მინიატიურული სასმელების შემგროვებელი - მისი კოლექცია 2734 ბოთლს ითვლის - კვირის პალიტრა

მინიატიურული სასმელების შემგროვებელი - მისი კოლექცია 2734 ბოთლს ითვლის

23 წლის თემო მღვდელაძე პროფესიით მენეჯერია, ოთხი წელია, რაც 50-მილიგრამიან ალკოჰოლურ მინისასმელებს აგროვებს და მისი კოლექცია 2734 ბოთლს ითვლის. კითხვაზე: როდის გახსნის და მეგობრებსა თუ ნათესავებს როდის დაალევინებს, პასუხი ერთია - არასდროს!

- ერთი და იმავე სასმლით ორჯერ დავიწყე კოლექციის შეგროვება და ორივეჯერ დამილიეს. ერთ დღესაც ახლობელმა სასმელების ნაკრები ჩამომიტანა და მეც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შეგროვება უნდა დამეწყო. ჩემი პირველი საკოლექციო სასმელი იყო ჩეხური "ეცჰეროვკა", რომელიც 1807 წლიდან გამოდის.

- ყველა საქართველოშია ნაყიდი? - სასმელები ძირითადად უცხოეთიდან არის ჩამოტანილი. რა თქმა უნდა, ვყიდულობ, თუმცა მჩუქნიან კიდეც.

- კოლექციაში რომელია ყველაზე ძვირი სასმელი? - ყველაზე ძვირად ღირებული არის LOUIS XIII, რომელშიც 600 ევრომდე გადავიხადე. ყველაზე ძველი კი ფრანგული VERMOUTH-ია, რომელიც BONNAL & FILS-მა 1936 წელს გამოუშვა. ეს არის სხვადასხვა მცენარით არომატიზებული თეთრი ღვინო. პირველად მე-18 საუკუნის ბოლოს ჩამოასხეს ტურინში, იტალიაში.

- რომელ სასმელს გამოარჩევდი? - გამოვარჩევდი ფრანგულ კონიაკ LOUIS XIII-ს, რომელიც ძალიან არომატულია.

- არის მათ შორის ისეთი, რომელიც აღარ გამოდის და აღარც იშოვება? - კი ბევრია, კოლექციაში მაქვს რუსული არაყი "კაზენკა", რომელიც აღარ გამოდის.

- რომელია ისეთი სასმელი, რომელიც გინდა, რომ კოლექციას შეემატოს? - ძალიან ბევრი მინიატიურული სასმელი არსებობს და, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ყველა მქონდეს, მაგრამ გამოვყოფდი CAMUS Cuvee 3.128-ს.

- კოლექციას დიდი თანხის სანაცვლოდ დათმობდი? - სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, ამ ეტაპზე ისე მსიამოვნებს შეგროვება, რომ უარს ვიტყოდი შემოთავაზებულ წინადადებებზე.

- ამჟამად რას საქმიანობ? - ვმუშაობ ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიაში, მენეჯერის პოზიციაზე და ამასთანავე, ვსწავლობ. ბაკალავრიატი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დავამთავრე, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ახლა მაგისტრანტი ვარ ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში, რომელსაც უკვე ვამთავრებ.

ნათია სიბაშვილი