კუკიის სასაფლაოზე ეკატერინეს დაკრძალვისას სტალინი ცოლის ახალგათხრილ საფლავში ჩავარდა - კვირის პალიტრა

კუკიის სასაფლაოზე ეკატერინეს დაკრძალვისას სტალინი ცოლის ახალგათხრილ საფლავში ჩავარდა

ისტორიას ვერაფერს უკარნახებ - გამორჩეული პიროვნებები სამუდამოდ რჩებიან. ამიტომაც არის, რომ დღემდე სტალინის ცხოვრებით დაინტერესება არ განელებულა, მათ შორის მისი და ეკატერინე (კატო) სვანიძის სიყვარულის ამბავი.

ამბროლაურის სოფელ ბაჯში მცხოვრები ღარიბი აზნაურის, სიმონ სვანიძის ოთხივე შვილი (ალიოშა, ალექსანდრა, ეკატერინე და მარიამი) საბჭოთა იმპერიის პოლიტელიტის უახლოესი პირები იყვნენ. ოთხი და-ძმიდან მხოლოდ ალექსანდრამ შეძლო მეტ-ნაკლებად მშვიდი ცხოვრება. ესეც, ალბათ, იმის დამსახურებით, რომ მისი მეუღლე, სტალინის ბავშვობის მეგობარი მიხეილ მონასელიძე გახლდათ. სწორედ ის მიხეილ მონასელიძე, რომლის ოჯახშიც გაიცნო სოსო ჯუღაშვილმა თავისი კატო. მიშას მამა, თბილისელი მოძღვარი და უაღრესად წესიერი კაცი, მათე მონასელიძე, სტუმართმოყვარე ადამიანი იყო, უმამოდ გაზრდილ სტალინს კი მის ოჯახში სტუმრობა მალამოდ ედებოდა. გარდა თბილი დახვედრისა, სტალინს შეეძლო ამ ოჯახის მდიდარი ბიბლიოთეკითაც ესარგებლა. ამის მიუხედავად, სტალინის კომუნიზმისთვის ცივსისხლიან ბრძოლას სვანიძეების ოჯახის სამი წევრი შეეწირა: ეკატერინე და მისი და-ძმა - ალიოშა და მარიამი. მონასელიძეები ამ ტრაგიკული ისტორიის ამსახველ დოკუმენტებს ერთგულად ინახავდნენ, მათ შორის მათი ქალიშვილის, დარია მონასელიძის ოჯახიც. ტრადიცია დარიას ვაჟის ცოლმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ნათია ვეფხვაძემ გააგრძელა, ის რომ არა, ეს დოკუმენტაცია აღარ იარსებებდა:

- მიშა მონასელიძე თავის მოგონებებში წერს, რომ გიმნაზიაში ნიჭიერ და მკვირცხლ სოსოსთან ურთიერთობა ყველას უნდოდა. მონასელიძის ოჯახში მორიგი სტუმრობისას სოსოს ალექსანდრას უმცროსი და, რაჭიდან ახალი ჩამოსული ეკატერინე დახვდა. ეკატერინემ სოსო იმავე დღესვე მოხიბლა. ცოტა ხანში სტალინი მიშას გაენდო, მეგობარიც მათ ქორწინებას წინ არ აღსდგომია და წყვილმა ჯვარი ეკლესიაში დაიწერა, პატარა ქორწილიც გადაუხადეს, თამადად კი მიხა ცხაკაია დანიშნეს.

სოსო ჯუღაშვილი ამ დროს 28 წლის გახლდათ, ეკატერინე კი ოცის. სულ მალე ვაჟი, იაკობი შეეძინათ, რომლის დაბადებას სტალინის ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეუცვლია - ბაქოში რევოლუციის მოსამზადებლად წავიდა და ჩვილბავშვიან ეკატერინეს ძალიან დიდხანს მოუხდა ახალგაზრდა ქმრის ლოდინი. ბოლოს მისი თხოვნა მოვიდა, - კატო, ჩამოსვლას ვერ ვახერხებ, იქნებ იაკობი წამოიყვანო და თავად წამოხვიდე, უფრო ხშირად ვიქნებით ერთადო. ასე გაემგზავრა კატო ბაქო-თბილისის მატარებლით ქმართან. სტალინს, რომელსაც გამუდმებით უთვალთვალებდნენ, ახალგაზრდა ცოლის ნახვის შესაძლებლობა არც ბაქოში ჰქონია და ეკატერინე დანაღვლიანდა. ამას ისიც დაემატა, რომ ოჯახისგან შორს იყო და ვერავინ ეხმარებოდა.

ეკატერინეს დაკრძალვა. მარცხნიდან: ალიოშა და ალექსანდრა სვანიძეები, ეკატერინეს მამა სიმონი, უმცროსი ქალიშვილი მარო, დედა საფირა და სტალინი

ერთ დღეს ქმრის ნაცვლად ქართველმა რევოლუციონერმა მიაკითხა, სოსო შეიძლება დიდხანს არ გამოჩნდეს, ამიტომ შენ და ბავშვი ისევ უკან დაბრუნდითო. ასე რომ, დასუსტებული დედა-შვილი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ბაქო-თბილისის მატარებელში, რაც ამჯერად საბედისწერო გამოდგა. ეკატერინეს გამცილებელმა მატარებელში ნადგამი წყალი დაალევინა, რომელიც მუცლის ტიფის ჩხირით დასნებოვნებული აღმოჩნდა და თბილისში ჩასულ კატოს ვეღარაფერი უშველეს... ამჯერად მწუხარებისგან გაოგნებულმა სტალინმა, როგორც იქნა, თბილისში ჩამოაღწია.

- ამბობენ, რომ კუკიის სასაფლაოზე ეკატერინეს დაკრძალვისას სტალინი ცოლის ახალგათხრილ საფლავში ჩავარდა. - დიახ, ასე იყო. თუმცა, როდესაც ამოიყვანეს, ამ დროს მას უცნობი მიუახლოვდა და რაღაც ჩასჩურჩულა. ეს იყო და... სტალინმა რაღაც ჩაიბუტბუტა, მერე სასაფლაოს ღობეს გადაევლო და გაქრა.

7 თვის იაკობი ეკატერინეს დედამ წაიყვანა გასაზრდელად სოფელ ბაჯში. როდესაც ბიჭი 14 წლის გახდა, მხოლოდ მაშინ წაუყვანა ეკატერინეს ძმამ, ალიოშამ სტალინს კრემლში. სოფელში გაზრდილი ბიჭისთვის მამასა და მის ოჯახთან შეგუება არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა.

"სტალინი ეკატერინეს ნათესავებს უდიდესი პატივით ეპყრობოდა. განსაკუთრებით თბილად ცოლისდას, ალექსანდრას, რომელსაც მძიმე დაავადების სამკურნალოდ 5.000 მანეთი აჩუქა და პარიზში გაგზავნა, მის მეუღლეს მიშა მონასელიძეს კი მისწერა, არავისთან დაგცდეთ, რომ ფული მე მოგეცითო"

- იაკობს მამასთან სულ კამათი ჰქონდა. - კი, მათი ურთიერთობა განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, როდესაც იაკობმა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, არადა, სტალინს სარძლო არ მოსწონდა და იაკობიც იძულებული შეიქნა სახლიდან წასულიყო. წყვილს მალე გოგონა შეეძინა, მაგრამ ბავშვი ავად გახდა და იაკობმა მამას წამლის ფულიც ვერ სთხოვა. ბავშვი გარდაიცვალა და ეს ქორწინებაც დამთავრდა.

წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ყოფილიყო კრემლში კარგად ბიჭი, რომელიც მამას, ფაქტობრივად, არ იცნობდა, რუსული არ იცოდა და ამასთან, დედინაცვალსა და მის გათამამებულ შვილებთან უწევდა შეგუება. ამის მიუხედავად, იაკობი უმცროსმა და-ძმამ გულით შეიყვარა, თუმცა ამას არაფერი შეუცვლია მის ცხოვრებაში - ომის წინა ხაზზე საკუთარი ნებით წავიდა და დაიღუპა...

- სტალინის მეორე ცოლის, ნადეჟდა ალილუევას თვითმკვლელობა ისეთი ბურუსით მოცულია, რომ დღემდე იკვლევენ. - სტალინი ცოლის რევოლუციონერ მამას ბავშვობიდან იცნობდა, შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და სოსომ ნადია მხოლოდ 17 წლის ასაკში ნახა. ნადია კომუნიკაბელური ქალი იყო, მან ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც ახალგაზრდა ლექტორთან მეგობრობდა.

საეჭვო არაფერი ყოფილა, მაგრამ სტალინს მტერი ბლომად ჰყავდა, ნადიასა და ლექტორის ამბავი დამახინჯებით მიუტანეს და 31 წლის ნადიამ ძმის ნაჩუქარი რევოლვერით მოიკლა თავი. ამასთანავე, მსმენია, რომ ნადიას ძმას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გამორიცხული არ არის, ნადიასაც ლაბილური ფსიქიკა ჰქონოდა.

- მას შემდეგ, რაც სტალინმა ნადია მოიყვანა, პირველი ცოლის ნათესავებთან ურთიერთობა ხომ არ შეუწყვეტია?

- არა, ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. სვანიძეების შთამომავლების ნაამბობიდან ვიცი, რომ ეს ნადიას აღიზიანებდა. განსაკუთრებით ეკატერინეს ძმის, ალიოშას უნებართვოდ სიარული სტალინის კაბინეტსა და ოჯახში. თუმცა ალიოშა არა ნადიას ლაპარაკმა, არამედ სტალინის უახლოესმა გარემოცვამ გაწირა, აბა, ვის აწყობდა ადამიანი, რომელიც უნებართვოდ შედიოდა სტალინთან და... ალიოშამ სიძესთან ბოლოს მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრების გამო იჩხუბა. ამის შემდეგ ალიოშა ციმბირში გადაასახლეს, მერე კი გაქრა.

არადა, უერთგულესი კაცი იყო, შვეიცარიაში ჰქონდა ეკონომიკური განათლება მიღებული, იცოდა ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები. ერთხანს ირანთან სავაჭრო ურთიერთობის პალატას ხელმძღვანელობდა, მერე კი სტალინმა კრემლში წაიყვანა.

ციხეში, 48 წლის ასაკში, დაიღუპა ეკატერინეს უმცროსი და მაროც, რომელიც კრემლში აბელ ენუქიძესთან მუშაობდა. მანამდე კი სტალინი ეკატერინეს ნათესავებს უდიდესი პატივით ეპყრობოდა. განსაკუთრებით თბილად ცოლისდას, ალექსანდრას ექცეოდა.

სტალინმა ცოლისდას მძიმე დაავადებისას უანგარო დახმარება გაუწია - 5.000 მანეთი აჩუქა და პარიზში გაგზავნა, მის მეუღლეს კი მისწერა, გთხოვთ, არავისთან დაგცდეთ, რომ მე მოგეცითო. ალექსანდრამ ოპერაცია გაიკეთა, ხოლო დარჩენილი ფული სტალინს დაუბრუნა. სტალინი მოსკოვში დახვდა და ჯერ გაუჯავრდა, ეს ჩემი ხელფასი იყო, მინდოდა და დაგეხმარე, უკან რას მიბრუნებო, მერე კი ჰკითხა, მითხარი, რა გჭირდება და ყველაფერს გაგიკეთებო. ალექსანდრამ კი, ჩემთვის არაფერი მინდა, თუ შეგიძლია, მიშას მშობლიურ სოფელში, კავთისხევში კასპამდე სავალი ხიდი გააკეთეო. კავთისხევში დღესაც მოქმედებს ეს ხიდი.