"მაღაროები რომ დაიხუროს, ქალაქი მოკვდება!"
03-06-2019
"მაღაროები რომ დაიხუროს, ქალაქი მოკვდება!"
"საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვანახშირზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ გაიზარდა ინფლაციაც, რის გამოც ხშირი იყო გაფიცვები.­ მაღაროელთა დასაშოშმინებლად საბადოს მფლობელებმა გადაწყვიტეს, დაებეჭდათ ფული, რომელსაც მუშები მხოლოდ საწარმოს მაღაზიებში გამოიყენებდნენ. ამის წყალობით იკლო გაფიცვებმაც"

ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, გამოკეტილ კარ-მიდამოში სახლიც მოწყენილიაო... სულ ეს სიტყვები მახსენდება, როდესაც ტყიბულში ჩავდივარ - ერთ დროს ჟივილ-ხივილით სავსე, ახლა კი დაცარიელებული კორპუსები მართლაც მოწყენილებს ჰგვანან... ოდესღაც პრივილეგირებული მაღაროელთა ქალაქი დღეს თითქმის ცარიელია.

ვინ აღმოაჩინა ქვანახშირი ტყიბულში

როგორც
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში­ მიამბობენ, ტყიბულის ტერიტორიაზე ქვანახშირი მე-19 საუკუნის 20-იან წლებში აღმოუჩენია ქუთაისელ თერძსა და მოყვარულ გეოლოგს, გვარად საყვარელიძეს. რამდენიმე დაზვერვითი ექსპედიციის შემდეგ, 1845 წელს, მთავრობამ ტყიბულური ქვანახშირის ამოღება და შავი ზღვის სამხედრო გემზე გამოცდა გადაწყვიტა. ქართულმა ქვანახშირმა ყველა კომპონენტში აჯობა ინგლისიდან, ნიუკასლიდან შემოტანილ ნახშირს, რომელსაც
მაშინ შავი ზღვის­ ფლოტის გემები მოიხმარდნენ. ცუდი ის იყო, რომ ტყიბულის ნახშირს უგზოობა­ ძალიან აძვირებდა, რადგან ურმებით გადაჰ­ქონდათ ფოთამდე და შემდეგ ნავებით - ყულევამდე. 1886 წელს გაიხსნა ტყიბული-ქუთაისის რკინიგზა, რამაც ტყიბულის ქვანახშირის მნიშვნელობა გაზარდა და მისი ფასიც შეამცირა. საქართველოში სულ სამი ქვანახშირის საბადო იყო: ტყიბულის, ტყვარჩელისა და ვალესი. ტყიბულის უფრო მნიშვნელოვანია როგორც მოცულობით, ასევე­ ხარისხით.


მაღაროელთა ფული

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1918 წელი), ქვანახშირზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ გაიზარდა ინფლაციაც, რის გამოც ხშირი იყო გაფიცვები.­ მაღაროელთა დასაშოშმინებლად საბადოს მფლობელებმა გადაწყვიტეს, დაებეჭდათ ფული, რომელსაც მUუშები მხოლოდ საწარმოს მაღაზიებში გამოიყენებდნენ. ამის წყალობით შედარებით გამოსწორდა მუშათა საყოფაცხოვრებო პირობები, იკლო გაფიცვებმაც.
მეორე მსოფლიო ომის დროს მაღაროელების შრომა ფრონტთან იყო გათანაბრებული, ისინი ომში არ მიჰყავდათ. ომის შემდგომ არა მხოლოდ ტყიბულს, მაღაროელთა ყველა ქალაქს განსაკუთრებული მომარაგება ჰქონდა როგორც სურსათით, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით.

მაღაროელთა "სამოთხიდან" დაცარიელებულ ტყიბულამდე


მუზეუმიდან გამოსულმა გეზი ტყიბულის ბაზრისკენ ავიღე. იმერელ კაცს მუსაიფში ბადალი არა ჰყავს და მეც საპარიკმახეროსთან თავყრილობას შევუერთდი.

"ადრე მაღაროელებს მეტი დაფასება გვქონდა, - სინანულით მეუბნება თმაშევერცხლილი მამაკაცი, - 80-იან წლებში მაღაროში სპეციალური თერმოსებით გვატანდნენ საჭმელს. მენიუში აუცილებლად შედიოდა ხორციანი წვნიანი, მოხარშული კვერცხი, ბოსტნეული, განთქმული ტყიბულის ლიმონათი. მეთანს სუნი არა აქვს და ვერ გრძნობ, ისე იწამლები, ამიტომ რძეს გვასმევდნენ. ქვეყნის მასშტაბით სანატორიუმებში უფასოდ ვისვენებდით, ტყიბულსაც ჰქონდა ცხრაჯვარში სანატორიუმი, მაგრამ ახლა მიწასთან არის გასწორებული".

"პედაგოგსა და ინჟინერს თუ 120 მანეთი ჰქონდათ, მარჯვე მაღაროელები 700-800 მანეთსაც გამოიმუშავებდნენ, - ახლა გვერდით მჯდომი ართმევს თმაშევერცხლილს სიტყვას, - საპრემიო სისტემაც მუშაობდა, მეცამეტე ხელფასიც, წამახალისებელი ჯილდოები... აქ რომ კარგი ცხოვრება იყო, ამიტომაც ჩამოდიოდნენ სამუშაოდ სხვადასხვა რეგიონიდან და აქ სახლდებოდნენ".

"აქაური ქვანახშირით მარაგდებოდა რუსთავის მეტალურგიული და ზესტაფონის­ ფეროშენადნობთა ქარხნები, რესპუბლიკის გარეთაც იგზავნებოდა", - ამბობს ხელზე გაზეთდახვეული მამაკაცი.

"სამუშაო ადგილზე მუშის დაღუპვის­ შემთხვევაში, ოჯახს მარჩენლის დაკარგვის გამო პენსია ენიშნებოდა, შრომის უნარდაკარგულ მუშებსაც უხდიდნენ პენსიას, რაც განი­საზღვრებო­და წლის განმავლობაში მიღებული საშუალო ხელფასის ოდენობით. მოძრაობაშეზღუდულ მუშებს მომვლელის თანხა და სანატორიუმის საგზურები"ეძლეოდათ. მეზობელი მყავდა, წელს ქვემოთ მოწყვეტილი იყო, 550 მანეთი ჰქონდა დანიშნული. ამაში შედიოდა მომვლელის, წამლის თანხა და ყველაფერი, რაც საჭიროა. დღეს ზოგი უფეხოა, ზოგი დამწვარი და მერე რა?... 55 წლის მაღაროელი პენსიაზე გადიოდა. პენსიის ოდენობა სამუშაო სტაჟის მიხედვით განისაზღვრებოდა. მინიმალური პენსია 160 მანეთი იყო. დღეს სამუშაო ადგილზე დაზიანებულ და შრომის უნარდაკარგულ მუშას მხოლოდ ერთჯერადი სადაზღვევო დახმარება ეძლევა","- იხსენებს დანანებით ძველი მაღაროელი.

შუახნის მამაკაცმა გაღიზიანებული მოსაუბრეების ყურადღების გადატანა დღევანდელ ტექნოლოგიურ მიღწევებზე სცადა:

- აღჭურვილობა დიდ­ხანს პრიმიტიული იყო და ტექნიკის განვით­­არებასთან ერთად გაუმ­ჯობესდა. წერაქვი და ნიჩაბი პნევმატურმა ჩაქუჩმა და კონვეიერმა შეცვალა, ცხენი - ელმავალმა, ხელის ვენტილატორი - ელვენტილატორმა. სამაგიეროდ, მაშინ ოთხი მაღარო იყო: ლენინის, სტალინის, ორჯონიკიძის და კომკავშირული. დღეს ორიღაა და ისინიც გაჩერებულია შარშანდელი­ ტრაგედიების გამო. შეშინებულია ხალხი. მაღაროები რომ დაიხუროს, ქალაქი მოკვდება. ადრე სიცოცხლით სავსე იყო, დღეს დაცარიელებულია, არ არის სამუშაო და ხალხი გარბის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?