"მხედრიონელებმა" ქონების გამო აფხაზი მამიდაშვილი მომიკლეს" - კვირის პალიტრა

"მხედრიონელებმა" ქონების გამო აფხაზი მამიდაშვილი მომიკლეს"

ელისო ხარჩილავამ უმძიმესი ცხოვრების გზა გამოიარა სოხუმიდან თბილისამდე. მან ამქვეყნიურ გოლგოთას დაუპირისპირა შრომა, მოთმენა, სწავლა და დღეს ის "დაკარგული თაობის" იმ იშვიათ ნაწილს ეკუთვნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზება რომ შეძლო.გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"აფხაზეთში ჩვენი გვარის ნაწილი ქართველად, ნაწილი კი აფხაზად ეწერა პასპორტებში. მამას კარიერის გასაკეთებლად შესთავაზეს ეროვნების შეცვლა, რაც კატეგორიულად იუარა. უამრავი მეგობარი ჰყავდა არა მარტო აფხაზეთში, რაც მერე გამოგვადგა, დევნილობისას... მაშინდელ აფხაზეთში შიმშილი, როგორც სიტყვის მნიშვნელობა, არავის ესმოდა... ვერც წარმოვიდგენდით, საჭმელი მოგვენდომებინა და არ გვქონოდა!.."

"ერთი მამიდა აფხაზზე იყო გათხოვილი. ბიძაჩემი ჯუმკა გვინჯია დედითა და მამით აფხაზი გახლდათ და სოფელ კინდღში ცხოვრობდა. ქართულად არ ლაპარაკობდა, მაგრამ მისი შვილები ყოველთვის ქართულად გველაპარაკებოდნენ... ჩემი მამიდაშვილები კონფლიქტის დროს ნეიტრალიტეტს იჭერდნენ გასაგები მიზეზების გამო. მათთვის ქართველიც და აფხაზიც თანაბრად პატივსაცემი ეროვნება იყო. მერე "მხედრიონელებმა" ქონების გამო ერთი მამიდაშვილი მომიკლეს, მეორე - "მინაზე" აფეთქდა, მესამე - მამიდაშვილისა არაფერი ვიცი, ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ..."

"ჩვენს ახლოს ცხოვრობდა ფაცურაშვილების ოჯახი. ფაცურაშვილს ვარდების სათბური ჰქონდა. საოცრად უყვარდა ქართველები და ამას ვერ პატიობდა გუდაუთელი ცოლი, ეთნიკურად აფხაზი. ეს ქალი იყო სეპარატისტი... ქმარს გაეყარა ეროვნების გამო და შვილებიც თან წაიყოლა. მერე ფაცურაშვილი ერთ-ერთი შეტაკების დროს მოკლეს... დედამისმა სათბურიდან ვარდების ნერგები გამოიტანა და სამეზობლოში ჩამოარიგა, ჩემი შვილის სახელზე გქონდეთო..."

"საკენიდან 5 მთა თუ უღელტეხილი უნდა გადაგვევლო... ხუთი გოლგოთა გავიარე მაშინ. ისე მაღლა მივდიოდით მშივრები, თითქოს ღმერთთან ვიყავით ახლოს. წარმოიდგინეთ, რომ არა უფლის ნება, 12 დღე ულუკმაპუროდ როგორ უნდა იარო? მხოლოდ უშაქრო ჩაის ვსვამდით და მივდიოდით ჯიუტად ბილიკზე! მახსოვს, სახეღიმილიანი გაყინული ადამიანების ცხედრები გზადაგზა! მახსოვს ერთმანეთზე ჩახუტებული ორი მოხუცი, ღიმილით რომ გაებიჯათ სააქაოდან იქ, სადაც მხოლოდ სიმშვიდეა! როცა დაღლილი იძინებენ ადამიანები, მოდის სიმშვიდე და ბედნიერი ღიმილი, რომელიც მიაცილებს მუდმივ განსასვენებელშიო, - ვიღაცამ ასე თქვა. მე იქ სხვასახიანი გარდაცვლილი არ მინახავს..."

"ჭუბერის გზამდე ხუთი გოლგოთის გავლის მერე დაიწყო ჯოჯოხეთი! ხაიშამდე კიდევ ერთხელ გაგვჩხრიკეს და თუ რამე იპოვეს, ყველაფერი წაიღეს... სრულიად უქონლები მივდიოდით ჩვენსავე სამშობლოში და გზა ისევ იყო არსაით! ხაიშთან მესამეჯერ დაგვიპირეს გაჩხრეკა. მძღოლმა გაუჩერებლად გადასძახა "მასკიანებს", უკვე ორჯერ გაგვჩხრიკეს, რაღა გინდათო... ვიღაცამ გაისროლა ავტომატიდან..."

"ჯვრამდე სისხლიანი ტვინის ნაფლეთებით მოსვრილები ველოდებოდით, როდის გაჩერდებოდა მანქანა, რომ გვენახა, ვინ შეიწირა "რიკოშეტმა". მოკლული გვარად ბოკუჩავა აღმოჩნდა, ნაომარი ბიჭი, რომელმაც ჩემთან ერთად გადმოიარა ჭუბერის გზა. ჭუბერიდან წამოსვლისას მოხუცი დედა კაბინაში ჩასვა და რა იცოდა, თუ ასე მოხდებოდა!.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 6 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

როლანდ ხოჯანაშვილი