"ის მაცოცხლებს, რაც ამერიკელისაგან განმასხვავებს" - კვირის პალიტრა

"ის მაცოცხლებს, რაც ამერიკელისაგან განმასხვავებს"

"მრცხვენია, რომ ჯერ არ ვყოფილვართ გასტროლებით საქართველოში"

დილის თერთმეტი საათისთვის შევთანხმდით. მანამ ვერ მოიცლიდა... ოღონდ დილის თერთმეტი საათი აქ იყო, საქართველოში, ამერიკაში ღამის სამი საათი გახლდათ.

კომპიუტერებს მივუსხედით. მის მონიტორზე მე გამოვჩნდი, ჩემსაზე - ის, ირაკლი კავსაძე. ისე, როგორც ქართულ ხალხურ ზღაპრებშია - ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით ბედისა თუ ბედნიერების საძებნელად წასულმა იქნებ იპოვა კიდეც ბედნიერება თავის თეატრთან, "სინეტიკ სიეთასთან" ერთად: წარმატება, სახელი, პრესტიჟულ სცენებზე ანშლაგით გამოსვლა...

მამამისი, კახი კავსაძე ნახევრად ხუმრობით ამბობს: ჩემი არაფერი ესმის. მე რომ ვუთხრა, - ფრთხილად, ორმოა არ ჩავარდე-მეთქი, - მე რა, ვერ ვხედავო და ჩავარდება. მერეღა აწუწუნდება, - მართლა ორმო ყოფილაო. სხვამ რომ უთხრას, მაგალითად, პატარა ბავშვმა, - ძია ირაკლი, ორმოაო, - გაჩერდება... ამიტომ არაფერს ვეუბნები.

მამას ამერიკაში წასვლაზეც არაფერი უთქვამს. გააფრთხილა და ეგ იყო: - ძალიან გაგიჭირდებაო. ირაკლი წავიდა.

რამდენადაც კომპიუტერის მონიტორზე შეიძლება აღიქვა, მართლაც კარგად უნდა იყოს...

- ფიზიკურად კი, მაგრამ სულიერადაც უნდა იყო კარგად, - სულ ერთ ფრაზას ამბობს და მერე ისე უცებ გადადის თეატრის თემაზე, კითხვის დასმას ვერც ვასწრებ.

სულ ახლახან მის თეატრს ბოლო პრემიერა ჰქონდა - "მეფე არტური". დიდი წარმატება ხვდათ წილად. ამჯერად ირაკლი სცენაზე არ მდგარა... თქვენ რატომ არ ითამაშეთ-მეთქი, უნდა მეკითხა... მიმიხვდა:

- მე, ცოტა არ იყოს, გამოვეთიშე სცენას. მესამე ოპერაცია გამიკეთეს მარჯვენა მუხლზე და ვარჩიე, ცოტა ხანი დამესვენა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქტიური ცხოვრება მომაკლდა, პირიქით, უფრო დატვირთული ვარ. ასეა, ჩემი ინტელექტუალური ცხოვრება ღამით მიდის... დაღამდება და იწყებს გონება გამოფხიზლებას. ხშირად გვიწევს დღის და ღამის გადაბმა თეატრში. ცოტა ხანს თვალს მივლულავთ... ბევრი შრომა გვიხდება - აქცენტის გამო ტექსტებზე ხანგრძლივად ვმუშაობთ...

- გამოდის, თითქმის არ გძინავთ....

- ათი წელია, ამერიკაში ვარ და აქედან შვიდ-ნახევარი წელიწადი არ მძინებია... ხშირად მიფიქრია, 48 საათი რომ იყოს დღე-ღამეში, რამდენს მოვასწრებდი-მეთქი... ამერიკელებს უკვირთ ჩვენი ცხოვრების რეჟიმი. დაგვცინიან, ზოგჯერ ვეცოდებით. ამათ გაგებაში არ არსებობს "არ დაიძინო იმიტომ, რომ მუშაობ". აბა, შენი უფლებები სადააო. კარგი სპექტაკლები კი მოსწონთ, როგორც საუკეთესო შემოქმედებითი ჯგუფი, ჯილდოებს რომ ვიღებთ, აღფრთოვანებულები გვილოცავენ.

ეს არის დღე-ღამის შრომა... ბოლო ხანს ერთი უბედურება დაგვატყდა თავს: "მეფე არტურის" დადგმისას 20-25-ჯერ დაგვჭირდა პიესის შეცვლა. ბოლოს, გასინჯვის წინადღეს ჩაისვა ახალი სცენა... პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ფეხი მოიტეხა სცენის მენეჯერმა, დახურული ჩვენების დღეს მუხლი იღრძო ერთ-ერთმა მსახიობმა. პრემიერა მშვიდობიანად კი ჩავათავეთ, მაგრამ ახლა მთავარი როლის შემსრულებელმა ქალბატონმაც მოიტეხა ფეხი.

სამივე ჩვენი თანამშრომელი ერთსა და იმავე საავადმყოფოში წაიყვანეს, სამივეს ახლდა მთავარი რეჟისორი პაატა ციქურიშვილი. ისე მოხდა, სამივეჯერ ერთი ექიმი მორიგეობდა და კინაღამ გადაირია, - რა თეატრი გაქვთ, ასეთს რას აკეთებთო... პაატამ გაუღიმა: - ჯერ სადა ხართ, კიდევ გვყავს მოსაყვანი ხალხიო...

- მართლაც, ასეთი რა ხდება თქვენს თეატრში?

- ფიზიკური თეატრია, ყველაფერი რთული ილეთებით გვაქვს დადგმული - ჩხუბი, ცეკვა, აკრობატიკა... მაგალითად, "მეფე არტურში" მთელი სცენა წყალში დგას, გაკეთებულია აუზივით და კოჭებამდე წყალია. აქ მიდის მოქმედება, ჩხუბი, გადმოხტომა... ბევრი რამ რისკთანაა დაკავშირებული... სპექტაკლი ძალიან მოეწონა საზოგადოებას. დიდი გამოხმაურება ჰქონდა. დაიწერა კიდეც. საერთოდ, ჩვენი თეატრი განებივრებულია ყურადღებით, "ვაშინგტონ პოსტი" რომ 5-6-ჯერ დაწერს და იტყვის, რა მაგარიაო, - ბევრს ნიშნავს. სისულელეებიც დაწერეს, მაგრამ პოპულარობის ისეთ საფეხურზე ავედით, თუნდაც გაგვკენწლონ, სპეტაკლით მეტად ინტერესდება ხალხი.

- ძალიანაც ლოგიკურია, რომ დათაშკა კავსაძის (ხალხური სიმღერების ლოტბარი და შემსრულებელი) შვილიშვილი მუსიკალურად აფორმებს სპექტაკლებს... საინტერესოა, რას ნიშნავს თქვენთვის - იყო დათაშკას შთამომავალი?

- დათაშკა რეპრესირებული იყო. ბევრი ვერც ბედავდა ბებიასთან მოსვლას (ტყვედ ჩავარდა II მსოფლიო ომის დროს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი კვალი გაქრა. - ავტ.) და მასზე ლაპარაკს. ძნელი მოსაპოვებელი იყო მასალა მის შემოქმედებაზე, თუმცა ბებიას გადანახული ჰქონდა ფირფიტები. მახსოვს კიდეც, რომ ჩავრთე და მისი ხმა გავიგონე... ამის სიტყვით გადმოცემა ძალიან გამიჭირდება.

ნელ-ნელა ვიგებდი რაღაცებს. მესმოდა, ბაბუა გადასახლებული იყო, მაგრამ რატომ, რა დააშავა - ამას ვერ ვხვდებოდი.

ერთი გერმანელი ქალი იყო ჩამოსული, ბაბუაჩემს ეძებდა. უთხრეს, გარდაიცვალა,  მაგრამ საფლავი არ არსებობს. სამაგიეროდ, შვილები დარჩაო. ეს ქალი აღმოჩნდა ბაბუას მეგობარი, ელზა, ვინც უყვარდა გერმანიაში... გავარდნენ კახი და იმერი - ბიძაჩემი. რომ დავინახე, დედაჩემის გერმანული ვარიანტი  იყოო, - ჰყვებოდა კახი.  მას შემდეგ ფრაუ ელზა ხშირად ჩამოდიოდა კახის და იმერის სანახავად.

- ყველაზე რთული დრო ალბათ უკან დარჩა, როცა ამერიკაში მშენებლობაზეც იმუშავეთ, პიცის მიმტანადაც... ახლა თქვენს საქმეს აკეთებთ და წარმატებითაც. გაქვთ საკუთარი სახლი...

- სახლი რომ გაქვს, უფრო უნდა დაიდგა წელებზე ფეხი, რომ გადასახადები გადაიხადო. სირთულეს რაც შეეხება, შენ თუ თავს არ დაიმძიმებ, უკეთესია, უფრო ადვილად გადაიტან ყველაფერს. ეს ამერიკამ მასწავლა. აქ ემოციების გამომჟღავნება არ არის მიღებული, ჯობია შენთვის შეინახო და წყნარად გადალახო დაბრკოლება.

- საქართველოსთან ყველაზე მეტად რა დარდი გაკავშირებთ - მამათქვენის გამო ხომ არ დარდობთ?

- ვერ ვიტყვი, რომ კახიზე ვდარდობ. მას სიმარტოვე არ აწუხებს, იმიტომ, რომ ყველას უნდა მასთან ყოფნა. თუმცა, დარდია ის, რომ დიდხანს ვერ ვნახულობ. ყოველდღე ვესაუბრები, ვცდილობ, ერთად ვიყოთ... ჩემი უთბილესი და უნაზესი დეიდა მიყვარს და მენატრება... დეიდას დედის სუნი ასდისო, ნათქვამია. დეიდასთან არ შემიძლია ცოტა ხანს ლაპარაკი. რჩევებსაც მაძლევს, ფილოსოფიურადაც აზროვნებს. წინაპრებზე მაწვდის ახალ-ახალ ცნობებს. თურმე ალექსანდრე ყაზბეგი ჩვენი ნათესავი ყოფილა, არ ვიცოდი...

- საქართველოში ბოლოს როდის იყავით?

- ომამდე ჩამოვედი უმცროს ქალიშვილთან ერთად. მერე ჩემი უფროსი ქალიშვილი და მეუღლე ჩამოვიდნენ. ამერიკაში რომ დავბრუნდი, ცოლ-შვილი მანდ დავტოვე და ეს საშინელებაც დაიწყო. ომის გამო სპექტაკლი გავაუქმეთ. "სტუმარ-მასპინძელი" დავაბრუნეთ სცენაზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ საქართველოს მხარდამჭერ მიტინგებზე დავდიოდით...

- "სტუმარ-მასპინძელი" ახსენეთ. იცით, რას ჰყვება მამათქვენი ამ სპექტაკლზე? "მეც ვითამაშე "სტუმარ-მასპინძელში". ისე მაქვს დაზეპირებული ის ტექსტი, საფლავში რომ ჩამომძახონ: - კახი, როგორ იყო ის ინგლისური ტექსტიო, ვეტყვი. ჩემი სურათი ვნახე: სპექტაკლამდე ახალგაზრდულად გამოვიყურები და ამ სპექტაკლის შემდეგ უკვე თეთრთმიანი ვარო.

"სტუმარ-მასპინძლის თამაშიდან" 7 წელი იყო გასული, ირაკლიმ რომ შემაცდინა, - პიერ რიშართან ითამაშე ფილმში. დარწმუნებული ვარ, შეძლებო. არტისტი ხომ იცი, რა არის, ვსინჯავ-მეთქი. ვსინჯე და მერე ხომ ვეღარ დავიხევდი უკან. შევტოპე და შევტოპე. გულის ოპერაცია რომ გამიკეთეს, ამის შედეგი იყო"...

- ისე,  კახისთვის ყველაზე რთული პერიოდი, მართლაც ეგ დრო იყო. მართლა ინერვიულა. მეც ვინერვიულე, მაგრამ საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ვიცოდი, შეძლებდა. აქ ამ დატვირთვას ვერც ერთი ხანში შესული მსახიობი ვერ აიტანს, მაგრამ კახი სხვაა...

- ირაკლი, თქვენ უკვე ნამდვილი ამერიკელი ხართ, თუ რჩება რაღაც, რაც განგასხვავებთ ამერიკელებისაგან?

- რჩება და მაგით ვცხოვრობ, რაც განმასხვავებს... თბილისელი ვარ, ქართველი, თუ რამე ვიცი - მხოლოდ საქართველოდან. ჩვენი თეატრი ქართულ ფუძეზე დგას. აქ ჩვენს თეატრს განსხვავებულ თეატრს ეძახიან... "სინეტიკსი" ჰქვია. ამ სიტყვაში სინთეზიც არის, სინემატიკაც და კინეტიკაც (ტექნიკას ნიშნავს). გვინდა ეს ყველაფერი ახლოდან გაჩვენოთ, ჩამოვიდეთ... ძალიან მრცხვენია, რომ ჯერ არ ვყოფილვართ გასტროლებით საქართველოში.

P.S.  "ერთი ამბავი არ მავიწყდება, კახიმ მიამბო: ერთი სტუდენიტი გოგოა, კალინსკაა გვარად. უკრაინელია. ამერიკაში სპექტაკლებზე მოდიოდა, იღებდა რაღაც კადრებს. ვიფიქრე, ფანია-მეთქი. მერე ოპერატორთან ერთად მოვიდა: საკურსო ფილმს ვიღებ, არ მაქვს საშუალება, გადაგიხადოთ, უფულოდ თუ ითამაშებთო... მთელი ცხოვრება უფულოდ ვთამაშობ და აბა, რას ვიზამ-მეთქი. გადაიღო ასეთი ფილმი: ქართველი ემიგრანტი აბანოში მექისედ მუშაობს. ეტყვიან, - რუსული არყის რეკლამაში უნდა გადაგიღოთ. დიდი ბუშტით აფრინდებით და ამ საჰაერო ბურთს ეწერება არყის რეკლამაო. დათანხმდება.

გულში ამბობს, ნეტა აქედან სადმე წამიყვანაო... მასთან ერთად საჰაერო ბურთში მეორე კაციც ზის - უკრაინელი ბიჭი, ისიც ოცნებობს აქედან წასვლაზე... აფრინდებიან და საერთოდ გაფრინდებიან. გადაღება დასრულდა. დაშვება რომ დავიწყეთ, საჰაერო ბურთმა ტორტმანი დაიწყო. ნიუ-იორკში ვიყავით, ოკეანეზე. ვფიქრობდი, ნეტავ წყალში არ ჩამოვარდეს, ისევ მიწაზე მირჩევნია დავვარდე-მეთქი... საერთოდ, საქართველოს მიწაზე მერჩია, ცხადია"...

ამას ირაკლის ვუყვები. ჩუმად მისმენს. ცხადია, მასაც საქართველოში ურჩევნია... ოღონდ ჯერ ამერიკაში უწევს იმისი გამეორება, რომ მისი საქართველო საქართველოა და არა ამერიკის შტატი ჯორჯია, რომ ქართველებს სომხებივით დიდი დიასპორა არ ჰყავთ, ამიტომ "არმენია" ყველამ იცის, "ჯორჯია" კი არა... რომ საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა და მსოფლიოს თოთხმეტ ანბანთა შორის ერთი - მისია...

ცოტა მეოცნებე თუ ხარ, აუცილებლად დალანდავ მონიტორს მიღმა ჰაერში გამოკიდებულ საჰაერო ბურთს, ქართველი ემიგრანტებით სავსეს...