"პახმელიაზე" ჩონჩხმა გამომიყვანა" - კვირის პალიტრა

"პახმელიაზე" ჩონჩხმა გამომიყვანა"

"1974 წელს ქარელის საშუალო სკოლა დავამთავრე, შემდეგ ცხინვალის ინსტიტუტში ჩავაბარე, ორი წელი ვისწავლე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოვედი, რისთვისაც ერთი თვის განმავლობაში 36 გამოცდა ჩამაბარებინეს. 1976 წელს ჩემი ცხოვრება ბიჭვინთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ შეცვალა. გურამ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, იქ ოთხი წელიწადი ვიმუშავეთ. მას შემდეგ ამ საქმისთვის არ მიღალატია," - მიყვება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, პროფესორი დავით ლომიტაშვილი, რომელიც დიდი ხანია, ექსპედიციებს ხელმძღვანელობს, თუმცა ყველაფერი ბიჭვინთიდან დაიწყო.

ელარჯი ცარიელი მაცივრის ნაცვლად

- 1980 წელს დაიწყო ნოქალაქევის ექსპედიცია. გვიან საუკუნეებში (IV, V, VI) ასეთი მასშტაბის ნაქალაქარი არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში და არც საქართველოს სხვა ტერიტორიაზე არ არსებობს. 1999 წელს ვანის სიმპოზიუმზე ჩამოვიდა ერთი ახალგაზრდა კაცი, უორდროპების სტიპენდიანტი ოქსფორდიდან და საქართველოს შესახებ თავისი ცოდნით ყურადღება მიიქცია. ავდექი და პირდაპირ ვკითხე, თქვენ, ალბათ, გინდათ, აქ ერთობლივი სამეცნიერო ჯგუფი შევქმნათ, რომელიც ნოქალაქევში იმუშავებს-მეთქი. დაუფიქრებლად მიპასუხა, ბრიტანელებს ჩამოვიყვანო... ეს იყო დმანისის ექსპედიციის შემდეგ პირველი სამეცნიერო პროექტი, რომელშიც უცხოელი მეცნიერები მონაწილეობდნენ კემბრიჯიდან, ოქსფორდიდან და სხვა ცნობილი უნივერსიტეტებიდან. 1999 წელს სენაკში პირველად ჩავიყვანე ბრიტანელი მეცნიერები. რა ხდება ამ დროს იქ? შეიარაღებული ბანდები დათარეშობენ, სენაკის ცენტრში კარვები დგას, ნოქალაქევსა და ლეძაძამეს მხარეს კი ცა ყოველღამე გადაწითლებულია ტყვიებით. დღეს ამის გახსენება ადვილია, მაგრამ იმ დრო ჩვენმა ბრიტანელმა მეგობრებმა ამ სტრესს გმირულად გაუძლეს... ერთხელ ერთმა გოგომ მაცივარი გამოაღო - ბრიტანულ პრესაში საქართველო ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნების სამეულში დასახელდაო. ალბათ, გგონიათ, მაცივარში გამოხრული ძვლები გვიდევს-მეთქი. შეიძლებაო, - მიპასუხა, მაგრამ მერე ელარჯი და მეგრული ხარჩო ვაჭამეთ და მალევე შეეცვალა წარმოდგენა...

როცა ექსპედიციაში ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ, სხარტად ვაზროვნებთ, ბრიტანელებს კი გამართული ქვეყანა აქვთ და მიჩვეული არიან მაღალ ტექნოლოგიებს, ამიტომ მომეჩვენა, რომ სხარტი აზროვნებით ცოტა ჩამოგვრჩებიან...

ნოქალაქევში, იქ, სადაც უცხოელები დავაბინავეთ, საშინელი პირობები იყო... სახურავზე ერთი დიდი ბაკი გვედგა, მაგრამ წყალი ძლივს მოწანწკარებდა. მეგობრებს დავურეკე და ვთხოვე, სახანძრო მანქანა წყლით აევსოთ და გამოეგზავნათ. ცოტა ხანში მართლაც გამოჩნდნენ. ბრიტანელებს ეგონათ, სადღაც ხანძარი იყო და აქეთ-იქით დაიწყეს თვალების ცეცება, ვერ მიხვდნენ, რატომ მოვიდა სახანძრო. ხედავენ, მშვიდად გადმოვიდნენ მეხანძრეები და საუბარი გავაბით. გაოგნებული უყურებდნენ, როდესაც ერთი მეხანძრე სახურავზე ავიდა და ცეცხლის ჩასაქრობი რეზინის მილით ბაკის წყლით შევსება დაიწყო...

ის კი არა, ერთ ოჯახში უნიტაზიც კი არ იყო... დღეს იქ გესთჰაუზების ქსელია და არ შემრცხვება სტუმარს ვუთხრა, რომელიმე ოჯახში დაბინავდი-მეთქი...

2002 წლის შემდეგ გავხდი ხელმძღვანელი. აAრც ერთ ექსპედიციას არ ვუშვებ ინსტრუქტაჟის გარეშე. ექსპედიცია 48 ადამიანისგან შედგება და წარმოიდგინეთ, ყველამ თავის ნებაზე რომ დაიწყოს სირბილი, დალევა... ეს ჯარის რეჟიმს ჰგავს - როცა ვამბობთ, დილის 6:00 საათზე უნდა ავდგეთ, ზუსტად ამ დროს უნდა ავდგეთ, 6:30-ზე უნდა ვისაუზმოთ. თუ ვინმე დაიგვიანებს, საუზმე აღარ ეკუთვნის, რადგან 45 ადამიანი ვერ დაელოდება.

2007 წლიდან სენაკში უფასო საზაფხულო სწავლების ინგლისური ენის კურსები გავხსენით. იქაურებს ძალიან გაუხარდათ, მეზობელი სოფლებიდან ზოგი ცხენით, ზოგი ფეხით მოდიოდა გაკვეთილზე. მას შემდეგ წელი არ ჩაგვიგდია. ახლა მეგრელი ბიჭები ბრიტანელ გოგონებს ლექსებსაც უწერენ...

ერთხელ - მაშინ ექსპედიციის ჩვეულებრივი წევრი ვიყავი - მაღალი რანგის ქართველი მეცნიერები გვესტუმრნენ. ახალგაზრდა ვიყავი და ცოტა დავლიე. იმ დღეს ერთი სამარხი გავჭერით და ჩონჩხის შესწავლა მქონდა დაწყებული. საღამოს სტუმრებთან ერთად კარგად მოვილხინე და მეორე დილას საუზმეზე დამაგვიანდა. მითხრეს, შემდეგ კვებამდე საჭმელი არ გეკუთვნისო. რას ვიზამდი, წავედი სამუშაოდ. ცხელა, თავი მისკდება, რა ვქნა, არ ვიცი. სამარხში ცოტა ჩრდილიანი ადგილი იყო და ვიფიქრე, სანამ მზე მოადგება, შევძვრები გალავნის ქვეშ და დავიძინებ-მეთქი. მივუწექი იმ მკვდარს და ჩამეძინა, მაგრამ რომ გამეღვიძა, გული გამისკდა - ვხედავ, კბილებდაკრეჭილი ტიპი მიყურებს... აღარ მახსოვდა, რომ სამარხში ვიყავი წამოგორებული. მოკლედ, "პახმელიაზე" ჩონჩხმა გამომიყვანა.

ნატოს მისიის წევრები ნოქალაქევის ექსპედიციაში

- 2014 წელს ჩემმა კოლეგამ, დოქტორმა ვინჩესტერის უნივერსიტეტიდან, შემომთავაზა, რომ ნატოსა და საერთაშორისო მისიებში დაზარალებული ბრიტანელი ბიჭები ერთ სეზონზე რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის საქართველოში, ნოქალაქევის ექსპედიციაში ჩაგვერთო. 2016 წელს მართლაც ჩამოიყვანეს სამი ბიჭი და გამოაყოლეს ინსტრუქტორი, რომ საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია. ერთს თავის ქალა ჰქონდა ახდილი და აღდგენილი - ბომბი აფეთქდა და თავის ქალა ჩაუმსხვრია. მეორე იყო 33 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც 18 წლიდან სნაიპერი გახდა და ამ ხნის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა მოკლული (ბრიტანეთი ცნობილია სნაიპერების ძალიან მაღალი კლასით). 18 წლის ბიჭმა ქათამი რომ დაკლა, შეიძლება ღამე მოგელანდოს და წარმოიდგინეთ, ის ბიჭი თითის ერთი გამოკვრით ქათმებივით ხოცავდა ადამიანებს! მაგრამ ამას აკეთებდა სამშობლოსთვის, მისიისთვის... შენ თუ არ მოკლავ, ის მოგკლავს... მესამე მებრძოლს კი ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა - არასდროს ჯდებოდა სუფრასთან, მუდმივად მარტო იყო. ინსტრუქტორმა, ბრიტანული არმიის პოლკოვნიკმა მითხრა, მის ფსიქიკაში ბევრი ადამიანი შაჰიდისქამრიან მუსლიმებთან ასოცირდება და მეგობრად ვერავის აღიქვამსო. ბიჭები ექსპედიციაში გადასარევად მუშაობდნენ. სნაიპერი ძალიან კომუნიკაბელური იყო, მისი ქვეყნის გასტრონომიით დიდად არ ამაყობდა და ქართული სამზარეულო ძალიან მოსწონდა. თუმცა, ომსა და საბრძოლო მისიებზე არასდროს ლაპარაკობდა... ბოლოს იმ ბიჭსაც, ფსიქოლოგიური პრობლემები რომ ჰქონდა, ფუნქცია გაუჩნდა - სტუდენტებს ეხმარებოდა, მათთან ერთად წყალი მოჰქონდა. სეზონის ბოლოს სუფრასაც მიუჯდა და ყავა მოითხოვა, მეორე დილას კი საუზმეზე გამოჩნდა. სწორედ ამ ბიჭებთან ურთიერთობის შემდეგ მე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ნიკა ანთიძეს დაგვებადა იდეა, თავდაცვის სამინისტროსთვის შეგვეთავაზებინა მსგავსი პროექტი. მემორანდუმი გაფორმდა - მე დავინახე, რომ სახელმწიფო თავის ბიჭებზე ზრუნავს! სულ მალე დავიწყებთ ჯარისკაცების რესოციალიზაციის პროცესს. ბრიტანელებთან ურთიერთობამ ბევრი კარგი პროგრამა წამოგვაწყებინა. ვამაყობ, რომ თავდაცვის სამინისტრო დიდი სიამოვნებით ჩაერთო ამ პროგრამაში!