ქალაქ ალიკანტეს მმართველობაში შესაძლოა ქართველი აღმოჩნდეს
27-05-2019
ქალაქ ალიკანტეს მმართველობაში შესაძლოა ქართველი აღმოჩნდეს
ფოტო:მანანა­ გოგოლაძე
"აუცილებლად დავბრუნდები ჩემს საყვარელ საქართველოში და სიბერეს მანდ გავატარებ"

ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში მმარ­თვე­ლმა სოციალისტურმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატად ქართველი­ მანანა­ გოგოლაძე წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არჩევნებში­ პედრო სანჩესის პარტია გაიმარჯვებს, რისი ალბათობაც დიდია, ქალბატონი მანანა ალიკანტეს­ მმართველობაში აღმო­ჩნდება. მანანა­ გოგოლაძე­ ესპანეთში 23 წლის წინ ჩავიდა, ჰყავს 4 შვილი და უკვე 15 წელია ქართულ დიასპორას ხელმძღვანელობს.

- ბორჯომში გავიზარდე, თბილისში­ ფილოლოგიის ფაკულტეტის­ დამთავრე­ბის შემდეგ ორი წლის განმავლ­ობა­ში "საქართველოს
რესპუბლიკაში" ვმუშა­ობდი ჟურნალისტად. ესპანეთში მეუღლესთან ერთად 1995 წელს ჩამოვედი მურსიის ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ არ დამხვდა ის სიტუაცია, რასაც ველოდი, ამასობაში შევიტყვე, რომ დედა გავხდებოდი. 1 წელი მურსიაში დავყავით, მას შემდეგ კი სულ ალიკანტეში ვცხოვრობ.

- "წითელ ჯვარში" როგორ დაიწყეთ თანამშრომლობა?
- ჩეჩნეთის ომის დროს
ბევრი რუსულენოვანი ლტოლვილი ჩამოვიდა. ერთხელ, როდესაც "წითელ ჯვარში" საბუთისთვის ავედი, რადგან ესპანურსაც ვფლობდი და რუსულსაც, თარჯიმნობა მთხოვეს. პროფესიონალი თარჯიმანი არ ვიყავი, მაგრამ 2 თვე დამხმარედ მამუშავეს, შემდეგ "წითელი ჯვრის" ხელშეწყობით გავიარე კურსები და 2 წლის თავზე "წითელ ჯვარში" ოფიციალურად თარჯიმნად ამიყვანეს. მოგვიანებით ალიკანტეს უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მოვიპოვე, მას შDემდეგ თარჯიმანი ვარ იურიდიული განხრით.

- ალბათ, ბევრ ქართველთან გიწევთ შეხვედრა.
- ძალიან, აეროპორტშიც გავდივარ, როგორც აქ უწოდებენ, ცხელი რეისების დროს. როგორც კი ქართველების ნაკადი­ დაიძრა ესპანეთისკენ, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ჩემი სახლი გადაიქცა­ "წითელ ჯვრად", ყველა, ვინც გაჭირვებული იყო, ან ქუჩაში რჩებოდა, შინ მიმყავდა.
2001 წელს თანამშრომლებმა მირჩიეს, ქართველების დახმარების ასოციაცია შექმენიო. თავიდან მიზანი ქართველების დახმარება-დაკვალიანება იყო, წლების შემდეგ კი ალიკანტეში ქართული სკოლა დავაარსეთ. გვყავს ანსამბლი "იბერია". ჩვენს ღონისძიებებს ბევრი რამ სჭირდება, ამიტომაც მუდმივად ვწერდი პროექტებს და ქალაქის სხვადასხვა სამსახურში შემქონდა.


ესპანეთში კეთილგანწყობა გიიოლებს ინტეგრირებას. მიგიღებენ, თუ დაანახებ, რომ კარგ საქმეს აკეთებ. ამიტომაც მთავაზობდნენ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას, წელს კი ესპანეთის კონსტიტ­უციის დღე ჩვენთან ერთად აღნიშნეს.

- პოლიტიკაში როგორ აღმოჩნდით?
- სენატორი ანხელ ფრანკო მისმა მეუღლემ გამაცნო, რომელიც ქალაქის მერიაში­ მუშაობდა. მითხრა, მას პოლიტიკაში შენნაირი საქმიანი ადამიანები მოსწონსო. ერთ-ერთ ღონისძიებაზე ბატონი­ ფრანკო გამესაუბრა და ბოლოს მკითხა, რამე ხომ არ გჭირდებათო. არაფერი,­ თუ არ ჩავთვლით, რომ ხშირად ეროვნული სამოსის პრობლემა გვაქვს-მეთქი. სამი თვის შემდეგ კულტურის სამმართველოდან მოვიდნენ და კულტურის დღეებისთვის პროექტის შეტანა მირჩიეს, დეკემბერში კი ქართული­ კულტურის ღონისძიება ჩავატარეთ.

მას შემდეგ ბატონი ფრანკო ვალენსიის­ რეგიონის საპატიო კონსული გახდა, მირჩია, გაწევრდი ჩვენს პარტიაშიო. მეგონა,­ ფორმალურად გავწევრდებოდი, მაგრამ მეორე დღიდანვე უამრავი დავალება მომცეს. ყველაფერს კარგად გავართვი თავი და მომდევნო წელს პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის სიაში მოვხვდი. წელს შიდა არჩევნებში მონაწილეობა შემომთავაზეს და დიდად მადლიერი ვარ ნდობისთვის.

- გამარჯვების შემთხვევაში თქვენ რა საქმე გექნებათ?
- კულტურის სამმართველოში მინდა მუშაობა, რითაც შემიძლია ბევრი კარგი გავუკეთო საქართველოსაც და ესპანეთსაც, საინტერესო გეგმები და პროექტები მაქვს.

- როგორი რეაქცია აქვთ, როდესაც ქართველს ხედავენ ესპანელ პოლიტიკოსთა რიგებში?
- უხარიათ. სადაც მივდივართ,­ სულ მეუბნებიან, შენ წინ დაჯექიო, ეამაყებათ, რომ თავიანთ რიგებში ქართველი ჰყავთ.

- შვილებზეც მიამბეთ.
- ოთხი შვილი მყავს, ოთხივე ესპანეთში დაიბადა. უფროსი ხოსე-თენგიზი სპორტსმენი და მოდელია, ანა-მარია ფსიქოლოგიას სწავლობს და ცხოვრობს მადრიდში, უმცროსები ნინო-ელიზაბეტი და სოფია-კლერი 11 და 12 წლისანი არიან. დიდებს არ მოესწროთ, ესენი კი ქართულ სკოლაში დადიან, ცეკვავენ, მღერიან. საქართველოში ხშირად ჩამოვდივართ. 20 წელია, დედა ჩემთან ცხოვრობს, თუკი რამე შევძელი, მისი დამსახურებაა. ჩემი შვილების აღზრდა, დიასახლისობა, მან იტვირთა.

აუცილებლად დავბრუნდები ჩემს საყვარელ საქართველოში და სიბერეს მანდ გავატარებ.
Kolxi
01 სექტემბერი 2019 17:12
)))) აგაშენად ღმერთმა თქვენ ქალბატონებო მანანა და ეკა !!!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები