ბორჯომული "საწნახლები" - კვირის პალიტრა

ბორჯომული "საწნახლები"

"ერთ კარგ ბორჯომელს, ზაურ ნეფარიძეს, ვაზზე ფიქრმა საოცრად საინტერესო რამ შეაქმნევინა - საწნახლის ფორმის სასმისი, რომლის მსგავსს ისტორიულ მასალაშიც ვერ წააწყდებით! ტურისტებსაც საოცრად მოსწონთ - ხელში ისე ატრიალებენ და აკვირდებიან, როგორც არნახულ განძს. თავად ვარ ამის მოწმე და ამ სურათის ცქერაც იმდენად მეამაყება, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. ახლა თქვენ იცით, ამაზე დაწერთ თუ არა. მე კი მგონია, რომ უნდა დაწეროთ, რადგანაც ქართულ ღვინოს კიდევ ერთი საფერებელი სამკაული გაუჩნდა.

გოგა მარანელი"

ბატონი გოგას წერილის შემდეგ ბორჯომში ზაურ ნეფარიძე მოვიკითხეთ.

- ბატონო ზაურ, როგორ მოხდა რომ მთიან ბორჯომში, სადაც ვაზი თითქმის არ ხარობს, ასეთი ორიგინალური სასმისი შექმენით? - მართალია, ბორჯომში უფრო მეტად ნაძვი და მისი გირჩები გვაქვს, მაგრამ ჩვენებური მადლიანი ღვინის გარეშე არც აქ შეიძლება ყოფნა. თავად ზნაურელი გახლავართ, სადაც ციცქასა და ცოლიკაურის ვენახს ბავშვობიდან ვუვლიდი. ამჟამად ზნაური ოკუპირებულია და ჩემი გული იქ არის, მაგრამ ჩემი ძმა და რძალი იქაურობას არ მოსცილებიან, რათა ჩვენი ბაღ-ვენახი არავის გაეტიალებინა.

- ეს დღეს გმირობის ტოლფასია. - მეც ასე ვფიქრობ. ბორჯომში სტუდენტობის შემდეგ დავსახლდი. ღვინოსა და საწნახელზე ფიქრს კი აქ რა შემაწყვეტინებდა. აბა, უყურეთ, რამდენი რამ გვაქვს აგებული ვაზზე: ყურძნის კრეფა ხომ საყოველთაო სიხარულია, ღვინის დაყენება - მარადიული ხელოვნება, ღვინით გამასპინძლება - ურღვევი ტრადიცია, ღვინით დღეგრძელობა - ერთგულების ფილოსოფია... ჰოდა, ვიფიქრე, ვიფიქრე და რახან საწნახლის ხე აღარ მოგვეპოვება, თავიდან მტკიცე პლასტიკატის საწნახელი გავაკეთე. მერე საწნახლის ფორმის თიხის სასმისების კეთებაზეც გადავედი. თიხა შროშიდან ჩამოვიტანე. მერე ერთმა მადლიანმა კაცმა თიხაზე მუშაობაც მასწავლა და სულ ეს იყო ჩემი საწნახლის სასმისების საიდუმლო. რომ იცოდეთ, დასალევადაც რა სასიამოვნოა. ღვინო შესმისას ამ პატარა საწნახლიდან ისევე მორაკრაკებს, როგორც ყურძნის წვენი საწნახელში წურვისას.

მე პირველად ამ საწნახლით იმ კაცის სადღეგრძელო დავლიე, ვინც პირველი საწნახელი გათალა და ეს სიბრძნე გადმოგვცა. მას მე როგორ შევედრები, მაგრამ მეც ამ განცდით ვძერწავ ქართული თიხისგან ჩემს ციცქნა სასმის საწნახლებს, რომელიც ტურისტებს უკვე საზღვარგარეთ გააქვთ. ასე რომ, ეს "საწნახლები" იქ საქართველოს გააცნობს ხალხს.