარეა, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს", - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლების ქმედებები მკაფიო და შედეგის მომტანი არ იქნება, მონასტერს სამოქალაქო საზოგადოება და სასულიერო პირები დაიცავენ.

"სამოქალაქო პირებს იქ შესვლის უფლება არ გვაქვს. თუ დავინახავთ რომ საქმე იქამდე მიდის, ჩვენი ჩარევა იქნება საჭირო, გადავალთ და ხალხი რეაგირებას მოახდენს. თუ ხელისუფლებამ საშველი არაფერს დაადგა, მაშინ ხალხი და სამოქალაქო სექტორი იღებს ვალდებულებას, ეს ორჯერ ორი ოთხია. მონასტერში ახლა ქართული მხარიდან სასულიერო პირი არავინ იმყოფება. მონასტერი ახლა არ ფუნქციონირებს. ჩვენი მესაზღვრეები თხემზე დგანან", - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან, თუმცა, როგორც სასულიერო პირი ამბობს, მას ტელეფონით საგარეო საქმეთა სამინისტროდან და მთავრობის კანცელარიიდან ესაუბრნენ.

"ადგილზე არ ყოფილან, მაგრამ ცენტრიდან გველაპარაკებიან, რომ თითქოს რაღაც ქმედებებს მიმართავენ, რაც არაფერში აისახება აქ. მესაუბრნენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, კანცელარიიდან, სასაზღვრო პოლიციიდან, ძალოვანი უწყებებიდან. კომისიის შეხვედრის დეტალების შესახებ არ ვიცი, ჯერ სხდომა არ დასრულებულა. ჩვენც ველოდებით", - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

"ინტერპრესნიუსი"