მოდერნისტული თბილისობა ძველის ნოსტალგიით - კვირის პალიტრა

მოდერნისტული თბილისობა ძველის ნოსტალგიით

თბილისობა - 2010

რას აღარ ნახავ სიზმარში კაცი - ზედ თბილისობის წინაღამეს პირველი თბილისობა მესიზმრა. არც მეტი, არც ნაკლები, 1979 წლის 28 ოქტომბერი იდგა. სულ რაღაც 6 წლის ბავშვი მშობლებთან ერთად რიყეზე ვსეირნობდი. საოცარი სიზმარი იყო, ღიმილიანი ადამიანებით განათებული, დღეს რომ გვენატრება, ისეთი, მხიარული და ბედნიერი: შამფურზე მწვადი შიშხინებდა, კასრებიდან ღვინო მორაკრაკებდა, ყველგან სიმღერა ისმოდა.

თითქოს წარსული და აწმყო ხვდებოდა ერთმანეთს, გაცოცხლებულიყო ძველი თბილისი. ისტორიულ უბნებში ყარაჩოხელები, კინტოები და მეთულუხჩეები მიმოდიოდნენ. ძველებური სახლების აივნებიდან ულამაზეს ქართულ ფარდაგებსა და ხალიჩებთან ერთად გამოფენილიყვნენ  ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი თავადები და ქართულ კაბებში გამოკაზმული კნეინები. მტკვარზე ტივებით დაცურავდნენ მოქეიფენი და ტალღებად იშლებოდა ლექსისა და სადღეგრძელოს კორიანტელი.

დედაქალაქის ქუჩებში ლამაზი შემოდგომის დოვლათი იყიდებოდა, ფეშქაშიც ბევრი იყო. რა დამავიწყებს კახური ჩურჩხელების გემოს და ოხშივარადენილ მთიულურ ხინკალს. მოკლედ, ასე შემოდგომის დღესასწაულში ჩასიზმრებულს გამომეღვიძა და მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლები საწვიმრად იქუფრებოდა, გადავწყვიტე, ძილში ნანახი ამეცხადებინა.

ახლა რიყეზე სამი ხიდიდან შეგიძლია მოხვედრა, მაგრამ ეს ის რიყე აღარ არის. მინამომრავლებულმა მოდერნისტულმა სტილმა თითქოს ძველი მხიარულებაც გარდაქმნა. თვალში საცემი იყო მთავრობის წევრების სიმრავლე. თუ სხვა დღეებში სანთლით არიან საძებარი, ახლა ძველი თბილისის უბნებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე წააწყდებოდით. ისე, სანახაობრივად ბევრი არაფერი შეცვლილა. დღესასწაული ძველებურად განახლებული ძველი უბნებიდან დაიწყო. ისევ ყარაჩოხელები, ისევ ხალიჩები და ფარდაგები, მწვადი და ხაშლამა, ღვინო და სადღეგრძელო, თუმცა ძველებური ხალხმრავლობა აღარ იყო.

ვარდების რევოლუციის მოედანზე საწნახელთან დიდი ფაციფუცი იყო, ყურძნის დაწურვის მოსურნე ხელისუფლების წევრები უცხოელ სტუმრებთან ერთად რეზინის ჩექმებს იზომებდნენ და მერე საწნახელში დგებოდნენ. ყურძნის დაწურვას მსოფლიოს 46 ქალაქის  მერი და ვიცე-მერი ადევნებდნენ თვალს.  ბევრმა მათგანმა თვითონაც  მოისურვა ამ პროცესში მონაწილეობა.

KvirisPalitra.Geსანამ დედაქალაქის მთავრობა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან ერთად  საღვინე მასალას "მგლის მუხლით" ამუშავებდა, იქვე თბილისის მერიის ბიგ-ბენდი უკრავდა და ქართველი მომღერლები მღეროდნენ. კონცერტი მაია ბარათაშვილმა გახსნა რევაზ ლაღიძის ცნობილი "თბილისოთი", თუმცა  უზარმაზარ საწნახელთან უფასო ყურძნის წვენის მომლოდინეთ აშკარად არ იზიდავდათ მუსიკა. დიდ რიგში იყო გნიასი, გამიშვი-არ გაგიშვებ, ყველას სურდა, შინ ყურძნის წვენი წაეღო. რას ჩხუბობთ, დამშვიდდით, იზეიმეთო, ეხვეწებოდა პოლიციელი რიგში მდგომთ, იქიდან კი მხოლოდ ერთი ისმოდა, რა მეთბილისება, წვენი მოიტათო.

არადა, სასეირო და სანახავი ბევრი რამ იყო. ქართული ხელსაქმის ოსტატებს გამოეფინათ თექა, სვანური ქუდები, ტრადიციულად ნაქსოვი ფარდაგი, ჯეჯიმი, ჩითები, პაჭიჭები,  ხევსურული ჯვრული ნაქარგები. მოგვიანებით, ევროინტეგრაციის მინისტრ გიორგი ბარამიძესა და ყოფილ ვიცე-მერ მამუკა ახვლედიანს მოვკარი თვალი ტივზე, უცხოელებთან ერთად ქეიფობდნენ. ფიალებით სვამდნენ ღვინოს და სადღეგრძელოებად ილექსებოდნენ. აშკარად ქართული ქეიფის მასტერკლასს უტარებდნენ სტუმრებს.

თბილისობის ერთ-ერთი საინტერესო მოვლენა მეიდანზე ჯგუფ "შინის" ალბომის "ეს არი" პრეზენტაცია-კონცერტი იყო.

ისე, იმ დღეს თბილისის ქუჩებში ბაზრობებზე დიდხანს ვეძებე ისეთი კახური ჩურჩხელა, სიზმარშიც რომ მახსოვდა მისი გემო, მაგრამ ვერ ვნახე. ერთმა გადამყიდველმა მომაძახა, კახური ჩურჩხელა კახეთში მოიძიეო.

KvirisPalitra.Geროგორც ჩანს, ქუჩებში ხალხის ნაკლებობა მთავრობის წევრებსაც არ გამოეპარათ და  საზეიმო განწყობის უფერულობა ცუდ ამინდს დააბრალეს. თუმც, კმაყოფილი ჩანდნენ, რომ სტუმრები აღფრთოვანებული იყვნენ და გაიძახოდნენ, მომავალ თბილისობაზეც გესტუმრებითო.

კვირადღეც საზეიმო ღონისძიებებით იყო დახუნძლული, მაგრამ ხალხმრავლობა არც ამ დღეს იყო. არც რაიონებიდან ჩამოსულიყვნენ ძველებურად მრავლად. ერთმა გლეხმა სინანულით მითხრა, ვერ წამავიდნენ ჩვენები, გზას ხარჯი უნდა, აქ კი ბევრი არაფრის გაყიდვის იმედი ჰქონდათ და ისევ  შინ ყოფნა არჩიესო. დასანანია, თუ ქართველებისთვის დედაქალაქობა მხოლოდ დიდ ბაზრობასთან გაიგივდა. თუმც, რომ იზეიმო, უნდა გეზეიმებოდეს, უნდა გიხაროდეს ქუჩაში გასვლა და ნაცნობ-უცნობის ნახვა.

შინისკენ მომავალი ხან სიზმარში ჩარჩენილ წარსულს ვიხსენებდი და ხანაც აწმყოს, რომელმაც სიამოვნებასთან ერთად სევდაც მომგვარა თბილისობაზე ერთმანეთთან გაუცხოებული თბილისელების გამო. დასანანია, როდესაც მტკვარზე, როგორც პრეზიდენტი ამბობს, წარსულისა და აწმყოს დასაკავშირებლად უზარმაზარი ხიდი შენდება, ხალხსა და მოქეიფე ხელისუფლებას შორის კი უფსკრული თუ მანძილი დღითი დღე იზრდება.