"სოფო ნიჭიერი, კონტაქტური და უსაყვარლესი მოსწავლე იყო" - კვირის პალიტრა

"სოფო ნიჭიერი, კონტაქტური და უსაყვარლესი მოსწავლე იყო"

26 მაისს, ტრაგედია დატრიალდა ლაგოდეხის ნაკრძალში, სადაც ექსკურსიაზე - ნინოსხევის ჩანჩქერზე მყოფი 16 წლის გოგონა წყალმა წაიღო. გვიან ღამემდე რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველები დაკარგულ მოზარდს ეძებდნენ. დილიდან ისევ განახლდა სამაშველო სამუშაოები, თბილისიდან დამატებით ჩავიდნენ მყვინთავებიც, სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა მისი ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

ის კერძო სკოლა "ალბიონის" მეთერთმეტე კალსელი სოფო ნიკოლეიშვილი იყო და ექსკურსიაზე კლასელებსა და მასწავლებლებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც სკოლის დირექტორის მოადგილე მარიკა ილურიძემ გვითხრა, "სოფო ნიჭიერი, კონტაქტური და უსაყვარლესი მოსწავლე იყო".

სოფოს და, ბლოგერი სალომე ბარკერი "ფეისბუქზე" ფოტოს აქვეყნებს.

"ჩემი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და სიყვარულით სავსე სკვინჩა აღარ მყავს. არ ვიცი, რა ვქნა" - წერს ბარკერი.

თვითმხილველთა თქმით, გოგონა წყალში საბანაოდ შევიდა, თუმცა დინებამ გაიტაცა.

იხილეთ ასევე: "ბავშვმა უცებ "რუგზაკი მოიხსნა", თქვა, უნდა ვიბანაოო და გადახტა წყალში. სულ წამებში გაუჩინარდა" - რა მოხდა ნინოსხევის ჩანჩქერზე?