არჩევანი თქვენ! - კვირის პალიტრა

არჩევანი თქვენ!

მილიონჯერ მაინც გამიგია, ალბათ, "ბიძია თომას ქოხი" ვისაც წაკითხული არ აქვს, განათლებაზე რა პრეტენზია უნდა ჰქონდესო.

მე გაუნათლებელი გამოვდივარ.

დიახ, ცხრამეტი წლის ასაკში ჯერ კიდევ არ მაქვს წაკითხული "ბიძია თომას ქოხი" და კიდევ, ღმერთმა იცის, რამდენი ისეთი ნაწარმოები, რომ იტყვიან, წაუკითხაობა სირცხვილიაო. ასეთი წიგნი კი ბევრია, მეტიც, ბევრზე ბევრი.

თუმცა, ისიც საკითხავია, ვინ ადგენს რომელიმე წიგნის წაკითხვა-წაუკითხაობის აუცილებლობას, ან, საერთოდ, შეიძლება თუ არა ნაწარმოებების ასე თამამად გადახარისხება? რამდენადაა "სირცხვილი" რომელიმე წიგნის წაკითხვა ან არწაკითხვა?

სათავგადასავლო და დეტექტიური ლიტერატურის კითხვა დროის ფუჭი ხარჯვააო, ამბობენ; თუმცა, მომიძებნეთ ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ბავშვობაში ჟიულ ვერნის, მაინ რიდისა და ართურ კონან დოილის შემოქმედება თავიდან ბოლომდე არ აქვს გადაკითხული. ან ვინ არ გახვეულა შიშის მომგვრელ, მაგრამ მაინც მხიარულ ფათერაკებში ათოსთან, პორთოსთან, არამისთან და დ,არტანიანთან ერთად?! ერთი ბავშვი მაინც მომიძებნეთ, რომლის პირველი წიგნი "დორიან გრეის პორტრეტი" ან "ჰამლეტი" იყო და მაშინვე დავეთანხმები იმ აზრს, რომ გონებას მხოლოდ კლასიკური ლიტერატურა ავითარებს.

თუმცა, იმასაც ამბობენ, ყველაფერს, მათ შორის წიგნის კითხვას თავისი დრო და წესები აქვსო. მაგრამ საკითხავია, როგორ განვსაზღვროთ რა, როგორ და როდის წავიკითხოთ? მით უმეტეს, დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც ცხოვრების ტემპი ასეთი სწრაფი და დაძაბულია და თავისუფალი დრო თითქმის აღარ არსებობს...

ნუთუ მართალია, რომ ამბობენ, მალე წიგნს ციფრული ტექნოლოგიები ჩაანაცვლებს და "ქაღალდის გამოუსადეგარი შეკვრა" აღარავის დასჭირდებაო? ან ის, ძველი თაობა რომ დღედაღამ წუწუნებს, ახალგაზრდებს კითხვა საერთოდ აღარ უნდათ, ინტერნეტმა შეიწირა მათი გონებაო? თუ ეს მართლა ასეა, რატომ შეხვდა ჩემი თაობა ასე აღტაცებით "კვირის პალიტრის" პროექტს   - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ"? იმიტომ, რომ აქ წიგნების სია მხოლოდ და მხოლოდ მკითხველის არჩევანზეა დამოკიდებული?

ან იქნებ იმიტომ, რომ თითოეული წიგნის მაქსიმალური ფასი შვიდი ლარი იქნება - ყველასთვის ხელმისაწვდომი? ან უბრალოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდობას სულაც არ აუღია ხელი კითხვაზე და მოუთმენლად ელის ბალზაკის "შაგრენის ტყავის" გამოსვლას (რომელიც უკვე შედგენილ ოცეულში პირველ ადგილზეა). "ზედმეტად კარგი პროექტიაო" - ზუსტად ასე მითხრა ერთ-ერთმა თანაკურსელმა და, სიმართლე გითხრათ, არ იყო ერთადერთი, ვინც ასეთი აზრი გამოთქვა.

ეს პროექტი უკვე არაერთხელ განხორციელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იგი საინტერესოა არა მარტო იმით, რომ სია ნებისმიერი ადამიანის აზრის გათვალისწინებით დგება, არამედ იმითაც, რომ საზოგადოების წიგნიერების ერთგვარი სარკეა.

Fაცებოოკ-ზე, ასე ახლო მეგობარი რომ გახდა თითოეული ჩვენგანისათვის, "50 წიგნის" გვერდზე უამრავი აზრი გამოითქვა. ზოგი ფიქრობს, ჩამონათვალში ისეთი წიგნები უნდა შევიდეს, რომელიც ქართულად ჯერ არ თარგმნილა ან დაბალი ტირაჟით გამოიცაო. ბევრი პირველ ოცეულზე უკმაყოფილებასაც გამოთქვამს, იქ შესული წიგნები უკვე არის ჩემს ბიბლიოთეკაშიო. ზოგს ის უკვირს, თუ რატომ მოხვდა კონან დოილის "შერლოკ ჰოლმსი" და მარკ ტვენის "ტომ სოიერი" ორმოცდაათეულში–- ეს წიგნები ხომ კარგა ხნის წინ გვაქვს "გადაღეჭილიო". ზოგიერთი კი საერთოდ პირველ ოცეულს იწუნებს:

"მთელი ცხოვრების განმავლობაში ამაზე ბევრად სერიოზული წიგნების წაკითხვა შეიძლებაო". ზოგიერთს, საერთოდ, ტოლსტოი და დოსტოევსკი ერთმანეთში ერევა; ამის საპასუხოდ კი მავანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ "ნამდვილი მკითხველის პრობლემა, სამწუხაროდ, მწვავედ დგას დღევანდელ საქართველოში".

მომხმარებელთა უმეტესობა კი Facebook-ის "ტრიბუნას" იმისთვის იყენებს, რომ საკუთარი გემოვნებით შერჩეული წიგნები შემოგვთავაზოს და სიის დარჩენილი ოცდაათი ადგილი შეავსოს. ჩამონათვალიც უფრო და უფრო იზრდება: ჰემინგუეი, ორუელი, კაფკა, ეკო, ოშო, ნიცშე, ლერმონტოვი, დოსტოევსკი, დრაიზერი, დიუმა, ჰიუგო, მარკ ტვენი, კონან დოილი, ერთმანეთს ენაცვლება.

შესაბამისად, გზა "პეპი გრძელი წინდადან" "ანა ფრანკის დღიურამდე" უფრო და უფრო ივსება და იხვეწება. სიებს სიები ემატება: ზოგი უკვე წაკითხული, კარგად ნაცნობი, საყვარელი ნაწარმოებების გახსენებას გვთავაზობს, ზოგს სრულიად უცნობი, ახალ-ახალი წიგნები შემოაქვს; საბოლოო ნუსხა კი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ისევ და ისევ, რაღა თქმა უნდა, ელოდება მკითხველის არჩევანს, რათა ბიბლიოთეკა მისივე გემოვნების მიხედვით განაახლოს.

www.kvirispalitra.ge

შეიხედეთ "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე და გახსენით ფანჯარა - "კარცერი ლუქსი".

შეავსეთ კითხვარი და დაგვისახელეთ წიგნი, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა

გიორგი გოგუა