გარიყულას მომავლის ბიბლიოთეკა - იდეა, რომელიც ბავშვებმა თავად განახორციელეს - კვირის პალიტრა

გარიყულას მომავლის ბიბლიოთეკა - იდეა, რომელიც ბავშვებმა თავად განახორციელეს

კასპის რაიონში, სოფელ გარიყულაში, 2016 წელს სკოლის მოსწავლეებს არაჩვეულებრივი იდეა დაებადა, სოფელს არ ჰქონდათ ბიბლიოთეკა და არც ისეთი ადგილი არსებობდა, სადაც თავშეყრას მოახერხებდნენ. ჰოდა, ბევრი აღარ უფიქრიათ და ორსართულიან შენობაში, რომლის პირველი სართული უფუნქციო და ცარიელი იყო, როგორც თავად უწოდეს, მომავლის ბიბლიოთეკა გახსნეს და აგერ ორწელიწად-ნახევარია, რაც სოფელში მომავლის ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. "კვირის პალიტრა" ერთ-ერთ მათგანს, თინათინ ნავროზაშვილს ესაუბრა.

- რატომ დაარქვით მომავლის ბიბლიოთეკა?

- ეს სახელი სპონტანურად დავარქვით და შემდეგ გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა. ჩვენი მიზანი იყო, აქ ყველაფერი ბავშვების იდეებითა და გადაწყვეტილებით გაკეთებულიყო და ამ სივრცეს არ ჰყოლოდა კონკრეტული მმართველი, თუმცა ზედამხედველობას ჟურნალი "ინდიგო" გვიწევს და ხელს გვიწყობს ასევე სატყეოს სამსახური, შენობის მეორე სართულზე ისინი მუშაობენ. სოფლის მოსახლეობა ცდილობს, თვითონაც წვლილი შეიტანოს ბიბლიოთეკის განვითარებაში.

- რამდენი ბავშვი ხართ მმართველთა ჯგუფში და ვინ რა ფუნქციას ინაწილებთ? - მმართველი ჯგუფი არ გვყავს. ყველა გადაწყვეტილებას ერთობლივად ვიღებთ. ზოგჯერ ვგეგმავთ, ხან კი სპონტანურად ხდება ყველაფერი. მაგალითად, ყოველ პარასკევს შეკრების დღეა. ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს იდეებს და ვგეგმავთ, რა გავაკეთოთ მომავალში.

- სკოლის მოსწავლეები ხართ? - ყველა ასაკის ბავშვს შეუძლია შემოგვიერთდეს. უმეტესობა მაინც 13-დან 18 წლამდე ვართ. ბიჭებიც და გოგონებიც აქტიურად ვართ ჩართული ყველაფერში.

- რით გამოირჩევა თქვენი ბიბლიოთეკა? - ეს არის თავისუფალი სივრცე, ყველას შეუძლია მოვიდეს, აკეთოს ის, რაც მოსწონს, განიტვირთოს და თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში. ამ სივცრეში მოსვლის მიზანია განათლების მიღება, განტვირთვა, თავის დამკვიდრება, აუდიტორიასთან კონტაქტის სწავლა, აზრის თავისუფლად გამოთქმის ხელშეწყობა და ა.შ.

- პატარებს თქვენ უკითხავთ ხოლმე? - დიახ, უმეტესად ვათამაშებთ ან ვუკითხავთ საბავშვო და სახალისო ლიტერატურას. როგორც წესი, ერთი კითხულობს და სხვები უსმენენ.

- მომავალში თუ აპირებთ, სამკითხველო ლიტერატურულ კაფედ ან რაიმე დამატებითი ფუნქციის დაწესებულებად აქციოთ? - ზაფხულში ვაპირებთ, ეზოში კაფე გავხსნათ და სხვა ოთახებიც გამოვიყენოთ. თოჯინების თეატრიც გვინდა ავამოქმედოთ. მოკლედ, დიდი გეგმები გვაქვს და ისიც ვიცით, რომ განვახორციელებთ.

ნათია სიბაშვილი