"ცოტა დრო დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნდება საქართველოს მოქალაქეობა" - კვირის პალიტრა

"ცოტა დრო დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნდება საქართველოს მოქალაქეობა"

ის, რაც დღეს მოხდა უკრაინაში, ამტკიცებს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ისტორია საბოლოოდ გამოიტანს სამართლიან განაჩენს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მიერ, საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება სასიხარულოა იმიტომ, რომ ის ახლა "გაცილებით უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან".

"ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, თანამედროვე საქართველოს შემქმელს, თანამედროვე საქართველოს პრეზიდენტს, მინდა ყველას სახელით მივულოცო სამართლიანობის აღდგენა. ის, რაც დღეს მოხდა უკრაინაში, ამტკიცებს მარტივ ჭეშმარიტებას, ისტორია საბოლოოდ გამოიტანს სამართლიან განაჩენს. ფულს ყოველთვის დაამარცხებს იდეოლოგია და ღირებულებები. არ არსებობს პოლიტიკური სისტემა, რომელიც ოლიგარქატს მისცემს საშუალებას, დიდხანს იარსებოს სახელმწიფოში, თუ სახელმწიფოს სურს დემოკრატიულად იწოდებოდეს. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სიხარული და გამარჯვებაა, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველო და უკრაინა ერთნაირ ომში იმყოფებიან და მეორე იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი გაცილებით უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ძალიან ცოტა დრო დარჩა გაერთიანებული ოპოზიციის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებამდე საქართველოში და იმ მომენტამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნდება საქართველოს მოქალაქეობა იმისათვის, რომ მასთან ერთდ გავაგრძელოთ ის გზა, რაც დაიწყო 2003 წელს -განვითარების, დემოკრატიის, უერთიერთპატივისცემის, კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ჩვენი საზოგადოებიდან ერთხელ და სამუდამოდ შურისძიების, ღვარძლის და განხეთქილების განდევნის“, - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"