ნინი ქარსელაძე: "პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ. საკმარისად გავილანძღე საპრეზიდენტო არჩევნების დროს" - კვირის პალიტრა

ნინი ქარსელაძე: "პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ. საკმარისად გავილანძღე საპრეზიდენტო არჩევნების დროს"

"არანაირი შემოთავაზება არ მქონია და არც რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის სურვილი გამაჩნდა"

ყველას ახსოვს პატარა გოგონა, ნინი ქარსელაძე, რომელიც "ქუჩის ბიჭებთან" ერთად ტკბილ ფიქრებზე მღეროდა, გავიდა დრო და გოგონა პოლიტიკოსების გარემოცვაში აღმოჩნდა, მაგრამ სამღერად კი არა, თავისი შეხედულებების თამამად გამოსათქმელად. ნინი ქარსელაძე "კვირის პალიტრის" მკითხველს თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ესაუბრება.

- სამწუხაროდ, "ნაციონალების" მმართველობის დროს ძალიან ცუდი წლები გავიარე - ორჯერ დაიჭირეს ბიძაჩემი, უნდოდათ მერაბ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციიდან წასულიყო, ორჯერ შეუთვალეს, გადადექიო. არ გადადგა და... მაშინ პატარა ვიყავი და პროტესტს ხმამაღლა ვერ გამოვხატავდი, მაგრამ ჩემი ოჯახი იყო წინა ხაზზე... ამის შემდეგ სხვა ქვეყანაში გამიშვეს სასწავლებლად. 2012 წელს ხმა მივეცი "ქართულ ოცნებას". ბოლო სამი წელია, თბილისში უფრო ხშირად ვარ, ვიდრე საზღვარგარეთ. იმ ადამიანების მობრუნებით, რომლებიც ყველაფერ ნეგატიურთან ასოცირდებიან, მე დავინახე საფრთხე და საშიშროება და ამიტომაც სახალხოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი. ყველას პატარა ვგონივარ, არადა, 29 წლის ვხდები, მაგრამ ხალხს პატარა მომღერალი ნინი ახსოვს...

- თქვენ საზოგადოებამ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა შორისაც გიხილათ...

- ბედნიერი ვარ, თუ მცირე წვლილი მაინც გვაქვს შეტანილი მე, ჩემს ოჯახსა და კოლეგებს იმაში, რომ ის ძალა არ დაბრუნდა და ქალბატონი სალომე დღეს საქართველოს პრეზიდენტია.

ნინი ქარსელაძე ლადო კახაძესთან ერთად

- საზოგადოება ამჟამად ლადო კახაძის გარემოცვაში გხედავთ...

- გარდა იმისა, რომ ბატონი ლადო იმ პარტიას წარმოადგენს, რომლის მხარდამჭერიც ვარ, ჩვენი ოჯახებიც მეგობრობენ. ის საუკეთესო ექიმია და იმედია, ჩემი უბნის მაჟორიტარიც იქნება. როგორც კი გავიგე, რომ მთაწმინდის მაჟორიტარად წარადგინეს, არც ერთი წამით არ დავფიქრებულვარ, ისე დავუჭირე მხარი და მის გვერდით დავდექი.

- თავად თუ გიფიქრიათ პოლიტიკაში მოსვლაზე?

- არასოდეს. მე ვიყავი ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი, მაგრამ "ნაციონალებმა" მაიძულეს, პოლიტიკურად აქტიური გავმხდარიყავი. წლების განმავლობაში ჩემი საყვარელი ადამიანებისგან ზემოდან მიღებული დირექტივების გამო წითელი ხაზი მქონდა გადასმული და ვერც ერთ კონცერტში ვერ ვმღეროდი, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი იყო ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი. ბევრჯერ დამწყვეტია გული და ამიტომაც მომიხდა ჩემი შეხედულებების დაფიქსირება, თუმცა პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ. საკმარისად გავილანძღე საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გული მწყდება და განვიცდი, მაგრამ რას ვიზამთ, ენას ძვალი არა აქვს. სამწუხაროდ, ადამიანებს ყველაფრის თქმის უფლება და საშუალება მისცა სოცქსელმა, ამისგან ვერავინ დავიცავთ თავს. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ჩემი შეყვარებულის ოჯახმა ერთხელ მითხრა, ჩვენ არ გვინდა ასეთი მამის შვილიო"

იხილეთ ფოტოგალერეა