"არ ღირს ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა... ხანძარი იყო და დავეხმარეთ ადამიანებს, აბა, სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავით?!" - რას ამბობენ ჯარისკაცები, რომლებმაც 5 ბავშვი გამოსტაცეს ხანძარს? - კვირის პალიტრა

"არ ღირს ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა... ხანძარი იყო და დავეხმარეთ ადამიანებს, აბა, სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავით?!" - რას ამბობენ ჯარისკაცები, რომლებმაც 5 ბავშვი გამოსტაცეს ხანძარს?

ალექსანდრე ჯანიაშვილი და დავით კვიწინაძე

26 მაისს სამი სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილმა გმირობამ მთელი საქართველო აალაპარაკა. ალექსანდრე ჯანიაშვილი, დავით კვიწინაძე და გიორგი მუსელიანი საზოგადოებამ მათი ჩადენილი სამოქალაქო გმირობით გაიცნეს. ბიჭებს ბევრი არ უფიქრიათ, ისე შევარდნენ ცეცხლმოკიდებულ კორპუსში ხალხის გადასარჩენად. იმ დილით მანქანით მოძრაობდნენ, როცა რუსთავის ცენტრში შემთხვევით ერთ-ერთი კორპუსიდან გამომავალი დიდი კვამლი შორიდან შენიშნეს. ბიჭები მალევე იქ გაჩნდნენ, რადგან შეიძლებოდა მძინარე ხალხს არც გაეგო კორპუსს ცეცხლი რომ ეკიდა და სახლიდან გამოსვლა ვერ მოეხერხებინათ. ბიჭებმა ბინიდან გამოსული ცეცხლი რომ ნახეს, არც მაშველების მოსვლას დალოდებიან, პირდაპირ კორპუსში შევიდნენ და ხალხის დახმარება დაიწყეს. მათ იმ სადარბაზოდან 5 ბავშვი სახლებიდან უვნებლად გამოიყვანეს. მათ შორის, ორი პატარა, სწორედ იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც ცეცხლი გაჩნდა.

მალე სასწრაფოს ბრიგადებიც გამოჩნდა, მაშველები და პოლიციაც ჩაერთო. ცეცხლის ჩაქრობა და მოსახლეობის სრული ევაკუაცია საბოლოოდ მოხერხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ერთ მოზარდს ჟანგბადი დასჭირდა, თუმცა ადგილზე გაწეული დახმარება საკმარისი აღმოჩნდა და ის კლინიკაში არ გადაუყვანით. კლინიკაში გადაიყვანეს მხოლოდ ერთი გოგონა. სამხედროებმა შემთხვევის ადგილი მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, როცა მიხვდნენ, რომ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და ყველა სამშვიდობოს იყოს გამოსული. სამხედრო ნაწილში მივიდნენ, მაგრამ მალე სამივე მათგანს ექიმების დახმარება დასჭირდა. პირველად ცუდად გიორგი მუსელიანი გახდა, ღებინება და თავბრუსხვევა დაეწყო, იგი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მალე ცუდად გახდა ალექსანდრე და დავითიც, ბიჭებსაც გულის რევა, მუცელში წვა, თავბრუსხვევა ჰქონდათ, ისინი რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღმოჩნდა, რომ ძლიერი დაკვამლიანების გამო ჯარისკაცები მოიწამლნენ, მათ ექიმებმა სათანადო დახმარება გაუწიეს და სამივე მათგანი გვიან სახლში გაწერეს. მეორე დღეს სამხედროებმა იმ კორპუსის მაცხოვრებლები მოინახულეს, რომელშიც ცეცხლი გაჩნდა, მათი ჯანმრთელობა მოიკითხეს. ხალხთან ბიჭების შეხვედრა მართლაც ემოციური იყო, თვალცრემლიანი ქალბატონები ასეთი გმირობისთვის მათ მადლობას უხდიდნენ. იხარეთ შვილებო, ღმერთმა ჯანი მოგცეთ, - ყველა მათ ლოცავდა.

უფროსი ლეიტენანტი გიორგი მუსელიანი: - იმ დღეს აღლუმში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე შემთხვევით ვნახეთ კორპუსიდან გამომავალი ძლიერი კვამლი, იქ მივედით და მესამე სართულზე ბინიდან, ორივე მხრიდან საშინელი ცეცხლი გამოდიოდა. ეზოში ორი პოლიციელი დაგვხვდა. სასწრაფო და სამაშველო გამოძახებული იყო. დრო არ ითმენდა, მათ მოსვლას ვერ დაველოდებოდით და შევედით სადარბაზოში, მესამე სართულზე იმ ბინის კარი ღია დაგვხვდა, სადაც ცეცხლი გაჩნდა. სადარბაზოში კართან მამაკაცი დაბნეული, წელს ზემოთ შიშველი, შოკირებული იდგა. რომ ვკითხეთ სახლში მარტო იყო თუ არა, გვითხრა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და აქ არიანო, წამებში მთელი სადარბაზო კვამლით დაიფარა, სუნთქვა ჭირდა. ზედა სართულებიდან ხალხი შველას ითხოვდა. სასწრაფოდ იმ კაცის შვილები გარეთ გამოვიყვანეთ და ამის შემდეგ დავიწყეთ სხვების დახმარება. ძლივს ვახერხებდით გადაადგილებას, ვაკაკუნებდით კარებზე და ხალხს ვთხოვდით დაეცალათ ბინები.

კაპიტანი ალექსანდრე ჯანიაშვილი:

- ჩემმა მეგობარმა დათო კვიწინაძემ თქვა, მოდი შევამტვრიოთ შუშები და კვამლი გარეთ გავაო. სადარბაზოში ვამტვრევდით შუშებს და ამან ცოტათი გვიშველა. სამაშველო და პოლიციაც მალე ჩაერთო და კორპუსის სრული ევაკუაცია მოხდა. სულ 5 ბავშვი გამოვიყვანეთ... ალექსანდრე ჯანიაშვილი და დავით კვიწინაძე

ჩავაკეტინეთ გაზი, რადგან გაზის აფეთქების საშიშროება იყო და როცა მსგავსი რამ ხდება, პირველ რიგში გაზის გამორთვაა აუცილებელი. ფანჯრები რომ ჩაიმსხვრა, კვამლი გარეთ გავიდა და უკვე იმხელა დაკვამლიანება აღარ იყო. პანიკა იყო, ყველა მხრიდან ხალხის ყვირილი ისმოდა. პოლიციამ კორიდორი გააკეთა, პანიკაში მყოფ ადამიანებს შორის ჭყლეტა რომ არ ყოფილიყო და ასე გამოვიყვანეთ ყველანი. სამაშველოს, პოლიციის და ჩვენი ერთობლივი მუშაობით. განსაკუთრებულ აქცენტს ბავშვებზე ვაკეთებდით, ამ დროს ბავშვები დაუცველები არიან. შენც მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობ, გადაარჩინო ადამიანი. ჩვენ ვართ სამხედროები, ამდენი წელია ვემსახურებით სამშობლოს და მომზადებულები ვართ ასეთი ექსტრემალური სიტუაციებისთვის. როცა დავრწმუნდით რომ ყველანი უსაფრთხოდ იყვნენ, მერე წავედით სამხედრო ნაწილში. თუმცა იქ უცებ გიორგი მუსელიანი გახდა ცუდად, ღებინება დაეწყო, სისუსტე იგრძნო და გადაიყვანეს თბილისში, ინგოროყვაში, მერე ჩვენც გადაგვიყვანეს საავადმყოფოში, რადგან გულის რევა და თავბრუსხვევა გვქონდა. ასეთ დროს შიშის განცდა არ გვქონდა, ერთადერთი რამ გვამოძრავებდა, ბავშვები გადაგვერჩინა.

ალექსანდრე ჯანიაშვილი და დავით კვიწინაძე რუსთაველები არიან. გიორგი მუსელიანი კი რაჭველია. ბიჭები წლებია სამხედროში მსახურობენ და ამბობენ, რომ მათ ქცევაში განსაკუთრებული არაფერია. ისინი ბედნიერი და გახარებული იყვნენ იმით, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.

"არ ღირს ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა. ჩვეულებრივი ამბავია. ხანძარი იყო და დავეხმარეთ ადამიანებს, აბა, სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავით?!. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ხედავ, რომ სიცოცხლე გადაარჩინე. უნდა გენახათ, როგორ გვიხდიდნენ მადლობას ეს ბავშვები. ერთს ფეხსაცმელი გაძვრა, მერე ალექსანდრე მიბრუნდა უკან მისი ფეხსაცმელის მოსატანად, რადგან ბავშვი განიცდიდა, როგორც გვითხრეს, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა იმ ბინაში შვილებთან ერთად. ეს ამბავი მალე გავრცელდა და სოციალური ქსელში ბევრი მადლიერია ჩვენი ქმედებით. ერთის მხრივ, ამხელა დადებითი ემოცია რომ მოდის, ეს არის სტიმული და მოტივაცია იმის, რომ ბევრი ასეთი ღირსეული საქციელი ჩაიდინო ადამიანმა", - ამბობს კაპრალ - სპეციალისტი დავით კვიწინაძე.

"არ დაფიქრებულან არც ერთი წამით ეს ბიჭები, სერიოზული საფრთხე იყო, სახლებში ვიხრჩობოდით, სუნთქვა გვიჭირდა, სადარბაზოში იმხელა ბოლი იდგა, ვერ გავბედეთ გარეთ გასვლა და კარი ისევ მივხურეთ. არ ვიცოდით რა გვექნა, სასოწარკვეთილები შველას ვითხოვდით და ამ დროს გამოჩნდნენ ეს გმირი ბიჭები, მადლობა მათ მშობლებს ასეთი შვილების გაზრდისთვის და მადლობა მათ ასეთი თავგანწირვისთვის. რომ არა ისინი, რა მოხდებოდა კაცმა არ იცის",- ამბობს ზედა სართულზე მცხოვრები ქალბატონი.

(სპეციალურად საიტისთვის)