"ცხოვრება მშვენიერი იქნებოდა, საზღვარი რომ არ არსებობდეს" - კვირის პალიტრა

"ცხოვრება მშვენიერი იქნებოდა, საზღვარი რომ არ არსებობდეს"

"ჩემს ფოტოებში მთავარი სინათლეა"

- ეს თბილისია? აეროპორტიდან რომ მოდიხარ, იმ ადგილს ჰგავს...

- არა, ეს რუსეთ-ჩინეთის საზღვრისპირა ქალაქია, - ვპასუხობ თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე დამთვალიერებელს, რომელიც ფოტოხელოვან პატრიცია ჩიჩმანოვა-ჰაფელინის სტენდთან დგას. მე ფოტოების ავტორს ველოდები და ვაკვირდები, რომ ყველა გამვლელი, რომლებიც ფოტოსთან ჩერდებიან, ბლაგოვეშჩენსკსა და თბილისს შორის მსგავსებას პოულობს. ამ დროს კი ფოტოს ავტორი ფრანგი ხელოვანი პატრიცია ჩიჩმანოვა-ჰაფელინი მიახლოვდება. ის პარიზში ერთ-ერთი ცნობილი გალერეა L’ Aléatoire-ის მფლობელია.

როგორია ცხოვრება საზღვრის სხვადასხვა მხარეს და როგორ მოხვდა ფრანგების ოჯახი გასული საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვში, პატრიცია ჩიჩმანოვა-ჰაფელინი მოგვითხრობს.

"რუსეთში თითქოს დრო გაჩერდა"

- ეს მდინარე ამურია, ფრანგულად "ამურ" სიყვარულს ნიშნავს. ფოტოზე ერთ მხარეს რუსეთია - ბლაგოვეშჩენსკი, მეორე მხარეს - ჩინეთი, ქალაქი ხეიხე. საინტერესო ადგილია, იქ 2008 წელს ვიყავი. ჩინეთი სწრაფად ვითარდებოდა, შენდებოდა, რუსეთში კი თითქოს დრო გაჩერდა. რუსები ჩინეთის მხარეს გადადიოდნენ, ყიდულობდნენ პროდუქტს და თავიანთ ქალაქში ყიდდნენ. შემდეგ რუსეთმა ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობა შეზღუდა. მაშინ ქალების ჯგუფს გავყევი და მდინარე ამურის მიმდებარედ რამდენიმე სოფელში ვიმოგზაურე. სოფელ ალბაზინოში მოსახვედრად სპეციალური ნებართვაა საჭირო, რადგან ძალიან ახლოს არის ჩინეთთან. ამურის ნაპირას, რუსეთის მხარეს, ვიდექი და წინ ჩინელ მეთევზეებს ვხედავდი. ეს ტერიტორია ვიზიტორებისთვის დახურულია. გადაღების დროს თან მახლდნენ რაიონის გამგებელი, გამცილებელი, მძღოლი და ყველანი ერთად ვუცქერდით სილამაზეს, რომელიც ბევრისთვის აკრძალულია.

ცხოვრება ციმბირში

- საქართველო-რუსეთის საზღვარი არ გადაგიღიათ?

- არა, არ მინდა ადამიანებს გული ვატკინო. ბოლო წლებში ქართველებმა ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარეთ.

- რუსეთის კიდევ რომელი საზღვარი გაქვთ გადაღებული? - ტუვის რესპუბლიკა სამხრეთ ციმბირის ტერიტორიაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით მას მონღოლეთი ესაზღვრება. იქ ზამთარში ტემპერატურა -50 გრადუსამდე ეცემა. მოსახლეობა იაკის ხორცით (წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახიდან) იკვებება და რძის პროდუქტებსაც აწარმოებენ. სოფელში, ძირითადად, მოხუცები ცხოვრობენ, ახალგაზრდების უმრავლესობა ნოვოსიბირსკშია წასული, სოფელში მხოლოდ ზაფხულში ჩადიან. ვცდილობდი მათი ყოფა გადმომეცა. ტუვის რამდენიმე სოფელში ვიყავი. მარტში ისევ თოვდა, თან სულ ქარი იყო. ერთ ადგილას გადასაღებად რომ მივედით, მანქანის კარი გამოვაღე და კინაღამ გავფრინდი. ერთხელ ერთი კადრის გადასაღებად სამ საათს მომიწია ლოდინმა - დილით ძალიან ადრე -40 გრადუსში გავედი და მზის ამოსვლას ველოდებოდი. საშინლად ციოდა, მაგრამ როცა ბუნება ასეთ სილამაზეს "ხატავს", ღირს საათობით ლოდინი. ჩემს ფოტოებში მთავარი სინათლეა. ფოტოგრაფმა მომენტი უნდა დაიჭიროს, იგრძნოს მომენტი და ჩააჩხაკუნოს. ეს ნადირობას ჰგავს...

"პირველი ფრანგები, რომლებიც "პერესტროიკის" შემდეგ მოსკოვში დასახლდნენ"

- რუსეთში "პერესტროიკის" შემდეგ ჩამოვედით. როცა მეუღლეს რუსეთში სამსახური შესთავაზეს, სიხარულით დავთანხმდი, თუმცა მოსკოვში ჩასულები მივხვდით, რომ საშინელი წლები იყო - ქუჩაში ისროდნენ, ადამიანებს აყაჩაღებდნენ, სიდუხჭირე სუფევდა... მიუხედავად მოსკოვში არსებული სიტუაციისა, საფრანგეთში დაბრუნებაზე არასდროს მიფიქრია. ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად მიდიან, ცდილობენ გათავისუფლდნენ იმისგან, რაც საკუთარ ქვეყანაში ამძიმებდათ. მე მინდოდა გავთავისუფლებულიყავი ჩემი ვიწრო, შემოფარგლული, დაგეგმილი ცხოვრებისგან. ახლა ამას რომ ვამბობ, შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, რადგან ყველას ევროპაში უნდა ცხოვრება, მაგრამ მე ბურჟუაზიულ ოჯახში დავიბადე და იქ ჩემი მომავალი გათვლილი იყო, მე კი საზღვრების გარღვევა და დაუგეგმავი ცხოვრება მინდოდა, რაც რუსეთში შევძელი.

საზღვრისპირა ქალაქების გადაღებისას მივხვდი, რომ ცხოვრება მშვენიერი იქნებოდა, საზღვარი რომ არ არსებობდეს, მაშინ ხომ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა.