"აქამდე ასეთი საზიზღარი ადამიანი არ მითამაშია..." - კვირის პალიტრა

"აქამდე ასეთი საზიზღარი ადამიანი არ მითამაშია..."

"კარგი იქნება, თეატრისთვის მოეხედათ. თეატრში ვერ გვაქვს კარგად საქმე. გაჭირვებულია, გაღატაკებული, გატყავებულია ხალხი. მე რომ მეუბნებიან, ქამარი შემოიჭირეო, თვითონ არ უნდა მოიჭირონ, კაცო?!"

დავით დვალიშვილი ის ქართველი მსახიობია, რომელმაც თავისი 50-წლიანი კარიერის განმავლობაში კინოსა და თეატრში არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა. შარშან, 1-ლ მაისს, მისი 70 წლის იუბილეზე მსახიობს მარჯანიშვილის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

"ვერ ვლაპარაკობ, ისეთი სიხარულია, რაც გიკეთებია, თითქოს იმისი წერტილია, თითქოს დასრულდა რაღაც მომენტი ცხოვრებაში და აწი რა იწყება, კაცმა არ იცის" - განაცხადა დავით დვალიშვილმა ვარსკვლავის გახსნის დროს.

ბოლო სიახლე, რაც მის კარიერას უკავშირდება, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ბადრი კოლიას როლია. საუბარი ცნობილ მსახიობთან სწორედ ამ როლით დავიწყეთ:

- კოლიას როლი ეკა მჟავანაძემ შემომთავაზა. მგონი, საინტერესო ხაზი წამოვიდა ამ პერსონაჟის გამოჩენით. როგორ ვთამაშობ, ეს უკვე მაყურებელმა შეაფასოს.

აქამდე ასეთი საზიზღარი ადამიანი არ მითამაშია, არადა, საინტერესო ყოფილა. მთავარია, მაყურებელი ზუსტად ისეთად აღიქვამს, როგორსაც ასახიერებ.

- რეალურ ცხოვრებაში თუ შეგხვედრიათ ბადრი კოლიასნაირები?

- ბადრი კოლია ქართული რეალობიდან აღებული კრებსითი სახეა. ჯუნგლის კანონით გაზრდილი კაცია, მუშტით იცავს ცხოვრებას.

ზოგი თვისება ერთი ადამიანისგან შევძინე, ზოგი მეორისგან, ზოგიც მესამისგან... ასე, ნაძვის ხესავით შევმოსე სხვადასხვა მანერითა და თვისებით. სცენარიც ისე კარგად იყო დაწერილი, ალბათ, ზუსტად იმავე ტექსტით ვილაპარაკებდი, რეალურ ცხოვრებაში მსგავს სიტუაციაში რომ ჩავვარდნილიყავი.

- მსახიობის პროფესიაზე ბავშვობიდან ოცნებობდით?

- მაშინ თვალს გვჭრიდნენ ოთარ კობერიძის, აკაკი ვასაძის, აკაკი ხორავას, სერგო ზაქარიაძის გმირები, პოპულარული იყო მსახიობის პროფესია. მათ შემხედვარეს მეც მინდოდა მსახიობობა. მამა რკინიგზელი იყო, გაიღიმა, ჩემი განზრახვა რომ შეიტყო. ერთხელ დედამ მარჯანიშვილში "ყვარყვარე თუთაბერი" ნახა და მითხრა, იცი, მამაშენს ქუჩარა აქვს ნათამაშები ტყიბულის მოყვარულთა თეატრშიო.

ჩაბარება არ გამჭირვებია. ჩემი ჯგუფელები იყვნენ გია ფერაძე, ასმათ ტყაბლაძე, ნანული სარაჯიშვილი... გვყავდა გენიოსი პედაგოგი, საშა მიქელაძე, რომელმაც ილიას მკვლელობის სასამართლოს ოქმები გადაარჩინა - ბაზარში ნაყიდი ხორცი ყასაბს მისთვის ოქმების ქაღალდში გაეხვია. მიბრუნდა უკან და ყველა დარჩენილი ოქმი გამოისყიდა.

მე და გია ფერაძე ახლოს ვიყავით, მხიარულთა და საზრიანთა კლუბში ერთად ვმონაწილეობდით, ერთად ვიგონებდით ხუმრობებს. არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა. სხვათა შორის, ჩვენ სამედიცინო ინსტიტუტის სახელითაც გამოვდიოდით, მაშინ მიღებული იყო სხვა ინსტიტუტელების "სესხება". იმდენი გვიონავრია, ყველაფერს ვერც გავიხსენებ.

მახსენდება ჩვენი ბოლო შეხვედრა: გაჭირვების წლები იყო, ვაგზლის მოედანზე შემხვდა. დათიკო, ვერ მიცანი, ბიჭოო, დამიძახა. გადადებული ჰქონდა თავი, თითქოს სიცოცხლეც აღარ უნდოდა... ისეთი შესახედავი იყო, ვერც წარმოვიდგინე, გია თუ იქნებოდა.

- დათიკოს გეძახდათ? - ვლადიმერ ილიჩ დვალიშვილს მეძახდა. ახალგაზრდობაში, ერთხანს, ქუთაისის თეატრში ლენინს ვთამაშობდი. სპექტაკლი ახალი დამთავრებულია, გამოვედი და გია შემხვდა კულისებში, დავლიოთო. მაშინ არ სვამდა და გამიკვირდა. ისე შევუდექით ქეიფს, გრიმი არც მომიცილებია. ცოტა რომ შეზარხოშდა, დათიკო, თუ კაცი ხარ, ერთი პანღური ამომარტყმევინე ლენინისთვისო, მითხრა. გულს როგორ დავწყვეტდი, ამოვარტყმევინე, მაგრამ არ გავუმეტებივარ.

- ოჯახზეც მიამბეთ. - დვალიშვილები ვანიდან ვართ, თუმცა მე ტყიბულში დავიბადე. 1935 წელს ლენინის სურათი გადაუგდია წყალში მამაჩემს, მთვრალს, ჰოდა, დასმენის შიშით ტყიბულის შახტებში გასცლია ავ ენებს. სკოლა სამტრედიაში დავამთავრე. იქ ხომ ყველა ველოსიპედით დადის და მეც ვირტუოზი ვიყავი ველოსიპედის ტარებაში. 23 წლისა დავოჯახდი, უკვე 48 წელია ერთად ვართ, გვყავს შვილები, შვილიშვილები. უფროსი გოგო გერმანიაში ცხოვრობს, იქ დაოჯახდა, ჩემი სიძე კოტე მახარაძის დისშვილია.

1993 წელს, ჩემი გოგო აქედან რომ მიდიოდა, მიხაროდა, ახლა ჩამოსვლის პირი არ უჩანთ და ეს მიხეთქავს გულს. მარტო ჩემს შვილს კი არა, ყველა წასულს ეხება. ასე რომ ფიქრობენ, იმიტომ დაცარიელდა ჩვენი ქვეყანა.

ბიჭი საქართველოშია, ულამაზესი შვილიშვილები მყავს და ყველანი ერთად ვცხოვრობთ.

ადვილი ცხოვრება არ გამომივლია, 23 წლისამ ვიქორწინე, ვმუშაობდი და ხელფასით ვარჩენდი ოჯახს. ხელმოკლედ ვცხოვრობდი, მაგრამ ამას მიჩვეული ვიყავი. მაშინ კარგად ცხოვრობდა, ვინც ქურდობდა და თან ამაყობდა კიდეც ამით. მე არასოდეს მიქურდია. ავიღებდი ხელფასს, გავისტუმრებდი ვალებს, მერე ავიღებდი ვალებს, დაველოდებოდი ხელფასს და ვიყავი ასე. დიდხანს მომიწია საერთო საცხოვრებელში ცხოვრებამ, იმიტომ, რომ უარი ვთქვი თანამშრომლობაზე. ჩვენ დაშინებული თაობა ვიყავით. პირველად საზღვარგარეთ ბულგარეთში გავედი და შიშით "კოკა-კოლა" არ დავლიე, არ დამინახოს ვინმემ-მეთქი, იმიტომ, რომ იმპერიალისტების სასმელად ითვლებოდა. კიდევ კარგად მოვაღწიეთ აქამდე. რამ გამაბედვინა თანამშრომლობაზე უარის თქმა, წარმოგიდგენიათ?

- რა გვინდაო? - სამშობლოს მტრების აღმოჩენაში მოგვეხმაროო და ასე შემდეგ.

- პოლიტიკაში მოსვლაზე არასდროს გიფიქრიათ? - 71 წლის კაცი ვარ. რაღა დროს პოლიტიკაა... კარგი იქნება, თეატრისთვის მოეხედათ. თეატრში ვერ გვაქვს კარგად საქმე. გაჭირვებულია, გაღატაკებული, გატყავებულია ხალხი. მე რომ მეუბნებიან, ქამარი შემოიჭირეო, თვითონ არ უნდა მოიჭირონ, კაცო?!

გარშემო მყოფები კარგად რომ გყავს, ბედნიერებაა. ცხოვრებაში არავისთვის დამიცინია, ცუდად არ შემიხედავს, არ მომიტყუებია, ასე ვცხოვრობ დღემდე.