"ბოლოს და ბოლოს, პოლ მაკარტნი დადის ლონდონში მეტროთი და ჩვენ რა გვჭირს?" - მგზავრობენ თუ არა ცნობილი ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტით? - კვირის პალიტრა

"ბოლოს და ბოლოს, პოლ მაკარტნი დადის ლონდონში მეტროთი და ჩვენ რა გვჭირს?" - მგზავრობენ თუ არა ცნობილი ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტით?

არქივი, 2019 წელი

ხალხით გაჭედილი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, გაუვალი საცობები და შავი "ჯიპებით" ჩახერგილი ქუჩები - ამ ყველაფერზე ჩვენ ბევრჯერ დაგვიწერია. ტრანსპორტის მოძრაობა თბილისში კრიტიკას რომ ვერ უძლებს, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ როგორ აფასებენ ამ მდგომარეობას ცნობილი პიროვნებები, მგზავრობენ თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით?

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ნიკა არაბიძე, იუმორისტი:

"ამჟამად საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ დავდივარ, თუმცა ჩემი სტუდენტობა 1990-იან წლებს დაემთხვა და იცით, როგორი ტროლეიბუსით მიმგზავრია? - ხალხით რომ არის სავსე, შენ კი კართან ხარ გაჭედილი და ვერ ხვდები, გარეთ ხარ თუ შიგნით. სტუდენტობაში ტროლეიბუსი ჩემთვის ნომერ პირველი ტრანსპორტი იყო. სამწუხაროდ, ამ სფეროში სიტუაცია დღესაც საკმაოდ რთულია... ჩვენზე ათჯერ უფრო დიდ და მდიდარ ქალაქებში ვერ ნახავთ ამდენ უზარმაზარ მანქანას, რომელსაც ლამის ქუჩის ნახევარი უკავია. ადამიანები მანქანებს სახლში ტოვებენ..."

კოტე ყუბანეიშვილი, პოეტი:

"მე უკვე პენსიონერი ვარ და ძირითადად ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ. ეს ახალი ავტობუსები ძალიან მომწონს და თუ მათი რიცხვი გაიზრდება, სიტუაცია გაუმჯობესდება... ჩემი აზრით, ქალაქის ცენტრში მანქანით მოძრაობა უნდა აიკრძალოს..."

ნუგზარ ერგემლიძე, მუსიკოსი:

"ბოლოს და ბოლოს, პოლ მაკარტნი დადის ლონდონში მეტროთი და ჩვენ რა გვჭირს? მასზე უფრო ცნობილი და წარმატებული ვინ არის? მაკარტნიზე ბევრი ფული, თანაც კანონიერი გზით მოპოვებული, ინგლისში მხოლოდ დედოფალს აქვს. მე მგონი, ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს..."

ლიზა ვადაჭკორია, ჟურნალისტი:

"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ახლა დავიწყე, მუდმივმა საცობებმა და პარკირების პრობლემამ იმდენად შემაწუხა, რომ ისევ ამ ტრანსპორტს დავუბრუნდი. თუმცა, აქაც არ არის ყველაფერი რიგზე. მაგალითად: ჩემთან, ნუცუბიძის პლატოზე მარტო ერთი, პატარა, ავტობუსი დადის, რომელიც ბოლომდე ვერც აღწევს და შუა გზაში ჩერდება, ისიც, 40 წუთში ერთხელ მოდის..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 2019 წლის 6 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე