"ამის ჩამდენებს ქალაქი არ უყვართ" - კვირის პალიტრა

"ამის ჩამდენებს ქალაქი არ უყვართ"

რეაბილიტაციას შეწირული ასწლოვანი შენობები

ავარიული შენობების ბინადართა მიმართვისა და ფინანსური თანამონაწილეობის საფუძველზე თბილისის გამგეობები სარეაბილიტაციოდ სოლიდურ თანხებს გასცემენ, მაგრამ ზოგჯერ საზოგადოებას მოლოდინი უცრუვდება, რადგან კარგის ნაცვლად ცუდ შედეგს იღებს. ეს განსაკუთრებით საუკუნოვან შენობებზე ითქმის. მაგალითად, მთაწმინდის რაიონში გურგულიას ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი შენობის "რეაბილიტაციამ" თბილისელები აღაშფოთა - სოციალურ ქსელში უსახურად შელესილი სამსართულიანი საუკუნოვანი აგურის შენობის ფოტოები გავრცელდა, რომლის სილამაზისგან აღარაფერია დარჩენილი. თურმე დედაქალაქის სხვა ძველი შენობებიც "გაულამაზებიათ" ამგვარად.

არქიტექტორ გიორგი მარგიშვილს იმ შენობების ბედი ადარდებს, რომელთა რეაბილიტაცია მთაწმინდის გამგეობამ უახლოეს ხანში სწორედ ამ პროექტით უნდა დაიწყოს. ამისთვის 215 ათასი ლარია გამოყოფილი.

- ასწლოვანი შენობის დამახინჯების ამბავი მხოლოდ არქიტექტორებისთვის როდია მძიმე და უსიამოვნო, საზოგადოებასაც მწვავე რეაქცია აქვს. სულაც არ იყო ძნელი, შენობა გამაგრების შემდეგაც ისეთივე დაეტოვებინათ, როგორიც ააშენეს დაახლოებით 100 წლის წინ და ქალაქი დაამშვენეს. მაგრამ ეს მოხდებოდა მაშინ, თუ მთაწმინდის გამგეობა საქმეს, სულ ცოტა, პატრიოტულად მოეკიდებოდა - მოიწვევდნენ და შეუთანხმდებოდნენ იმ სპეციალისტებს, რომლებმაც ძველი შენობების პრობლემები იციან.

გურგულიას ქუჩაზე ეს სამსართულიანი შენობა დუღაბით არის შელესილი, რომელიც ფასადიდან უმოწყალოდ ჩამოფხიკეს. საქმე გაიიოლეს - იშოვეს ფინაჩი ხელოსნები, მიადგნენ შენობას, ძველ დუღაბს მუსრი გაავლეს და ერთიანად ცემენტით შელესეს. ამისთვის ვანდალიზმის დარქმევაც მეცოტავება.

ასე უსულგულოდ საკუთარს კი არა, სხვის ისტორიასაც არ უნდა მოექცე.

- თუკი შენობის სახის შენარჩუნება და მისი დუღაბით შელესვა შეიძლებოდა, ასე რატომ მოიქცნენ? - უპირველესად იმიტომ, რომ ამის ჩამდენებს ქალაქი არ უყვართ, თანაც დუღაბი ცოტა ძვირი ღირს, ვიდრე ცემენტი და პლასტიკატი, რომლითაც შენობის ფანჯრების თაღები გარედან გაამაგრეს. ეს ხომ სამარცხვინოა! ამ სამუშაოს დამკვეთებს, ანუ გამგეობებს, ამის უფლება თურმე კანონით აქვთ მინიჭებული - თუ შენობა განსაკუთრებულად ავარიულად ითვლება, შესაძლოა გამგეობა არც არავის შეუთანხმდეს და თავისით გადაწყვიტოს მისი რეაბილიტაცია. ეს ვანდალიზმის პირველი შემთხვევა როდია. იგივე მოხდა ზიჩის ქუჩაზეც.

ამ საკითხზე 2-3 წლის წინ შევხვდი ქალაქის არქიტექტურული ზედამხედველობის უფროსს, რომელმაც მისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ თურმე გადაუდებლად ავარიული შენობების გამაგრება მხოლოდ გამგეობის დონეზე წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახლს ისტორიული ძეგლის სტატუსი არა აქვს.

ჰოდა, ამ შენობასაც არ ჰქონდა ისტორიული ძეგლის სტატუსი და გამგეობამაც მობინადრეთა შეთანხმებით დაამახინჯა შენობა.

...როგორც არქიტექტორს, მიმაჩნია, რომ შენობა არ იყო ისეთი ავარიული, რასაც გამგეობა ამტკიცებს. გურგულიას ქუჩას აღარაფერი ეშველება, მაგრამ ახლა იმის მეშინია, ის შენობებიც ამგვარად არ "შეაკეთონ", რომელთა რეაბილიტაციისთვის მთაწმინდის გამგეობამ 215 ათასი ლარი გამოყო.

"ამ ეტაპზე კანონი ასეთია"

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის პრესცენტრის უფროსი ქართლოს თეთრაული:

- ამ პროგრამით გათვალისწინებულია, რომ გამგეობები, ანუ დამკვეთები, ვალდებული არიან რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხისა და სამუშაოების შესახებ ქალაქის მერიის არქიტექტურულ სამსახურს შეუთანხმდნენ. თუმცაღა არსებობს ე.წ. საგამონაკლისო წესები, როდესაც დამკვეთს უფლება აქვს, ავარიული შენობების რეაბილიტაცია შეთანხმების გარეშე დაიწყოს. როგორც ვიცი, შენობა ძალიან ავარიული იყო.

- ვინ ადგენს შენობის ავარიულობის ხარისხს, რომლის მიხედვითაც გამგეობას შეუძლია გამოყოფილი თანხა თავად განკარგოს?

- დამკვეთი. თუმცა სამუშაოს დასრულების შემდეგ ვალდებულია ანგარიში მერიას წარუდგინოს.

- იმ შენობას, ალბათ, აღარაფერი ეშველება, მაგრამ იქნებ დადგეს საკითხი, რომ თბილისის ისტორიული შენობების რეაბილიტაცია კანონით მოწესრიგდეს.

- ამ ეტაპზე კანონი ასეთია, სურვილი კი, რასაკვირველია, საყურადღებოა.