ბრიგადა # 0911 - ჟურნალისტი პროფესიას იცვლის - კვირის პალიტრა

ბრიგადა # 0911 - ჟურნალისტი პროფესიას იცვლის

ჟურნალისტისთვის ყოველი დღე საინტერესოა, მაგრამ ის დილა ჩემთვის მაინც ძალზე უჩვეულოდ დაიწყო: უნდა გამეცნო სასწრაფო დახმარების ის ბრიგადა, რომელთან მუშაობაც ხანგრძლივად მომიწევს, მათთან უნდა ვიყო ჭირსა თუ ლხინში, მწუხარებასა თუ მხიარულებაში. იმ დღეს პირველი მორიგეობა უნდა გამეტარებინა მათთან.

ჩემს ჩანაფიქრს, რომ სასწრაფო დახმარების მუშაობის სამზარეულოს გავცნობოდი და მკითხველისთვის დამენახებინა, რა ხდება მაშინ, როცა 112-ში რეკავთ და ექიმის დახმარებას ითხოვთ, სასწრაფოს ხელმძღვანელობამ შეუწყო ხელი და, ფაქტობრივად, კარტ-ბლანში მომცა. ჟურნალისტურ ალღოს არ უღალატია, სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ყოფნა საშუალებას გაძლევს, უამრავ სიტუაციაში მოხვდე და შესაბამისად, საინტერესო თემაც ამოუწურავია.

მაიკო ქურდაძე - უფროსი ექიმი, გულისხმიერი და საქმის პროფესიონალი.

გიორგი თუხარელი - უმცროსი ექიმი, რომელიც ჯერ კიდევ რეზიდენტია, ტრავმატოლოგიას ეუფლება, პარალელურად, სასწრაფოში" მუშაობს და გამოცდილ ექიმებს ტოლს არ უდებს.

თამაზ გაბიტაშვილი - მძღოლი. ზეპირად იცის, რომელი ქუჩა, კორპუსი თუ ბინა სად მდებარეობს...

ჩემი და მომავალი "თანამშრომლების" გაცნობა, ფაქტობრივად, გადარბენით მოხდა, რადგან სასწრაფოს არც ერთ ბრიგადას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ფილიალში დიდი ხნით გაჩერდეს.

ის იყო, ერთმანეთი შევათვალიერეთ და მივესალმეთ, რომ ოპერატორმა ახალი მისამართი გადმოსცა, სადაც დაუყოვნებლივ უნდა გავქცეულიყავით.

112-ის მწვანე ფორმა გზადაგზა მოვიცვი და ნახევარ წუთში უკვე სირენებით მივქროდით.

"მამაკაცი ამბობდა, რომ თვითდაზიანებები მიიყენა..."

პირველივე შემთხვევა საინტერესო აღმოჩნდა. გადმოგვცეს, რომ 50 წლის მამაკაცი იყო დაჭრილი.

ადგილზე მისულებს დაშავებული სადარბაზოში, თავისივე კართან, ბეტონის იატაკზე, სისხლის გუბეში დაგვხვდა. მაისურიც სისხლით ჰქონდა გაჟღენთილი. იქვე რამდენიმე პოლიციელი ტრიალებდა, კითხვებს უსვამდნენ. მეუღლე გამოვიდა, მარჯვენა თვალი დასივებული და ჩალურჯებული ჰქონდა. როგორც მაია ექიმმა მითხრა, ეს სისხლჩაქცევა 1-2 დღის წინანდელი იქნებოდა.

დაჭრილს ექიმები დაეხვივნენ, 2 ჭრილობა ჰქონდა - მუცლისა და მკერდის არეში. ექიმებმა სისხლდენა შეუჩერეს და დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს.

გზადაგზა პოლიციელები ისევ მომხდარის შესახებ ეკითხებოდნენ. მამაკაცი ამბობდა, რომ გაბრაზებულმა თვითდაზიანებები მიიყენა...

არ მომასვენა ჟურნალისტურმა ცნობისმოყვარეობამ და სანამ მას პირველად დახმარებას უწევდნენ, შინ შევედი. იქ ორი პოლიციელი დამხვდა, რომლებიც დაჭრილის ცოლს დანაშაულის იარაღის შესახებ ეკითხებოდნენ. ქალმა ჩემ თვალწინ ამოიღო ნაგვის ურნიდან ბასრპირიანი პურის საჭრელი დანა, რომელიც გვარიანად იყო მიგრეხილ-მოგრეხილი და პოლიციელებს გადასცა. ნივთმტკიცება სათავსში შეინახეს. ქალი იმასაც აჩვენებდა, როგორ ჩაირტყა დანა მკერდში მისმა მეუღლემ.

მე ისევ ჩემს ბრიგადას დავუბრუნდი და დაჭრილი საავადმყოფოში გავაქანეთ.

ორივე ექიმი უკანა სალონში, დაშავებულთან დარჩა, მე კი მძღოლის გვერდით მოვთავსდი.

- გააჩერე! - დაიძახა მაიამ. უცებ გავჩერდით, რადგან დაჭრილი წამოხტა და წვეთოვანის გამოგლეჯას ცდილობდა. თვალის კაკლები ზემოთ ჰქონდა ატრიალებული და მხოლოდ თეთრი გუგები მოუჩანდა. როგორც იქნა, დააშოშმინეს, ხელახლა მიაბეს ფარზე და გზა გავაგრძელეთ. ცოტა ხანში იგივე განმეორდა. ამჯერად ექიმებს უფრო გაუჭირდათ მისი დაოკება, მანქანის უკანა კარის სახელურსაც კი მისწვდა, მაგრამ დაკეტილი გახლდათ და ვერ გააღო, თორემ შესაძლოა უბედურება დატრიალებულიყო. ექიმებმა იმარჯვეს და ისევ თავის ადგილას დააბრუნეს. ამასობაში საავადმყოფოშიც მივედით.

ჰოსპიტალიზაციის მენეჯერს საავადმყოფოს პერსონალი წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული და იქ უკვე გველოდნენ. სასწრაფოდ შეაქანეს "ემერჯენსში" და უამრავი ექიმი დაეხვია. ზოგი ანალიზისთვის სისხლს უღებდა, ზოგი ექოსკოპიას უკეთებდა, რომ დაედგინათ, ორგანოები ჰქონდა თუ არა დაზიანებული...

გაირკვა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და ჭრილობები ღრმა არ იყო.

შემდეგ დღეს, როდესაც სხვა პაციენტი იმავე საავადმყოფოში გადავიყვანეთ, დაჭრილის ამბავი ვიკითხე. მითხრეს, რომ მიყვანიდან რამდენიმე საათში პოლიციამ დააკავა და წაიყვანა. დაკავების მიზეზი ოჯახური კონფლიქტის დროს ცოლზე ძალადობა, ფიზიკური შეურაცხყოფა და სუიციდის მცდელობა ყოფილა.

"ეს თვალები არასოდეს დამავიწყდება"

საოცარი შეხვედრა იყო ერთ-ერთ პაციენტთან გამოძახებისას. შუახანს გადაცილებული ქალი სუნთქვის უკმარისობას უჩიოდა. კარი ახალგაზრდა მამაკაცმა გაგვიღო. გულშიც არ გამივლია, რომ მას ოდესმე ვიცნობდი... ექიმები პაციენტით დაკავდნენ, მე ცნობისმოყვარედ ვადევნებდი თვალყურს.

- მარი, თქვენ ხართ? - კარგა ხნის დაკვირვების მერე მკითხა ახალგაზრდამ.

კი-მეთქი, ვუთხარი და გონება გამალებით ამუშავდა, რომ მასში ნაცნობი ამოეცნო. ახალგაზრდა მომიახლოვდა, ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა.

ვიცანი... სიხარულის ცრემლი წამომივიდა. ჩვენს ურთიერთობას წლების წინ ჩაეყარა საფუძველი - მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვთა სახლები არსებობდა. ახალი წლის წინა დღეებში ჩავუთქვი, ხელფასს რომ ავიღებ, შუაზე გავყოფ და ერთი ნახევრით ტკბილეულსა და საჩუქრებს ვიყიდი, ბავშვებს გავახარებ-მეთქი...

იმ ახალ წელს შინ არც ისე დახუნძლული სუფრა გვქონდა, რესტორანში მეგობრებთან ერთად მოლხენაზეც უარი ვთქვი, სამაგიეროდ, ბავშვები იყვნენ გახარებული - 31-ში მივედი და მათთვის სათითაოდ შეფუთული საჩუქრები მივიტანე, რომ იმ ღამით მიწვეულ თოვლის ბაბუას დაერიგებინა. პირველში კი მეც მივედი და მთელი დღე მათთან გავატარე. ცნობისმოყვარე თვალებით მიყურებდნენ, ჯერ შორიდან... ხალიჩაზე რომ მოვკალათდი და კუბებით ქალაქის აშენება დავიწყე, პირველად ხუთიოდე წლის ბიჭუნამ გაბედა მოახლოება, თან თვალებში მიყურებდა, ალბათ, ჩემს რეაქციას კითხულობდა. რომ გავუღიმე, უფრო თამამად გადმოდგა ნაბიჯები და ლოტოსის პოზაში მჯდარს, პირდაპირ კალთაში ჩამიჯდა... ერთმანეთს სახელები ვკითხეთ, მერე კუბების ფერების ჩამოთვლა დავიწყეთ... რომ მიმოვიხედე, უკვე ყველა ჩემ ახლოს იდგა. ახლოს მოდით-მეთქი, რომ ვუთხარი, ზოგი კისერზე ჩამომეკიდა, ზოგი მკლავზე. გავერთეთ, ვითამაშეთ... ის ბიჭუნა, პირველად რომ გაბედა მოსვლა, არ მშორდებოდა - ხან შარვალზე მეკონწიალებოდა, ხან ხელში აყვანას მთხოვდა, ხანაც კალთაში მეჯდა. ლოყებზე მომიჭერდა პატარა ხელისგულებს და თავს მიმატრიალებინებდა, თვალებში ჩამხედავდა ხანგრძლივად...

ღმერთო, აღარ ვიცოდი, სად წამეღო თვალები ამ დროს... უბრალოდ მიყურებდა, მაგრამ მეგონა, სულს მიწვავდა მზერით. ის თვალები არასოდეს დამავიწყდება...

კარამდე მომაცილეს ბავშვებმა და როგორც კი კიბის პირველ საფეხურზე დავდგი ფეხი, კარი მოაბრახუნეს. გავიგონე, ჟივილ-ხივილით რომ გაცვივდნენ სადღაც.

გული დამწყდა, ასე იოლად როგორ გამიმეტეს გამოსაშვებად-მეთქი. თურმე ფანჯრისკენ გარბოდნენ. შევხედე მეორე სართულის ფანჯრებს და გამეღიმა. ბეღურებივით აწყდებოდნენ შიგნიდან, ფრთხიალებდნენ და ხელს მიქნევდნენ...

არ გამიძლო გულმა და იმას მივაღწიე, რომ ნებართვა მივიღე, კვირაში ერთი დღე პატარებთან გამეტარებინა. როცა ეძინათ, ოთახებს ვალაგებდი, ჭურჭელს ვრეცხავდი, იატაკს ვწმენდდი. გაიღვიძებდნენ და დარში ეზოში ვთამაშობდით. მათი უმეტესობა ღობის რკინებს ჩაჭიდებული, ქუჩაში ცხვირგაყოფილი იდგა და გამვლელ-გამომვლელს აკვირდებოდა...

"დედაჩემი ასეთია", - იტყოდა ერთ-ერთი ლამაზი ქალის დანახვისას.

"დედაჩემიც, დედაჩემიც", - აჰყვებოდნენ დანარჩენები.

მე კი ის პატარა ბიჭი ისევ არ მშორდებოდა და ისევ თვალებით მიბურღავდა სულს.

5 წელი მაბედნიერებდნენ და მასევდიანებდნენ ეს ბავშვები. დროდადრო ახლები მოდიოდნენ, ვიღაცები გაშვილდნენ. იცვლებოდნენ ბავშვები, მხოლოდ ჩემი ბიჭუნა არ მიდიოდა არსად. უკვე 11 წლის იყო, ის ჩვევა კი შემორჩა, რომ ჩემს ლოყებს ხელისგულებში მოიქცევდა და მზერით მბურღავდა, ამით თითქოს მაიძულებდა, თავი არ ამერიდებინა მისი მზერისთვის...

შემდეგ ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში გადანაწილდნენ ბავშვები, ჩემი ბიჭუნა დასავლეთ საქართველოში მოხვდა...

ჯერ დავურეკე, შევპირდი, მალე გნახავ-მეთქი და სამი თვის მერე მივაკითხე იმ გადაწყვეტილებით, რომ თუ მისგან თანხმობას მივიღებდი, უნდა მეშვილა, რადგან ვერ ვუძლებდი მონატრებას.

გაშვილდაო... გული მომეწურა... იმ სკოლის დირექტორს წაუყვანია, რომელ სკოლაშიც დადიოდა. არ მიძებნია, ჩემი სურვილი ჩავიკალი, მას გავუფრთხილდი.

თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მეგონა, მე მადანაშაულებდა, რომ მივატოვე და იმიტომ დათანხმდა გაშვილებაზე. სხვა დედა აირჩია... და აი, ახლა ეს ბიჭი იდგა და მიღიმოდა...

რამდენიმე დღის მერე დიდხანს ვისხედით კაფეში. თავის ამბებს გულიდან იღებდა და პირდაპირ ჩემს ადუღებულ სისხლში უშვებდა. მზერას სული აღარ ჩაუწვავს, რადგან სევდა სადღაც დაკარგულიყო და ბედნიერი თვალები მიყურებდა...

პაციენტი, რომელსაც ექიმები თავს ევლებოდნენ, მისი დედობილი გახლდათ.

(გაგრძელება იქნება) მარი ჯაფარიძე