"10 წელიწადში ამათგან მგლებს გავზრდი" - კვირის პალიტრა

"10 წელიწადში ამათგან მგლებს გავზრდი"

"ერთადერთი გოგო ვარჯიშობს ჩვენთან, მარიამი, და ბიჭებს დედოფალივით ჰყავთ, ისე მაგრად თამაშობს, მოფერებით გოჩას ვეძახი. თავის ტყუპ ძმას მოჰყვა და არავის ტოლს არ უდებს"

"ქველმოქმედი მორაგბე" - ასე შეარქვეს ერეკლე კამლაძეს, რომელმაც 32 წლის ასაკში, რამდენიმე ევროპულ კლუბში წარმატებული თამაშის შემდეგ, უარი თქვა მორიგ კონტრაქტზე და თავის უბანში, ნაძალადევში, მოზარდების გუნდი "რაშები" შექმნა. ამბობს, მზად ვარ ვასწავლო ყველა იმ ბავშვს, რომელთა ოჯახსაც გადასახადის გადახდის საშუალება არა აქვსო, და ასეც იქცევა. რაც შეეხება სტადიონს, სადაც მოზარდები ვარჯიშობენ, მის მოსაწყობად ერეკლეს მთელი უბანი მხარში ედგა.

- რაგბი სპორტის ის სახეობაა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად მექცა. არაჩვეულებრივმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა გამზარდა.

- როგორც ვიცი, არაერთ ევროპულ გუნდში ასპარეზობდით და დიდი წარმატებითაც. - ორი წელი საფრანგეთში, ქალაქ ანტიბის გუნდში ვთამაშობდი. მომდევნო ორი წელი ჰოლანდიაში, როტერდამის გუნდში, ცოტა ხანს იტალიაშიც ვითამაშე, ასე შემოვიარე ევროპა და სამშობლოში დავბრუნდი.

- ამის შემდეგ მნიშვნელოვანი კონტრაქტი გქონდათ დადებული. რატომ თქვით უარი? - ანდორაში მივდიოდი. საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე მდებარე ეს ქვეყანა ცნობილია ზამთრის კურორტებით. ძალიან მიყვარს თხილამურობა და ვამბობდი, ზუსტად საჩემო კონტრაქტია-მეთქი. აპრილში უნდა გავმგზავრებულიყავი, მაგრამ ბოლო მომენტში გულმა აღარ გამიწია. დედაჩემი ბავშვობიდან სულ მეუბნებოდა: შენ ისეთი კაცის სახელი დაგარქვი, შეუძლებელია არ გაამართლოო. ისტორიული წიგნების კითხვა მიყვარს, ერთხელაც კითხვისას რაღაცნაირად შემომეჭრა გულში ფიქრი - ქართველი ვარ, საქართველოდან სად უნდა წავიდე, დავრჩები და ქართველ ბავშვებს გავზრდი-მეთქი. ამიტომ მტკიცედ გადავწყვიტე, "ჩაო ბამბინო ანდორა".

- მაშინ ჩამოაყალიბეთ "რაშები"?

- გასულ ზაფხულს იუსტიციის სახლში დასარეგისტრირებლად რომ წავედი, თანხა მამაჩემს ვთხოვე, 105 ლარი მომეცი, გუნდი უნდა დავარეგისტრირო-მეთქი. ასე დაიბადა "რაშები". თბილისის ზღვის მიმდებარედ მოვაწყვე სტადიონი. მთელი უბანი მეხმარებოდა და 28 სექტემბრიდან დავიწყეთ ვარჯიში.

იპოლიტე ხვიჩიას გმირი რომ დადის "ფეოლაში" ეზო-ეზო, ხომ გახსოვთ? ბავშვების შესაგროვებლად მეც ასე დავდიოდი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ფეოლა იძულებით აკეთებდა ამას, მე კი მთელი გულით. პირველად 20 ბავშვი მყავდა, სულ ცოტა ხანში კი 100 გახდა. ორი ასაკობრივი გუნდი მყავს და ჯერ არც ერთი თამაში არ წაგვიგია. 10 წელიწადში ამათგან მგლებს გავზრდი. 100 ჯანიანი ბიჭი რომ ნაძალადევში გაივლის, მერე სხვებიც მიჰბაძავენ, მოტივაცია გაუჩნდებათ.

- ბავშვებთან ურთიერთობა ხომ არ გიჭირთ? - ძალიან მიყვარს ბავშვები, სულ ვეთამაშები, საქართველოს ისტორიაზე ველაპარაკები, თქვენი წინაპრები ისეთები იყვნენ, უფლება არა გაქვთ, რომ ძლიერები და კარგები არ იყოთ-მეთქი. როგორც ნებისმიერ დედას უნდა კარგი შვილი გაზარდოს, ისე ვარ მეც, ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას.

ერთი უბნელები ვართ, მთელი დღე ჩემი თვალთახედვის არეში არიან. რომ დამინახავენ, ვაიმე, კეკე (ასე მეძახიან) მასწავლებელიო, თავქუდმოგლეჯილი გამორბიან და მეხვევიან. თუ რომელიმემ სკოლაში იზარმაცა, დამრიგებელი მირეკავს და უნდა ნახოთ, როგორ განიცდიან.

ერთადერთი გოგო ვარჯიშობს ჩვენთან, მარიამი, და ბიჭებს დედოფალივით ჰყავთ, ისე მაგრად თამაშობს, მოფერებით გოჩას ვეძახი. თავის ტყუპ ძმას მოჰყვა და არავის ტოლს არ უდებს.

მაგარი ბავშვები იზრდებიან. ვეუბნები, თქვენ "რაშები" ხართ, უმაღლეს ლიგაში უნდა ამიყვანოთ და მერე გზა დამილოცია, მეც ხელს შეგიწყობთ, რომ ერთხანს ევროპულ კლუბებში ითამაშოთ-მეთქი. მინდა გამოცდილება მიიღონ და მერე ისინიც ჩემსავით სამშობლოში დაბრუნდებიან.

- კარგი საქმე წამოგიწყიათ, იმედია, სხვა უბნელებიც მოგბაძავენ. - ორი თვის წინ პლეხანოველი ბავშვებისთვისაც ვიქირავე დარბაზი და მონდომებით ვარჯიშობენ, ჯერ 20-ნი არიან, დარწმუნებული ვარ, სექტემბერში ბევრად მეტი შემოგვიერთდება. ჩემს ყველა წამოწყებაში გვერდში მიდგას ჩემი მეგობარი, დიმიტრი კალანდაძე, დამხმარე-მწვრთნელი.

- ამდენი კარგი საქმის ჩამდენი კარგი სასიძო ხართ... - სულ აქეთ-იქით დავწანწალებ, როდის უნდა მექორწინა. ახლა ბინას ვიშენებ და მერე, ალბათ, დავაყენებ საშველს...