"მშობლებს ჩემი იმედი ჰქონდათ და გამოვიდა, რომ მათ ვუღალატე" - კვირის პალიტრა

"მშობლებს ჩემი იმედი ჰქონდათ და გამოვიდა, რომ მათ ვუღალატე"

აზარტული თამაშების მოყვარულები და ლუდომანიით დაავადებულები არა მხოლოდ მამაკაცები არიან, არამედ ქალებიც, თუმცა მამაკაცებში აზარტული თამაშების კლინიკური დამოკიდებულება ორჯერ უფრო მაღალი ყოფილა. კვლევების მიხედვით, ქალებს უფრო უჭირთ თამაშისთვის თავის დანებება, ვიდრე მამაკაცებს. სუსტი სქესის წარმომადგენლები აზარტულ თამაშებში სამჯერ უფრო სწრაფადაც ებმებიან და ფსიქოთერაპიასაც გაცილებით ძნელად ემორჩილებიან. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ზრდასრულ ასაკში ხდებიან ლუდომანები, რასაც თან ახლავს დეპრესიული აშლილობა. აზარტომანიას ხშირად ნარკომანიასაც ადარებენ და სპეციალისტების აზრით, ნარკომანია უფრო მარტივად იკურნება, ვიდრე ლუდომანია. ამაში თვითონაც დავრწმუნდი, როდესაც ჩემი რესპონდენტების, ორი ახალგაზრდა ქალის, ელენესა და შორენას ამბავი მოვისმინე, შემდეგ კი ფსიქოლოგ სალომე ბლიაძეს ვესაუბრე იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ადამიანი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული, რა ეტაპებს გადის, ვიდრე ლუდომანად ჩამოყალიბდება და შესაძლებელია თუ არა ლუდომანიის პრევენცია.

"დავკარგე ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა"

ელენე, 34 წლის:

- პროფესიით ეკონომისტი ვარ, წითელ დიპლომზე დავამთავრე უნივერსიტეტი. კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი სკოლაშიც და შემდეგ უკვე უნივერსიტეტშიც წარმატებული სტუდენტი ვიყავი. ამას იმიტომ გეუბნებით, ქარაფშუტა რომ არ გეგონოთ. თუმცა, მაინც ქარაფშუტა აღმოვჩნდი, საბოლოოდ ასე გამოვიდა. 4 წლის წინ გავთხოვდი. ჩემი ქმარი ერთ-ერთ დაწესებულებაში მენეჯერად მუშაობდა. მეგონა, ეს იყო ბედნიერების პიკი - მქონდა სამსახური, მყავდა ქმარი, რომელიც მიყვარდა და რომელსაც ვუყვარდი... ქორწინების პირველ თვეებშივე გავიგე, რომ ჩემი ქმარი თამაშობდა. ისტერიკა დამემართა, ძალიან ვიჩხუბეთ და ვიდრე საბოლოოდ დავშორდებოდით, ამით გულგატეხილმა და გაბრაზებულმა შურისძიება გადავწყვიტე - მეც დავიწყე თამაში. ქმრისგან მუდმივად უყურადღებობას ვგრძნობდი, მან ცოლსა და ოჯახს თამაში არჩია, თავშესაფარს სხვაგან ეძებს და ვნახოთ ერთი, ჩემს საქციელზე რა რეაქცია ექნება-მეთქი, - ვფიქრობდი. საშინელებაა, მაგრამ ასეა, ეშმაკმა მაცდუნა და მეც დავიწყე თამაში. ჩემდა სამარცხვინოდ, ჩამითრია.

ქორწილისთვის ვალი რომ ავიღეთ, იმაზე ვნერვიულობდი და მერე თამაშის გამო რამდენიმე ბანკიდან ერთდროულად რომ გამოვიტანე თანხა, ეს სულ არ მადარდებდა. ვიხდიდი, ერთი დღეც კი არ მქონდა ვადაგადაცილება, რადგან ერთ ვალს ვიღებდი, მეორე რომ გადამეფარა. მაგრამ ასე როდემდე გაგრძელდებოდა და ერთ დღესაც ძალიან "გავიჭედე" ფინანსურად. მხოლოდ ჩემმა ქმარმა იცოდა ეს ამბავი და მთხოვდა, გაჩერდიო. ბოლოს, ვერაფერი რომ ვერ გააწყო, ჩემებს დაურეკა, ამის შემდეგ დავშორდით. იმ დღეს ქვეყანა დაიქცა ჩემთვის, იმ დღეს მოვკვდი... ქმარმა და მისმა ოჯახმა ყველა ვალი მე შემატოვა - ჩემიც და მათი შვილისაც. ჩემმა მშობლებმა ბინა ბანკში ჩადეს, რომ ყველა ვალი გამესტუმრებინა. ეს თანხა არ გვეყო, ამიტომ ისევ ავიღე ვალები - სხვადასხვა საფინანსოდან და თან, თამაშიც არ შევწყვიტე. ამხელა ვალს ვეღარ ვიხდი, დღეს თუ ხვალ ბინას გამიყიდიან. ამ ამბავს უკვე ვეღარ ვუმხელ მშობლებს - ვერც ავადმყოფ დედას, რომელიც ლამის გადაჰყვა ჩემზე დარდს და ვერც მამას, რომელმაც პირველად მაშინ იტირა, როცა სიმართლე გაიგო, მანამდე მის თვალზე ცრემლი არ მინახავს. როდესაც გაიგებენ, რომ ისევ ვთამაშობ და ბინას ვკარგავ, როგორ უნდა შევხედო მათ? არადა, სკოლა ისე დავამთავრე, ფულის თხოვნა მერიდებოდა მშობლებისთვის. არ მაქვს დაბალი ხელფასი - 2.400 ლარს ვიღებ, მაგრამ სწრაფი სესხების გამო საკრედიტო ქულა დაბალი მაქვს და არავინ მაძლევს დიდ თანხას, ყველა ვალი რომ გავისტუმრო. განა არ ვიცოდი, ადრე თუ გვიან ეს დღე რომ დადგებოდა. იმ ხალხსაც ვუფუჭებ საქმეს, ვინც მენდო და თავდებად დამიდგა.

სასოწარკვეთილი ვარ! თავის მოკვლაზეც ვფიქრობ, მაგრამ მინდა პრობლემები მოვაგვარო და ჩემებს არ დავუტოვო თავში სახლელად. ეგოისტია ადამიანი, საკუთარი თავი ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს და ამიტომაც ვიქცევი ასე, მხოლოდ ჩემს სიამოვნებაზე რომ ვფიქრობ. ჩემი ახლობლების 99% ალბათ ვერც ხვდება, რას ვაკეთებ; ვერ იეჭვებენ, მე ასე თუ დამემართა. ზოგჯერ თვითონაც არ მჯერა, რომ რაც ხდება, რეალურია. მეგობრებსაც არაფერს ვეუბნები, არ შემიძლია ჭკუის დარიგებების ატანა, ისედაც კარგად ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. თანაც, ყველას თვალში დავმცირდები და გავნადგურდები, ყველას კიდევ ერთხელ გავუცრუებ იმედს. იქნებ რომელიმე ბანკი მენდოს, მომცეს გრძელვადიანი სესხი. თუ ღმერთი სიცოცხლის ამ ერთ შანსს კიდევ მომცემს, ვიცი, არ დავკარგავ. სული ეშმაკს მივყიდე, დამიჯერეთ, სიცოცხლე უკვე აღარ მიღირს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც დამშორდა ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. არ ვიცი, ხვდებით თუ არა, რასაც ვგრძნობ - ყოველთვის სამაგალითო ვიყავი, თითით საჩვენებელი, მშობლებს ჩემი იმედი ჰქონდათ და გამოვიდა, რომ მათ ვუღალატე; თუ რამ აბადიათ, იმასაც ჩემი მიზეზით კარგავენ... გაგრძელება