"ამ გამოგონებას ჩემი ცხოვრების 40 წელიწადი შევწირე" - კვირის პალიტრა

"ამ გამოგონებას ჩემი ცხოვრების 40 წელიწადი შევწირე"

გამოგონება, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ინგლისურმა კომპანია CST ჩორპორატიონ LTD-მა შეასხა ხორცი, ბეტონისა და ცემენტის სიმტკიცის უნიკალური მზომი CST-ია

"ინჟინერ აკაკი ირომაშვილის გამოგონება ნიჭიერებასთან ერთად იმ ქართულ გულარხეინობაზეც მეტყველებს, რაც ბევრ რამეს გვაკარგვინებს. ასე დაიკარგა ამ ნიჭიერი ადამიანის გამოგონებაც, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ინგლისურმა კომპანია CST ჩორპორატიონ LTD -მა შეასხა ხორცი. ეს გახლავთ ბეტონისა და ცემენტის სიმტკიცის უნიკალური მზომი CST. ამჟამად გამოგონება ინგლისიდან უკვე ევრაზიის 21 ქვეყანაში ინერგება. არადა, გამომგონებელი ხელსაწყოს წარმოებაში ჩაშვებას საქართველოს ხელისუფლებებს მრავალი წელი ამაოდ სთხოვდა. ეს იმ დროს, როცა უხარისხო სამშენებლო მასალებით წამოწყებულმა სამშენებლო ბუმმა არაერთი ადამიანი დააზიანა. თუმცა ამასობაში ისეთი კერძო პირებიც გამოჩნდნენ, რომელთაც ბატონ აკაკის დაუჯერეს, ცემენტის სიმტკიცე მისი ხელსაწყოთი შეამოწმეს და საიმედო ნაგებობებიც ააგეს. ინგლისში წარმოებული ქართველი ინჟინრის ეს ფასდაუდებელი ქმნილება ბეტონისა და ცემენტის სიმტკიცეს დაახლოებით 5 წუთში ზომავს. იქნებ თქვენ მაინც შეატყობინოთ საზოგადოებას ეს კარგი ამბავი.

პატივისცემით, ლოლა ბარამიძე"

დაგვეთანხმებით, უამრავი პრობლემის ფონზე რამდენად სასიამოვნოა და დამაფიქრებელიც მსგავსი ამბის გაგება. ასე რომ, ბატონი აკაკი მოვძებნეთ, რაც დიდად არ გაგვჭირვებია - ქართული სოციალური ქსელი სავსეა მისი განცხადებებით, რითაც ხელისუფლებებს წლიდან წლამდე ყურადღებას ეხვეწებოდა:

- ამ გამოგონებას ჩემი ცხოვრების 40 წელიწადი შევწირე. არადა, 40 წლის წინათ, როდესაც ამ თემაზე მუშაობა ჯერ კიდევ ასპირანტურაში წამოვიწყე, ჩემმა პროფესორებმა გამაფრთხილეს, ისეთი საქმე წამოგიწყია, რასაც შეიძლება ერთი ადამიანის სიცოცხლე არც ეყოსო. ამ გამოგონებას მთელი ჩემი ენერგია შევწირე, მაგრამ წარმოებაში ჩაშვებას ვერ მივაღწიე. ეს ყველაფერი გურჯაანიდან დაიწყო, სადაც სამშენებლო ლაბორატორიაში ყველა პირობა მქონდა ცემენტის სიმტკიცის გამზომზე სამუშაოდ. იმხანად ამას სრული 28 დღე სჭირდებოდა და ამ ხანგრძლივობამ პროტესტი გამიჩინა, იმიტომაც მოვინდომე, რომ წამიერი ცემენტმზომი შემექმნა. მისი პრიმიტიული ვარიანტი 90-იან წლებში შევქმენი. მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რა წლები გავიარეთ, ან ვის ეცალა მეცნიერებისათვის, მაგრამ მისი წარმოებაში ჩაშვება არც მაშინ უფიქრია ვინმეს, როდესაც ჩვენში მშენებლობების ბუმი დაიწყო. არადა, მე ხომ ვხედავდი, რით აშენებდნენ და როგორ. პატენტი გამოგონებაზე 2012 წელს მივიღე. სხვათა შორის, ზოგიერთმა ჭკვიანმა მშენებელმა დამიძახა და ჩემი გამოგონების შედეგი ლაბორატორიაში გაზომილი ცემენტის შედეგს შეადარა. მერე რომ ნახა, ჩემმა ხელსაწყომ 5 წუთში უფრო ზუსტი შედეგი დადო, ვიდრე 2 დღის განმავლობაში ლაბორატორიამ, გაოცებულმა მკითხა, ეს როგორ მოახერხეო. სხვათა შორის, ჩემი ხელსაწყოს შემოწმებული ცემენტით არის აგებული "ქარვასლა" ვაგზალზე. ამჟამად ლაბორატორიაში ცემენტის სიმტკიცის გაზომვას უკვე 2 დღე სჭირდება, რაც ასევე ბევრია.

მით უფრო ქართული ხასიათისთვის, რომელიც მოუთმენლობის გამო ხშირად არც ზომავს ცემენტის სიმტკიცეს. არადა, მშენებლობის მთავარი ფუნდამენტი, ბეტონი სწორედ ცემენტისაგან მზადდება.

- საინტერესოა, როგორ ხდება სამშენებლო ცემენტის გაყალბება? - უმარტივესად. ნამდვილი ცემენტი მხოლოდ კლინკერისა და მცირეოდენი თაბაშირის დანამატისაგან შედგება. კლინკერი მაღალტემპერატურიან ღუმელებში (1400-1500 ცელსიუსი) გამდნარი ქვიშის, კალციუმინატისა და ალუმინატის შემცველი ფაფაა, რომელიც გაშრობისას უკვე ცემენტად იქცევა და მერე თაბაშირს ამატებენ. ყალბისმქმნელებს მაღალტემპერატურული ღუმელები არა აქვთ, ქვიშას უბრალოდ ფქვავენ და შემდეგ ურევენ თაბაშირს. ცხადია, ასეთი "ცემენტი" სულ მალე იბზარება.

- როგორ მიაღწიეთ, რომ თქვენი გამოგონება, რომელიც საქართველოში ყურადღებას ვერ ეღირსა, ინგლისში ჩაეშვა წარმოებაში. - ძალიან მინდოდა, რომ ეს გამოგონება ჩემი ქვეყნის სახელით გამოსულიყო, მაგრამ რომ არ გამოვიდა, სხვა რა გზა მქონდა. ერთი ჭკვიანი ბიჭი, მელაანელი ვანო ნათიძე გახლდათ ერთ დროს ჩემი აბიტურიენტი. ის ამჟამად ინგლისის მოქალაქეა და ერთ-ერთი სერიოზული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც დაინტერესდნენ, გამოხდა ხანი და გამოგონება წარმოებაში ჩაუშვეს, ხელსაწყო კი ევროპა-აზიის 21 ქვეყანაში გაგზავნეს გამოსაცდელად და მათ შორის მეც გამომიგზავნეს.

საქართველოში რამდენიმე სამშენებლო კომპანიიდან შემეხმიანენ, თუმცა ზოგიერთი უკმაყოფილი დარჩა ჩემი გამოგონების შედეგით. აბა, ეს როგორ არ ვთქვა - ავტომანქანა არა მყავს, ამას წინათ წყნეთში რომ დამიძახეს მშენებლობაზე, ტაქსით ავედი. იქ კი თავისივე შეძენილი უხარისხო ცემენტით უკმაყოფილო სამუშაოების მწარმოებელმა გამომშვიდობებისას არც შემომხედა, ისე წამოვედი. გეგონებოდა, ჩემი ბრალი იყო, მას რომ დიდი ფული ჰქონდა გადახდილი უხარისხო ცემენტში.

- არ მიკვირს, თქვენ კი მადლობას გეუბნებით, რომ მუშაობა არ შეწყვიტეთ და მიზანს მიაღწიეთ. - მეც მიხარია, რომ ჩემი შრომა დაფასდა და რაც მთავარია, მოვა დრო, როცა ის ჩვენშიც საყოველთაოდ გავრცელდება. მე ხომ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ის ჩემი ქვეყნისთვის.