"ჩემი ცოლი მეამაყება და ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ"... მგონია, რომ რასაც უნდა მივაღწიო, სახელი "სოფო ბედიას ქმარი" უკვე შერქმეული მაქვს" - კვირის პალიტრა

"ჩემი ცოლი მეამაყება და ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ"... მგონია, რომ რასაც უნდა მივაღწიო, სახელი "სოფო ბედიას ქმარი" უკვე შერქმეული მაქვს"

თითქმის შეუძლებელია, სოციალურ ქსელს ესტუმროთ და ისეთ "ნიუსს" არ გადააწყდეთ, რომლის სათაურშიც "სოფო ბედიას ქმარი" არ დომინირებს. გადავწყვიტეთ, სოფოსა და მისი მეუღლისთვის - მიშა მესხისთვის "ცოლქმრული გამოცდა" მოგვეწყო და გაგვერკვია - ერთმანეთს კარგად იცნობენ თუ არა. ამისთვის წყვილს ცალ-ცალკე ვესაუბრეთ...

- როგორ ფიქრობთ, თქვენი პასუხები რამდენი პროცენტით დაემთხვევა ერთმანეთს?

სოფო:

- რადგან ჩემს ქმარს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიმედოვნებ, რომ - 100%-ით, მაგრამ 99%-ს ვიტყვი.

მიშა:

- წესით, 70-80%-ით უნდა დაემთხვეს, თუ რაღაც სასწაული კითხვები არ გექნებათ.

- როდის და რა სიტუაციაში გაიგე მისი არსებობის შესახებ? მან როდის გაიგო შენ შესახებ? სოფო:

- მის შესახებ მაშინ გავიგე, როცა გავიცანი, ანუ როგორც პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს, არ ვიცნობდი, რადგან ცხოვრების ისეთი რეჟიმი მქონდა, ტელევიზორს ნაკლებად ვუყურებდი. ბუნდოვნად მახსოვს, როცა მას "პოლიტპატიმრის" სტატუსი ჰქონდა: "მიშა მესხი" არაერთხელ გამიგონია, მაგრამ მისი გარეგნობაც კი არ ვიცოდი, არ დავინტერესებულვარ.... ჩემი არსებობის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც რესტორანში დამეკონტაქტა.

მიშა: - სოფოს არსებობის შესახებ "ჯეოსტარიდან" გავიგე. მამაჩემი მას და მის ძმას გულშემატკივრობდა - შეხედე, და-ძმა რა კარგად მღერიანო, მაგრამ სიმართლე გითხრა, ჩემს საქმეში ისე ვიყავი ჩართული, არ მაინტერესებდა, "ჯეოსტარში" რა ხდებოდა... სოფომ ჩემი არსებობის შესახებ მაშინ გაიგო, როცა გავიცანი. შემდეგ მითხრა, რომ ვახსოვდი, როცა ჩემი საქმიანობის გამო ტელევიზიით გამოვდიოდი, წინა ხელისუფლების დროს რაღაცებს ვაპროტესტებდი.

- რა ეცვა პირველ პაემანზე? თავად რა გეცვა? სოფო:

- როგორც მახსოვს, შავი პიჯაკი ეცვა. მაშინ ბევრად უფრო გამხდარი იყო, ვიდრე ახლაა. პირველ შეხვედრაზე ყვავილების დიდი თაიგული მაჩუქა. მე კლასიკური, შავი, წელში გამოყვანილი, "მიდი" სიგრძის კაბა და რა თქმა უნდა, მაღალქუსლიანი "ლაბუტენები" მეცვა. თმა გაშლილი მქონდა.

მიშა:

- რა ეცვა, მართლა არ მახსოვს. მახსოვს, რომ თმა გაშლილი ჰქონდა... თუ არ ვცდები, ლურჯი ან თეთრი პერანგი მეცვა, დანარჩენს ვერ ვიხსენებ.

- მისი გარეგნობიდან შენი ყურადღება პირველად რამ მიიქცია? შენს გარეგნობაში პირველად მან რას მიაქცია ყურადღება? სოფო:

- სიმაღლემ (იცინის). არ მეგონა, თუ ასეთი მაღალი იყო. ჩემი გარეგნობიდან ალბათ - თვალებმა, სახემ მიიქცია მისი ყურადღება. სიმაღლით არ მოვხიბლავდი, ეგ ზუსტად ვიცი (იცინის).

მიშა:

- არ მქონია ასეთი სიტუაცია, რომ მეთქვას - აუ, რა თვალები, რა ტუჩები აქვს-მეთქი. ეს ადამიანი მთლიანად, თავიდან ფეხებამდე მომეწონა... აუ, მართლა არ ვიცი, მას რა მოეწონა ჩემს გარეგნობაში, ამაზე არ გვისაუბრია.

- მისი ფეხის ზომა? შენი? სოფო:

- მისი - 43-44, ჩემი - 37.

მიშა:

- მისი - 36, ჩემი - 44-45.

- მისი წონა? შენი? სოფო:

- ჩემს ამჟამინდელ წონას არ ვიტყვი. თავად თუ თქვა, მოვკლავ, ვერ გადამირჩება (იცინის)!.. ბოლოს, სანამ ანდრიაზე ფეხმძიმედ ვიქნებოდი, ძალიან კარგ ფორმაში რომ ვიყავი, 61 კილოს ვიწონიდი. ჩემთვის ეს იდეალური წონაა. ამაზე არც მეტი უნდა ვიყო, არც - ნაკლები. რა თქმა უნდა, ახლა მეტს ვიწონი, მაგრამ ძალიან მალე ჩვეულ ფორმაში ჩავდგები. მიშას წონას რაც შეეხება, ალბათ, 130 კილომდეა. როცა გავიცანი, 117 კილო იყო.

მიშა:

- ამჟამად მან წონაში მოიმატა, როგორც მშობიარობის შემდეგ ხდება ხოლმე. ზუსტი წონა არ მიკითხავს - ეს პრობლემა არ მაწუხებს. თუ არ ვცდები, ფეხმძიმობამდე 66 კილო იყო... მე სამარცხვინო წონა მაქვს - 130 კილოს გადავცილდი, მაგრამ ვცდილობ, გავხდე და ამისთვის ვემზადები.

სოფო ბედია ოჯახთან ერთად

- "სოფო ბედიას ქმრობასთან" დაკავშირებული ხუმრობებიდან ყველაზე მეტად რომელზე გეცინება? მას? სოფო:

- ბევრი ვიცინეთ, როცა პირველად დაწერეს - სოფო ბედიას ქმარმა ვარჯიში დაიწყოო, თუმცა ეს იმასთან შედარებით არაფერია, რომ თურმე, რომის პაპს "დაუნახავს" - დედა, მიშა მესხიო!.. მერე, თურმე კრისტინა აგილერას რომ "უთქვამს", - სოფო ბედიას ქმრის ქვეყანაში მივდივარ სამღერადო... ამ ხუმრობებზე ორივეს გვეცინება.

მიშა:

- ბევრი სასაცილო იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ამას გამოვარჩევ: სოფო ბედიას ქმრის "კურტკა" მოდის ჭექა-ქუხილიაო (იცინის)... ალბათ, სოფოს ყველაზე მეტად ამაზე ეცინება: სოფო ბედიას ქმარმა ვარჯიში დაიწყოო. ეს ამბები სწორედ აქედან დაიწყო...

- მიშას "სოფო ბედიას ქმრის სტატუსით პოპულარობა" მოსწონს? სოფო:

- იცი, რა? რეალობას ვერ გაექცევა, მაგრამ ეს უფრო ხუმრობად გავიგეთ, ავყევით და ჩვენც ვხუმრობთ. რა თქმა უნდა, მიშას თავისი სტატუსი აქვს, რომელიც ჩემთვის ძალიან პატივსაცემია. მას ბევრი ღირსება აქვს, რომელიც სოფო ბედიას ქმრობაზე მნიშვნელოვანია...

მიშა:

- ამ თემაზე ხანდახან მეგობრებიც ვხუმრობთ. ამას წინათ, ჩემი მეგობარი - ირაკლი ქუთათელაძე ეკლესიაში ვნახე და მითხრა, - მთელი ეკლესია შენზე ლაპარაკობს, რა პოპულარული ხარ, სოფო ბედია ცოლად რომ არ მოგეყვანა, რა გეშველებოდაო (იცინის)? ეს სასაცილოა. სასიამოვნოა, როცა ასეთი წარმატებული ცოლი მყავს, ასეთი კარგი მომღერალია, ადამიანებს უყვართ... ზოგი მიცნობს, როგორც სოფო ბედიას ქმარს, ზოგს საერთოდ, მისი ძმა - ბორია ვგონივარ, კონცერტზე ვიღაცას ანრი ჯოხაძეც ვეგონე... ახლა რა ვქნა? ცხოვრება ასეთია. რაც მთავარია, ჩემი ცოლი მეამაყება და ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ. ჩემი წარმატება არც სოფოს ეწყინება. მგონია, რომ უკვე რასაც უნდა მივაღწიო, ეს სახელი - "სოფო ბედიას ქმარი" - უკვე შერქმეული მაქვს და ამას შევეგუე (იცინის). თავად სოფოს მოსწონს თუ არა, არ მიკითხავს. რომ არ აღიზიანებს, ვიცი. მე მისი ქმარი ვარ, ის ჩემი ცოლია. რატომ უნდა გვწყინდეს და გვაღიზიანებდეს? ჩემთვის და ალბათ, მისთვისაც სასიამოვნოა, რომ გვიცნობენ. ვთქვათ, რანგით მაღლა ავიწიე (მაღალ თანამდებობაზე დავინიშნე) და სოფოს შესახებ თქვეს, - მიშა მესხის ცოლიაო, სოფოს ეს არ ეწყინება. გაგრძელება