"მე ვიყავი ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი, მაგრამ "ნაციონალებმა" მაიძულეს, პოლიტიკურად აქტიური გავმხდარიყავი" - კვირის პალიტრა

"მე ვიყავი ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი, მაგრამ "ნაციონალებმა" მაიძულეს, პოლიტიკურად აქტიური გავმხდარიყავი"

"არანაირი შემოთავაზება არ მქონია და არც რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის სურვილი გამაჩნდა"

ყველას ახსოვს პატარა გოგონა, ნინი ქარსელაძე, რომელიც "ქუჩის ბიჭებთან" ერთად ტკბილ ფიქრებზე მღეროდა, გავიდა დრო და გოგონა პოლიტიკოსების გარემოცვაში აღმოჩნდა, მაგრამ სამღერად კი არა, თავისი შეხედულებების თამამად გამოსათქმელად. ნინი ქარსელაძე "კვირის პალიტრის" მკითხველს თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ესაუბრება.

ფოტოგალერეა

- სამწუხაროდ, "ნაციონალების" მმართველობის დროს ძალიან ცუდი წლები გავიარე - ორჯერ დაიჭირეს ბიძაჩემი, უნდოდათ მერაბ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციიდან წასულიყო, ორჯერ შეუთვალეს, გადადექიო. არ გადადგა და... მაშინ პატარა ვიყავი და პროტესტს ხმამაღლა ვერ გამოვხატავდი, მაგრამ ჩემი ოჯახი იყო წინა ხაზზე... ამის შემდეგ სხვა ქვეყანაში გამიშვეს სასწავლებლად. 2012 წელს ხმა მივეცი "ქართულ ოცნებას". ბოლო სამი წელია, თბილისში უფრო ხშირად ვარ, ვიდრე საზღვარგარეთ. იმ ადამიანების მობრუნებით, რომლებიც ყველაფერ ნეგატიურთან ასოცირდებიან, მე დავინახე საფრთხე და საშიშროება და ამიტომაც სახალხოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი. ყველას პატარა ვგონივარ, არადა, 29 წლის ვხდები, მაგრამ ხალხს პატარა მომღერალი ნინი ახსოვს...

ნინი ქარსელაძე და სალომე ზურაბიშვილი

- თქვენ საზოგადოებამ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა შორისაც გიხილათ... - ბედნიერი ვარ, თუ მცირე წვლილი მაინც გვაქვს შეტანილი მე, ჩემს ოჯახსა და კოლეგებს იმაში, რომ ის ძალა არ დაბრუნდა და ქალბატონი სალომე დღეს საქართველოს პრეზიდენტია.

- საზოგადოება ამჟამად ლადო კახაძის გარემოცვაში გხედავთ... - გარდა იმისა, რომ ბატონი ლადო იმ პარტიას წარმოადგენს, რომლის მხარდამჭერიც ვარ, ჩვენი ოჯახებიც მეგობრობენ. ის საუკეთესო ექიმია და იმედია, ჩემი უბნის მაჟორიტარიც იქნება. როგორც კი გავიგე, რომ მთაწმინდის მაჟორიტარად წარადგინეს, არც ერთი წამით არ დავფიქრებულვარ, ისე დავუჭირე მხარი და მის გვერდით დავდექი.

- თავად თუ გიფიქრიათ პოლიტიკაში მოსვლაზე? - არასოდეს. მე ვიყავი ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი, მაგრამ "ნაციონალებმა" მაიძულეს, პოლიტიკურად აქტიური გავმხდარიყავი. წლების განმავლობაში ჩემი საყვარელი ადამიანებისგან ზემოდან მიღებული დირექტივების გამო წითელი ხაზი მქონდა გადასმული და ვერც ერთ კონცერტში ვერ ვმღეროდი, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი იყო ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი. ბევრჯერ დამწყვეტია გული და ამიტომაც მომიხდა ჩემი შეხედულებების დაფიქსირება, თუმცა პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ. საკმარისად გავილანძღე საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გული მწყდება და განვიცდი, მაგრამ რას ვიზამთ, ენას ძვალი არა აქვს. სამწუხაროდ, ადამიანებს ყველაფრის თქმის უფლება და საშუალება მისცა სოცქსელმა, ამისგან ვერავინ დავიცავთ თავს.

- ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ ვყოფილვარო, ამბობდით, ამას გულისხმობდით? - დიახ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო შეურაცხყოფისა და ლანძღვის კასკადი.

- საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხმა გავრცელდა, ნინის აქტიურობა დაუფასდა, მერიაში მაღალ თანამდებობას სთავაზობენო. თუმცა ისიც ითქვა, ნინი არ ადასტურებს და ამბობს, კარიერის მოსაწყობად რუსეთში მივდივარო. - რუსეთში მაგისტრატურის დამთავრება მინდოდა და არჩევნების მეორე ტურის გამოცხადებისთანავე გავფრინდი. არანაირი შემოთავაზება არ მქონია და არც რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის სურვილი გამაჩნდა. მე იმას ვაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია, და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ დამიფასოს.

- მახსოვს თქვენი გულის ამაჩუყებელი საუბარი ნარკომანიის თემაზე. როგორც ცნობილია, ეს პრობლემა თქვენს ოჯახსაც შეეხო... - ეს ძალიან მძიმე თემაა. მამა ნარკოდამოკიდებულია. მწარედ მახსოვს, როცა დაიჭირეს. მაშინ გარდატეხის ასაკში ვიყავი. ერთი არხი ყველა საინფორმაციო გამოშვებას იწყებდა იმით, რომ ეს გახლდათ ნინი ქარსელაძის მამა. მერე დედამ დამსვა, ამიხსნა ყველაფერი და მომეხმარა ამ ტკივილის გადატანაში.

- გავრცელებული ამბავი, თითქოს შეყვარებულის ოჯახმა თქვენს რძლად მიღებაზე მხოლოდ იმიტომ შეიკავა თავი, რომ ნარკოდამოკიდებულის შვილი იყავით, სიმართლეა? - ამაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ერთს დავაზუსტებ - მაშინ 15 წლის ვიყავი და გათხოვებას არ ვაპირებდი, შესაბამისად, ჩემს რძლობაზე უარს ვერ იტყოდნენ. უბრალოდ, მათგან აგრესია წამოვიდა და ერთხელ მითხრეს, ჩვენ არ გვინდა ასეთი მამის შვილიო... მამა პროგრამაშია და მკურნალობს, მინდა თუ არა, ეს რეალობაა და მე ვერ შევცვლი. ქვეყანაში ასეთი უამრავია, ჩემს თაობაშიც ბევრია.

ნინი ქარსელაძე მამასთან ერთად

- მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე რას იტყვით? - მივესალმები. მამას 22 წელი მიუსაჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ მომხმარებელი იყო და აღმოაჩნდა იმაზე მეტი დოზა, ვიდრე კანონით იყო დაშვებული. ნარკოდამოკიდებულებს ციხეში არ უნდა უშვებდნენ, მათ ციხე ვერ გამოასწორებს. მამაჩემი ცხრა წელი იჯდა, გამოვიდა და ისევ ისეა... სხვა მექანიზმი უნდა შემუშავდეს მათ გადასარჩენად. რეაბილიტაციას უნდა გადიოდნენ სპეციალურ კლინიკაში. უცხოეთში მათ მკურნალობას აიძულებენ. ნებით იქ არავინ არის წამსვლელი.

- დაოჯახებას თუ აპირებთ და როგორი უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი?

- დაოჯახებას ჯერ არ ვაპირებ. ჩემი მეორე ნახევარი უნდა იყოს ძლიერი და რეალიზებული, განათლებული, პროფესიას არა აქვს მნიშვნელობა. და კიდევ, ჩემზე მინიმუმ 5 წლით უფროსი. შავგვრემანი ბიჭები მომწონს.

- ძალიან პოპულარული ბავშვი იყავით. - დედა ცდილობდა, ხალხის ყურადღების გამო ამბიციები არ გამჩენოდა. ჩემი აზრით, ამას მიაღწია - ძალიან თავმდაბალი ვარ, არასდროს მისარგებლია პოპულარობით. ჩვენ შორის პატარა ასაკობრივი სხვაობაა, ფაქტობრივად, მე და დედა ერთად გავიზარდეთ, მაგრამ ყველაფერში მზღუდავდა. ჩემს დას, ანასტასიას, ისე მკაცრად არ ზრდიან. მხოლოდ პარასკევსა და შაბათს შემეძლო მეგობრებთან გასვლა, ისიც შვიდიდან ათამდე. ანასტასიას ასჯერ რომ უთხრა, ერთხელაც არ ესმის, მე კი დღემდე ასე ვარ, ხათუნა რომ გამომხედავს, უკვე ვიცი, რას მეუბნება. ანასტასია 13-ის ხდება, ძალიან საყვარელია, წელს აბარებს კომაროვში. ხათუნა რომ მაკრიტიკებს, ზურა ყოველთვის ჩემს მხარესაა. ზურაც ისეთივე გამზრდელია, როგორიც ხათუნა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და ყველა ის ადამიანი, რომლებიც მიყვარს, ჯანმრთელები და ღიმილიანები იყვნენ, ვინც არ მიყვარს, მათთვის არასდროს მისურვებია ცუდი.

იხილეთ ფოტოგალერეა